რუსეთმა, აზერბაიჯანმა, სომხეთმა და ერაყმა ირანს ვერტმფრენის პოვნის სამაშველო სამუშაოებში შესთავაზეს დახმარება.
რუსეთმა თეირანს ასევე, ავიაკატასტროფის მიზეზების გამოძიებაში დახმარება აღუთქვა.
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმაც მხარდაჭერა გამოხატა და განაცხადა, რომ ირანის გვერდით დგას.
თურქეთმა ირანში სამთო-სამაშველო ჯგუფი გაგზავნა. მანამდე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ინციდენტის გამო დამწუხრებულია. X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ერდოღანმა თქვა: „იმედი მაქვს, რაც შეიძლება მალე მივიღებ კარგ ამბებს რაისისა და მისი დელეგაციის შესახებ“.
ვერტმფრენი, რომელსაც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი გადაჰყავდა, ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში „მძიმედ დაეშვა“, – განაცხადა ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, აჰმად ვაჰიდმა.
თავდაპირველი ვერსიით კი, როგორც ამას სახელმწიფო ტელეარხი Press TV იტყობინებოდა, ვერტმფრენი, რომელსაც პრეზიდენტი რაისი გადაჰყავდა – ჩამოვარდა.
როგორც Tasnim-ი იტყობინება, ვერტმფრენის ბორტზე პრეზიდენტის გარდა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის გუბერნატორი მალიქ რახმატი და სხვა პირები იმყოფებოდნენ.
ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ პრეზიდენტის ვერტმფრენთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.
შემთხვევის ადგილზე გაიგზავნა არმია, პოლიცია და ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების თანამშრომლები.
პრეზიდენტის ვერტმფრენის გარდა, სხვა ორმა ვერტმფრენმა, რომელშიც მინისტრები და სხვა ოფიციალური პირები ისხდნენ, უსაფრთხოდ მიაღწია დანიშნულების ადგილს.
ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, იბრაჰიმ რაისისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა გაიმართა.

რაისი კვირას ადრე აზერბაიჯანში ჩავიდა და ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ხუდაფერინის ჰიდროელექტროკომპლექსის ექსპლუატაციაში გაშვებისა და მდინარე არაზზე აშენებული გიზ გალასის ჰიდროელექტრო კომპლექსის გახსნის ცერემონიაში.