უნგრეთში ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა – არჩევნებში, მისმა მეტოქემ, 45 წლის პეტერ მადიარმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა
უნგრეთში ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა და სისტემა, რომელიც „საარჩევნო ავტოკრატიად“ იყო მიჩნეული, დანგრეული და დამარცხებულია ორბანის პარტიის ყოფილი წევრის მიერ, რომელმაც უნგრელების უმრავლესობა დაარწმუნა ამ მმართველობის დასრულებაში.
„ჩვენ ეს შევძელით“, – განუცხადა 45 წლის პეტერ მადიარმა დუნაის სანაპიროზე, ბუდაპეშტის დიდებული პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს შეკრებილ მხარდამჭერებს. „ერთად, ჩვენ უნგრეთის რეჟიმი დავამხეთ“.
დათვლილი ხმების 98%-ზე მეტის მიხედვით, არჩევნების წინასწარი შედეგებით, მისი პარტია „ტისა“ 138 ადგილს მოიპოვებს, ორბანის „ფიდესი“ 55 ადგილს, ხოლო ულტრამემარჯვენე პარტია „ჩვენი სამშობლო“ ექვსს.
როგორც BBC წერს, ეს გამარჯვება მაგიასს არა მხოლოდ საშუალებას მისცემს, შეცვალოს ორბანის სულ უფრო არაპოპულარული შიდა პოლიტიკა, არამედ გადატვირთოს უნგრეთის გლობალური ურთიერთობები.
ორბანი რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის (კამპანიის ბოლო კვირაში მას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი პირადად შეხვდა) და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო პარტნიორი იყო, ევროკავშირისა და უკრაინისთვის დიდ დაბრკოლებად იქცა.
მეორე მხრივ, მადიარი უნგრეთის რუსეთისგან დაშორების პლატფორმაზე იდგა და ევროკავშირთან და უკრაინასთან უფრო თბილი ურთიერთობების მომხრე იყო.
ორი წლის განმავლობაში მადიარმა სოფლად თუ ქალაქად გააერთიანა უნგრელები, რომლებსაც ყელში ამოუვიდათ უნგრეთში წლების განმავლობაში ფეხმოკიდებული ნეპოტიზმი და კორუფცია.
„დემოკრატიული უნგრეთის ისტორიაში არასდროს არავის მიუღია ამდენი ხმა – და არცერთ პარტიას არასდროს მიუღია ასეთი ძლიერი მანდატი“, – განაცხადა მან კვირა საღამოს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მის პარტიას ამომრჩეველთა რეკორდულმა 79.5%-მა მისცა ხმა.
ორბანის მმართველობა ზედიზედ ოთხ არჩევნებში გამარჯვებისა და დიდი უმრავლესობის წყალობით დამყარდა, თუმცა ის რამდენიმე წუთში დასრულდა.
სანამ მადიარის მხარდამჭერები შედეგებს ელოდნენ „ტისას“ ლიდერმა Facebook-ზე შეტყობინება გამოაქვეყნა: „ვიქტორ ორბანმა ახლახან დამირეკა და გამარჯვება მოგვილოცა“. იმ დროისთვის ხმების მხოლოდ 30% იყო დათვლილი.
თუმცა, რამდენიმე წამში, დუნაის მეორე მხარეს, საკონფერენციო ცენტრის სცენაზე თავად ორბანი გამოჩნდა, გარშემორტყმული თავისი პირქუში გამომეტყველების მქონე „ფიდესის“ პარტიის წევრებით.
„არჩევნების შედეგი აშკარა და მტკივნეულია“, – განუცხადა მან მხარდამჭერებს და მადლობა გადაუხადა დაახლოებით 2.5 მილიონ უნგრელს, რომლებმაც მას მხარი დაუჭირეს.
ამის შესახებ ინფორმაცია მაგიარ მხარდამჭერებს შორის მალე გავრცელდა და ახლომდებარე სასტუმროში, რომელიც პარტიის შტაბ-ბინა გახდა, „ტისას“ აქტივისტები ერთმანეთს ჩაეხუტნენ.
მადიარმა პირობა დადო, რომ გააუქმებდა ორბანის ეპოქის ცვლილებებს განათლებასა და ჯანდაცვაში, დაამარცხებდა კორუფციას, აღადგენდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და გაანადგურებდა ფართოდ საძულველ მფარველობის სისტემას, რომელიც პარტიის ლოიალური წევრების გამდიდრებას და სახელმწიფო რესურსების ფლანგვას უწყობდა ხელს.
კონსტიტუციაში ამ ცვლილებების შესატანად მას უნგრეთის პარლამენტის 199 ადგილიდან 133-ის, ორი მესამედის უმრავლესობა სჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო შედეგები ჯერ არ არის გამოცხადებული, „ტისა“ 138 ადგილს მოიპოვებს.
