თეთრი სახლის კორესპონდენტების სადილზე სროლაში ბრალდებული კალიფორნიაში მასწავლებლად მუშაობდა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სროლის შემდეგ თეთრი სახლის კორესპონდენტების სადილიდან სასწრაფოდ გაიყვანეს.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საიდუმლო სამსახურის „მამაცმა წევრებმა“ რამდენიმე იარაღით შეიარაღებული პირი იატაკზე დააგდეს.
ტრამპის თქმით, საიდუმლო სამსახურის ერთ-ერთ ოფიცერს ძალიან ახლო მანძილიდან ესროლეს, თუმცა ის ტყვიაგაუმტარმა ჟილეტმა გადაარჩინა.
Fox News წერს, რომ სროლა სასტუმროს მთავარ შესასვლელთან, უსაფრთხოების შემოწმების ზონასთან მოხდა. Fox News-ის ცნობით, ეჭვმიტანილი დარბაზში იარაღით შეჭრას ცდილობდა, თუმცა დაცვის სამსახურმა შეაჩერა.
პრეზიდენტმა გააზიარა სროლაში სავარაუდო ეჭვმიტანილის ფოტო და კადრები, სადაც სროლის დასაწყისი ჩანს.
„ყველამ მაგიდის ქვეშ ვიძრომიალეთ, რაც მომეჩვენა, რომ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა“, – წერს ვახშამზე მყოფი BBC-ის ჟურნალისტი.
ამერიკული მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია, 31 წლის კოულ ტომას ალენი, კალიფორნიის შტატის ქალაქ ტორენსიდან.
როგორც CNN იტყობინება, საჯარო ჩანაწერების თანახმად, შაბათ საღამოს თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის სადილზე ცეცხლის გახსნაში ეჭვმიტანილი მამაკაცი სამხრეთ კალიფორნიაში მასწავლებლად და ვიდეო თამაშების შემქმნელად მუშაობდა.
LinkedIn-ის პროფილში, რომელიც მის სახელსა და ფოტოს ემთხვევა, ის აღწერილია, როგორც ნახევარ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელი „C2 Education“-ში, რომელიც ტესტებისთვის მოსამზადებელი და რეპეტიტორული კომპანიაა. კომპანიის სოციალური მედიის პოსტების თანახმად, C2-მა ალენი 2024 წლის დეკემბერში კომპანიის „თვის საუკეთესო მასწავლებლად“ დაასახელა. შაბათ საღამოს, გვიან C2-ის ტელეფონის ნომერზე არავინ უპასუხა.
მისი LinkedIn-ის პროფილის თანახმად, ალენმა 2017 წელს დაამთავრა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი მექანიკური ინჟინერიის ბაკალავრის ხარისხით, ხოლო გასულ წელს მიიღო კომპიუტერული მეცნიერებების მაგისტრის ხარისხი კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში – დომინგეს ჰილზში.
ფედერალური საარჩევნო კომისიის ჩანაწერების თანახმად, ალენმა 2024 წლის ოქტომბერში კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კამპანიას 25 დოლარი შესწირა.
მას ბრალდებას სასამართლოში ოფიციალურად ორშაბათს წაუყენებენ.