საქართველო

ევროკავშირის წარმომადგენლობა: ევროკავშირი აღარ აფინანსებს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა აგრძელებს მოსახლეობის მხარდაჭერას, 2026 წელს 38 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებას გამოყოფს

admin 5 საათის წინ

ევროკავშირი 2026 წელს ახალი პროექტების განსახორციელებლად 38 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებას გამოყოფს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო ევროკავშირი აღარ აფინანსებს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა განაგრძობს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას.

„ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობას, 30 წელზე მეტია, უჭერს მხარს. 1992 წლიდან ევროკავშირმა საქართველოში წინსვლის ხელშეწყობისთვის ორ მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობის განვითარება, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში მხარდაჭერა, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და, სხვა მრავალ მიმართულებასთან ერთად, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაციის ხელშეწყობა.

საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო ევროკავშირი აღარ აფინანსებს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა განვაგრძობთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას. ამ ძალისხმევის მიმართ ჩვენს ერთგულებას კვლავ ვადასტურებთ. 2026 წელს ევროკავშირი ახალი პროექტების განსახორციელებლად 38 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებას გამოყოფს, რითიც განაგრძობს რეალური დადებითი ცვლილებების განხორციელებას ოჯახებისა და თემებისთვის მთელ საქართველოში.

პროექტების მიმართულებებია: პატარა ქალაქებსა და დაბებში ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა; ცვალებადი შრომის ბაზრის შესაბამისი უნარების განვითარება; სოციალურ-ეკონომიკური განვითარება სოფლებსა და რეგიონებში, ამ პროცესებში ქალების ჩართულობით; ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესება და სურსათის ხარისხის ამაღლება; ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა; უსაფრთხო და ორგანიზებული მიგრაციის ხელშეწყობა; კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და სტიქიური უბედურებებისთვის მზადყოფნა; აფხაზეთში მცხოვრები თემების მხარდაჭერის გაგრძელება“, – ნათქვამია განცხადებაში.