საქართველო

განათლების სამინისტრომ, „მასწავლებლების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებისა და მათი მხარდაჭერის მიზნით“, ახალი გადაწყვეტილება მიიღო

admin 11 წუთის წინ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განაგრძობს მუშაობას მასწავლებელთა პროფესიული მხარდაჭერისა და შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მასწავლებელთა საგნობრივ გამოცდებზე რეგისტრაცია, რომელშიც აქტიურად არიან ჩართული მოქმედი მასწავლებლები. აღნიშნული პროცესი ხარისხიანი განათლების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

მასწავლებლების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებისა და მათი მხარდაჭერის მიზნით, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება:

2026-2027 სასწავლო წლიდან იმ მასწავლებლებს, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვთ VII-XII კლასების ქართულ ენასა და ლიტერატურაში და/ან მათემატიკაში, უფლება ექნებათ აღნიშნული საგნები ასწავლონ V-VI კლასებში და მიეცემათ დადასტურებული კომპეტენციის შესაბამისი ანაზღაურება.

ვინაიდან სისტემაში არსებობს I-VI კლასების  ქართული ენისა და ლიტერატურისა და მათემატიკის საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების გამოცდა, V-VI კლასებში აღნიშნული საგნების საათები თავდაპირველად გადაუნაწილდებათ იმ მასწავლებლებს, რომლებსაც I-VI კლასებში აქვთ სწავლების უფლება.

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საგნები ჩვენი საქართველო (V-VI კლასები) და მე და საზოგადოება (III-IV კლასები) მიეკუთვნება საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფს და შესაბამისად, 2026-2027 სასწავლო წლიდან, დადასტურებული კომპეტენციის შესაბამისი ანაზღაურებით, აღნიშნული საგნების სწავლების შესაძლებლობა ექნებათ იმ მასწავლებლებს, რომლებსაც მოპოვებული აქვთ ისტორიის, გეოგრაფიის ან სამოქალაქო განათლების სწავლების უფლება.

ასევე, 2026-2027 სასწავლო წლიდან, დადასტურებული კომპეტენციის შესაბამისი ანაზღაურებით, მე და საზოგადოების საგნის სწავლების შესაძლებლობა  მიეცემათ იმ მასწავლებლებსაც, რომლებსაც მოპოვებული აქვთ ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) კომბინირებულად სწავლების უფლება.

მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს მასწავლებელთა საგნობრივ გამოცდებზე რეგისტრაცია. შესაბამისად, იმ პირებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ გამოცდებზე, მაგრამ ზემოაღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, აღარ სურთ გამოცდის ჩაბარება, შესაძლებლობა აქვთ, 11 მაისის 18:00 საათამდე განცხადებით მიმართონ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, გააუქმონ კონკრეტულ საგანზე რეგისტრაცია და დაიბრუნონ გადახდილი თანხა.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.