საქართველო

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება

admin 3 საათის წინ

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სივრცეში გამართული ინოვაციების საუნივერსიტეტო კონკურსის, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) გუნდი AEGIS გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის და ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალგაზრდა ინოვატორები მთავარი პრიზის ფარგლებში მსოფლიოში უმსხვილეს ტექნოლოგიურ კონფერენციაზე – Web Summit-ზე გაემგზავრებიან.

UNI4VERSE ყოველწლიური ინოვაციების და ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კონკურსია, რომელიც ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების, მეწარმეობისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარების ხელშეწყობას ემსახურება და სტუდენტებს საკუთარი იდეების რეალურ პროდუქტებად გარდაქმნის შესაძლებლობას აძლევს. წლევანდელი კონკურსი საქართველოს ეროვნული ბანკის, ბაზისბანკისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ჩატარდა. მასში საქართველოს 32 უნივერსიტეტი ჩაერთო, მთავარი თემა კი ფინანსური განათლება იყო.  

კონკურსის ფარგლებში სტუდენტებმა ფინანსური სერვისების ინტეგრაციის, ინვესტიციებისა და გრძელვადიანი დაგეგმვის გამარტივების, კიბერუსაფრთხოებისა და მომხმარებელთა დაცვის, ბიუჯეტირებისა და დანაზოგების მართვის, ასევე მცირე ბიზნესისთვის ფულადი ნაკადების ანალიზის მიმართულებით იმუშავეს. ჩატარდა საინფორმავიო შეხვედრები, ვორქშოფები, რომელშიც მონაწილეობას 1300-მდე სტუდენტი იღებდა. 

გამარჯვებული გუნდი თბილისის ტექნოპარკში გამართულ დემო დღეზე კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ დაწესებულ 20,000-იან გრანტთან ერთად BTU-ს გამარჯვებულმა გუნდა მიიღო საგზური მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ კონფერენციაზე – Web Summit-ზე გასამგზავრებლად.

ბაზისბანკისთვის ახალგაზრდების მხარდაჭერა და ტექნოლოგიური ინოვაციების წახალისება პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების ამაღლებასა და ინოვაციური აზროვნების განვითარებას ემსახურება. საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუსთან“ მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, ბაზისბანკის ჩართულობით უკვე არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა, რაც მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ინფორმაციას ბაზისბანკი ავრცელებს.