საქართველო

ლაშა ხუციშვილი: მსოფლიო ბანკი რჩება საქართველოს აქტიურ პარტნიორად და განაგრძობს ინვესტირებას, როგორც მიმდინარე, ისე სამომავლოდ შეთანხმებულ პროექტებში

admin 7 საათის წინ

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გამართული შეხვედრები შეაჯამა.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეხვედრების დროს, საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და სამომავლო პროგნოზებს. ასევე, ფონდის მიერ ცალსახად აღინიშნა, რომ საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა არის მდგრადი და მოლოდინია, რომ შემდგომ წლებში ის ასევე, მაღალ დონეზე შენარჩუნდება.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე და სამომავლო პროექტები.

„მსოფლიო ბანკი რჩება საქართველოს აქტიურ პარტნიორად და განაგრძობს ინვესტირებას, როგორც მიმდინარე, ისე სამომავლოდ შეთანხმებულ პროექტებში“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მან ისაუბრა, ასევე, საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან გამართული შეხვედრების თაობაზე.

მისი თქმით, ქართული დელეგაცია შეხვდა საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლებს, როგორც აშშ-ის მიმართულებით – Bank Of America-ს ორგანიზებით, ასევე, იაპონიის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ჩინურ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან (ICBC; Nomura).

„ყველა მიმართულებით საქართველო აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას. ინვესტორების მხრიდან ცალსახად აღინიშნა ის დადებითი ტენდენცია, რაც საქართველოს ეკონომიკაშია და მათი კლიენტების ძალიან მნიშვნელოვანი დაინტერესება საქართველოს ბაზრით, საქართველოში ინვესტიციების განხორცილებით“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო აქტიურად განაგრძობს მუშაობას საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიებთან, იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს იმ პოტენციალის ათვისება, რაც მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებზე არსებობს.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს აღინიშნა ის დადებითი ტენდენცია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ხორციელდება.

მინისტრის თქმით, ხაზი გაესვა სწორ ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ახორციელებს.

„როგორც აღინიშნა, არსებობს მოლოდინი, რომ საერთაშორისო რეიტინგების პერსპექტივის მიმართულებით, გაუმჯობესება ასახული იქნება ჩვენი ქვეყნის რეიტინგებში“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შესახებაც, სადაც განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, კერძოდ, კაპიტალის ბაზარზე საქართველოს შემდგომი აქტიურობის საკითხი.

ლაშა ხუციშვილის თქმით, ცალსახად აღინიშნა ის დადებითი ტენდენცია, რაც საქართველოს აქვს ბოლო პერიოდში და ასევე, სამომავლო გეგმები.

„საქართველო ვალის მართვის სტრატეგიის შესაბამისად, აპირებს უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი, მათ შორის, აზიის ბაზრებზე, ჩინეთის ბაზრებზე. მიმდინარე წელს, ძალიან წარმატებული ევროობლიგაციებისა და ადგილობრივ ბაზარზე გამოშვებული ფასიანი ქაღალდების შემდგომ, მომდევნო პერიოდში ვფიქრობ, გვექნება ასევე წარმატებული გამოშვება აზიის ბაზრებზეც“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.