ნათია თურნავა: სებ-ი ციფრული ლარის ტექნოლოგიური შესაძლებლობების შესწავლას ფრთხილად და ეტაპობრივად დაიწყებს, ის ნაღდ ფულს არ ჩაანაცვლებს, მის საყოველთაო დანერგვას არ ვგეგმავთ
საქართველოს ეროვნული ბანკი ამ ეტაპზე და მომდევნო წლებშიც ციფრული ლარის საყოველთაო გამოშვებასა და დანერგვას არ გეგმავს. ამასთან, ციფრული ლარი ნაღდ ფულს არ ჩაანაცვლებს და მისი არსებობა ნაღდ ფულთან ერთად იქნება შესაძლებელი. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტში, 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის განხილვისას განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილებები ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის ტექნოლოგიური შესაძლებლობების შეზღუდულ ფარგლებში, საპილოტე რეჟიმში შესწავლის შესაძლებლობას აძლევს.
ნათია თურნავას განმარტებით, ეროვნული ბანკის მთავარი მიზანია, არ ჩამორჩეს თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების პროცესს, შეისწავლოს მათი პოტენციური სარგებელი და გამოწვევები. ამასთან, ხელი შეუწყოს საქართველოს საგადახდო სისტემების განვითარებას.
„ამ ეტაპზე და მომავალ წლებშიც, საქართველოს ეროვნული ბანკი არ გეგმავს ციფრული ლარის საყოველთაო გამოშვებასა და შემოღებას. განსაკუთრებით არ იგეგმება ე.წ. საცალო ციფრული ლარის, ანუ მოსახლეობის ხელთ არსებული ციფრული ლარის ფართო შემოღება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ტექნოლოგიურად არ ჩამოვრჩეთ წამყვან ქვეყნებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, ციფრული ლარის შესაძლო გამოყენების შესწავლა ეტაპობრივად, შეზღუდული საპილოტე პროექტების ფარგლებში განხორციელდება. ამასთან, ციფრული ლარი არ ჩაანაცვლებს ნაღდ ფულს, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოს ორგანული კანონითაც არის გარანტირებული. კერძოდ, კანონით უზრუნველყოფილია ბანკნოტის, როგორც ფულის მატერიალური გამოხატულების არსებობა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო გამოცდილებაზეც და აღნიშნა, რომ ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების (CBDC) განვითარებისა და ტესტირების მიმართულებით პროექტები მიმდინარეობს შვეიცარიაში, ევროზონაში, სინგაპურში, იაპონიაში, ჰონგ-კონგში, ინდოეთში, თურქეთში, ყაზახეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობს ევროპის ცენტრალურ ბანკთან და მზად არის, ციფრული ვალუტის განვითარების მიმართულებით მისი გამოცდილება გაიზიაროს. მისი თქმით, წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკები ამ ტექნოლოგიების შესწავლით არიან დაინტერესებული, რათა ფინანსური და საგადახდო სისტემების განვითარების პროცესში ტექნოლოგიური უპირატესობა შეინარჩუნონ.
ციფრული ვალუტების გამოყენების შესაძლებლობებზე ნათია თურნავამ რეგიონული ვაჭრობისა და ტრანსსასაზღვრო ანგარიშსწორების კონტექსტშიც ისაუბრა. მისი განმარტებით, საერთაშორისო პრაქტიკაში უკვე დანერგილია პროექტები, რომლებიც ცენტრალურ და კომერციულ ბანკებს შორის ციფრული ვალუტების პირდაპირ გაცვლას ითვალისწინებს. მსგავსი მექანიზმების მიზანია ანგარიშსწორების დაჩქარება, შუამავლების რაოდენობის შემცირება და ტრანზაქციების ხარჯების ოპტიმიზაცია.
„საგარეო ვაჭრობა ძლიერდება, განსაკუთრებით რეგიონული ვაჭრობა და კავშირები. ჩვენც უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე. რაც უფრო მარტივი და სწრაფია პროცესი, ნაკლებ შუამავალს გულისხმობს, უფრო იაფი და ხელმისაწვდომია – ეს არის ამის მიმზიდველობა. რამდენად იქნება ეს ეფექტური და მიმზიდველი საქართველოს ჩართულობით და ლარის გამოყენებით, ამ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ციფრული ვალუტების ტექნოლოგიების პოტენციური გამოყენება განსაკუთრებით საინტერესოა რეგიონული ეკონომიკური კავშირებისა და ვაჭრობის გააქტიურების ფონზე. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია შეფასდეს, რამდენად ეფექტიანი იქნება მსგავსი ანგარიშსწორების მექანიზმები საქართველოსთვის და რა სარგებლის მოტანა შეუძლია მას ლარის გამოყენებით საერთაშორისო ტრანზაქციებისთვის.
მისივე თქმით, საქართველოს მიზანია, ფინანსური და საგადახდო ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად დარჩეს. სწორედ ამიტომ, ეროვნული ბანკი ციფრული ლარის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს ფრთხილად და ეტაპობრივად შეისწავლის, თუმცა ამ პროცესის დაწყება არ ნიშნავს ციფრული ლარის საყოველთაო გამოშვების ან ნაღდი ფულის ჩანაცვლების გადაწყვეტილებას.