საქართველო

ვახტანგ ცინცაძე: გეოპოლიტიკური შოკების ფონზე, საქართველოში ინვესტიციების მაჩვენებელი იზრდება

admin 4 საათის წინ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის პოზიტიური ტენდენციები ქვეყანაში არსებულ ჯანსაღ საინვესტიციო და ბიზნესგარემოზე მეტყველებს.

ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 47.7%-ით გაიზარდა და მოცულობამ 271 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

„აღსანიშნავია, რომ გეოპოლიტიკური შოკების ფონზე, საქართველოში ინვესტიციების მაჩვენებელი იზრდება, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ქვეყანაში არსებულ მიმზიდველ და უსაფრთხო საინვესტიციო გარემოზე, რაც ინვესტორებს არწმუნებს, რომ საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები. აქვე ხაზს გავუსვამ, რომ განსაკუთრებით მაღალი ზრდა ფიქსირდება სააქციო კაპიტალის კომპონენტში“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც იანვარ-მარტის პერიოდში საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა – მათ შორის ლიდერობს გაერთიანებული სამეფო, შემდეგ მოდის აშშ, ნიდერლანდები, აზერბაიჯანი და სხვა ქვეყნები. აღსანიშნავია, რომ I კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე უძრავი ქონების, ინფორმაციის და კომუნიკაციის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სექტორებში.

ვახტანგ ცინცაძის პროგნოზით, არსებული ზრდის ტენდენცია იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მომავალ თვეებსა და წლებშიც გაიზრდება.

„ეს, ერთი მხრივ, ქვეყანაში ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, მეორე მხრივ კი ხდება ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პოზიტიურად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე და შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ წელს ეკონომიკური ზრდა იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ამას სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.