ბევრი მათგანი, ვინც მადიარს უჭერდა მხარს, მისი ბუნებრივი მხარდამჭერი არ არის. წლების განმავლობაში ისინი ორბანს უჭერდნენ მხარს.
„ის ისეთი ადამიანია, ვისშიც აბსოლუტურად დარწმუნებული არ შეიძლება იყოთ“, – განუცხადა ადვოკატმა აგნესმა BBC-ს, – „მაგრამ ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, როდესაც უკეთესის იმედი უნდა გვქონდეს და ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ მისი დაპირებები ახდება“.
უნგრეთი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ორ განსხვავებულ სამყაროს ჰგავდა, რომლებიც ტანდემში მოქმედებდნენ. ერთი მხრივ, ორბანმა დაარწმუნა თავისი მხარდამჭერები და ტელემაყურებლები, რომ ისინი გამარჯვებისკენ და ხელისუფლებაში კიდევ ოთხი წლით ყოფნისკენ მიიწევდნენ, რასაც ამყარებდა თანაგრძნობით განწყობილი სოციოლოგების მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები, რომლებიც კვირა საღამომდე „ფიდესის“ გამარჯვებას პროგნოზირებდნენ.
მეორე მხარეს, სხვა სამყაროში იყო მადიარი, რომელიც სადაც არ უნდა წასულიყო, უამრავ ხალხს იზიდავდა, და ავტორიტეტული გამოკითხვის ორგანიზაციები, მის კონკურენტთან შედარებით მზარდ უპირატესობას ანიჭებდნენ.
კვირა საღამოს ეს ორი სამყარო ერთმანეთს შეეჯახა და მხოლოდ ერთი აღმოჩნდა რეალური.
მადიარი ნელა გადაადგილდებოდა ხალხში, სანამ სცენაზე ავიდოდა.
„თქვენ დღეს სასწაული მოახდინეთ, უნგრეთმა დღეს ისტორია შექმნა“, – მიმართა მან აუდიტორიას „რია-რია-უნგრეთი!“-ს სკანდირების ფონზე.
მადიარმა მათი არჩევნებში გამარჯვება 1848 წლის უნგრეთის რევოლუციას და 1956 წელს საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ აჯანყებას შეადარა.
იყო დრო, როდესაც ორბანი თავად გამოდიოდა საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ, მაგრამ ის პუტინის ახლო პარტნიორი გახდა და იაფი რუსული ნავთობისა და ბენზინის მიღების გამართლებამ ის უაღრესად არაპოპულარულ ლიდერად აქცია ევროკავშირში, რომელმაც რუსულ იმპორტზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა სცადა. ორბანმა ასევე დაარღვია ევროკავშირის შეთანხმება, რომელიც უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს (79 მილიარდი ფუნტი სტერლინგი; 105 მილიარდი დოლარი) სესხის გამოყოფას ითვალისწინებდა.
„რუსებო, წადით სახლში“, – სკანდირებდნენ პეტერ მადიარის მხარდამჭერები, როდესაც უნგრეთის შემდეგი პრემიერ-მინისტრი ევროკავშირთან უკეთესი ურთიერთობების დამყირების დაპირებას იძლეოდა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ევროპელ ლიდერებს შორის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მიესალმა მადიარის „დიდებულ გამარჯვებას“ და უნგრულად დაამატა „Ruszkik Haza“ – „რუსებო სახლში წადით“.
„ტისას“ ლიდერმა პირობა დადო, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში მისი პირველი საზღვარგარეთული მოგზაურობა ვარშავაში იქნებოდა – უნგრეთისა და პოლონეთის 1000-წლიანი მეგობრობის გასაძლიერებლად.
მან ასევე პირობა დადო, რომ ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც მისი ამოცანა იქნება ევროკომისიის დარწმუნება, განბლოკოს 17 მილიარდი ევროს ოდენობის თანხები, რომლებიც გაყინული იყო კორუფციასთან ბრძოლისა და სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის შენარჩუნების უუნარობის გამო.
მადიარმა მხარდაჭერა მოიპოვა მარათონული კამპანიის შედეგად, რომელიც დღეში შვიდამდე გამოსვლას მოიცავდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ხალხს დიდ ენერგიას მატებდა.
მისი დამარცხებული მეტოქე შაბათ საღამოს, თავის ბოლო საარჩევნო გამოსვლაში, დაღლილი ჩანდა და თითქოს იცოდა, რა ელოდა წინ.
ორბანი, რომელიც ამჟამად 62 წლისაა, პარტიის ლიდერის თანამდებობიდან არ წასულა და მის გარეშე ძნელი წარმოსადგენია, რა მოხდება „ფიდესში“.
მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ BBC-ის მიხედვით
