ტრამპი ირანს „ერთ ღამეში“ განადგურებით დაემუქრა, თუ ის ჰორმუზის სრუტეს მის მიერ მიცემულ ვადაში არ გახსნის
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს „ერთ ღამეში“ განადგურებით დაემუქრა, თუ ის ჰორმუზის სრუტის გახსნას არ უზრუნველყოფს სამშაბათს, 7 აპრილს, აღმოსავლეთ სტანდარტული დროით 20:00 საათამდე (ოთხშაბათი, 00:00 GMT / 01:00 BST).
ორშაბათს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა ირანში ჩამოგდებული გამანადგურებლიდან დაკარგული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების გადარჩენის „ძალიან ისტორიული“ მისია შეაფასა, როგორც „თივის ზვინში ნემსის პოვნა“.
ტრამპის თქმით, აშშ-მა სხვადასხვა ხრიკები გამოიყენა, რათა ირანელებს დაეჯერებინათ, რომ პილოტი სხვა ადგილას იმყოფებოდა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, მეორე ამერიკელი პილოტის გამოსაყვანად განხორციელებულ სამაშველო მისიაში 155 თვითმფრინავი მონაწილეობდა, მათ შორის ოთხი ბომბდამშენი, 64 გამანადგურებელი, 48 საწვავის შესავსები ტანკერი, 13 სამაშველო თვითმფრინავი და სხვა.
აი, რა თქვა ტრამპმა ორშაბათს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც იგი ირანის „ერთ ღამეში“ განადგურებით დაიმუქრა:
ტრამპმა განაცხადა, რომ სამშაბათს დადგენილ ვადამდე მისთვის „მისაღები“ შეთანხმების მიღწევაა საჭირო და შეთანხმების ნაწილი „ნავთობის თავისუფალ მოძრაობას“ გულისხმობს.
როგორც კი ვადა ამოიწურება, დასძინა ტრამპმა, ირანი „ქვის ხანაში“ დაბრუნდება. „მათ ხიდები არ ექნებათ, მათ ელექტროსადგურები არ ექნებათ“, – თქვა მან.
„მთელი ქვეყნის გათავისუფლება ერთ ღამეში შეიძლება – და ეს ღამე შესაძლოა ხვალინდელი ღამე იყოს“, – აღნიშნა ტრამპმა.
მან ოპტიმიზმი გამოთქვა, რომ ირანში „გონივრული“ ლიდერები „კეთილი ნებით “ აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, თუმცა შედეგი გაურკვეველი დარჩა.
როდესაც ირანში აშშ-ის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შედეგებზე ჰკითხეს, ტრამპმა უპასუხა, რომ ირანელები „ მზად იქნებიან, თავისუფლებისთვის იტანჯონ“.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ძალიან იმედგაცრუებულია ნატო-ს ქვეყნებით, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთით, მას შემდეგ, რაც აშშ-ის მოკავშირეებმა უარი თქვეს მის თხოვნაზე, შეერთებოდნენ ირანის წინაამდეგ მისიას.
გასულ პარასკევს ირანში ჩამოგდებული ორი ამერიკელი გამანადგურებელი პილოტის გადარჩენის მისიაზე საუბრისას, ტრამპმა აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეებში ყველა არ იყო დარწმუნებული ფართომასშტაბიანი ძალისხმევის შესახებ, თუმცა თავად მას „მიაჩნდა, რომ ეს ღირდა“.
ამასობაში, ირანი აცხადებს, რომ ოფიციალურად უარყო აშშ-ის წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, იუწყება სახელმწიფო მედია, თუმცა მოთხოვნების სიას ავრცელებს.
ირანის მოთხოვნები მოიცავს „რეგიონში საომარი მოქმედებების დასრულებას“ – სახელმწიფო მედია
ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, 10-პუნქტიან პასუხში ირანმა უარყო ცეცხლის შეწყვეტა და ხაზი გაუსვა ომის სამუდამოდ დასრულების აუცილებლობას.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პასუხი მოიცავს ირანის მოთხოვნების ჩამონათვალს – „მათ შორის რეგიონში საომარი მოქმედებების დასრულებას, ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის პროტოკოლს, ასევე რეკონსტრუქციას და სანქციების მოხსნას“.
IRNA-ს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „განმეორებითი ვადის კიდევ ერთხელ გახანგრძლივებით უკან დაიხია წინა მუქარისგან“.
ისრაელის სამხედროები ირანის მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ დღეს მატარებლით არ იმგზავრონ

ისრაელის თავდაცვის ძალები ირანში მცხოვრებ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დღეს მატარებლით არ იმგზავრონ.
სამხედროების სპარსულ ენაზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი „უსაფრთხოების მიზნით“, ირანის დროით 21:00 საათამდე, თავი შეიკავონ მატარებლით მგზავრობისა და ტრანსპორტით სარგებლობისგან მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„მატარებლებში და რკინიგზის ხაზებთან ახლოს ყოფნა საფრთხეს უქმნის თქვენს სიცოცხლეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ეს მოხდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმუქრება, რომ ირანში სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებს დაარტყამს, თუ რეჟიმი სამშაბათს, აღმოსავლეთ სტანდარტული დროით 20:00 საათამდე (ოთხშაბათი, 01:00 BST) ნავთობის გადამზიდავ ტანკერებს ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი გადაადგილების უფლებას არ მისცემს.
ღამით გამოქვეყნებულ განახლებულ ინფორმაციაში ისრაელის სამხედროებმა ასევე განაცხადეს, რომ მათ დაასრულეს საჰაერო დარტყმების ტალღა თეირანში რეჟიმთან დაკავშირებული „ინფრასტრუქტურის“ წინააღმდეგ და მოკლეს ადამიანები, რომლებიც, მათი თქმით, „ჰეზბოლას“ წევრები იყვნენ.
სამხედროებმა ასევე განაცხადეს, რომ მათ ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტები ჩამოაგდეს.
ირანში ომის დაწყებიდან 13 000-ზე მეტი სამიზნე დაიბომბა – აშშ-ის სამხედრო ძალები
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (Centcom) აცხადებს, რომ 28 თებერვლის შემდეგ, ომის დაწყებიდან მოყოლებული, მათ 13 000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.

ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ – ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციის კოდური სახელწოდების – შესახებ განახლებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ მათ 155-ზე მეტი ირანული გემი დააზიანა ან გაანადგურა.
ცენტრალური სარდლობის თქმით, მის მიერ განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს შორისაა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) შტაბ-ბინა, საჰაერო თავდაცვის სისტემები, ბალისტიკური რაკეტების ბაზები, ასევე ირანის საზღვაო ძალების გემები და წყალქვეშა ნავები.
ამასობაში, როგორც BBC იუწყება, აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ აშშ-ისრაელის თავდასხმების დაწყებიდან ირანში 3500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1665 მშვიდობიანი მოქალაქე.
guardiange