ტრამპი გაეროში გამოსვლისას ირანს „განადგურებით“ ემუქრება, პარალელურად კი აშშ-ირანის ოფიციალური პირები ერთმანეთს ხვდებიან
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ იგი „დიდი გადაწყვეტილების“ წინაშე დგას, კვლავ დაარტყას ირანს თუ მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევას შეეცადოს.
როგორც BBC იტყობინება, აშშ-ის პრეზიდენტის ნიუ-იორკში 22 სექტემბერს გაერო-ს ტრიბუნაზე გამოსვლას, რომელშიც მან განაცხადა, რომ კონფლიქტის მოუგვარებლობის შემთხვევაში, შესაძლოა ისლამური რესპუბლიკა „გაანადგუროს“, ირანის დელეგაციის ერთი წევრი ადევნებდა თვალყურს.
აუდიტორიის წინაშე ტრამპმა ასევე უარყო „გლობალური მმართველობა“, პირობა დადო, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დასამყარებლად შუამავლობას განაგრძობს და უზრუნველყოფს აშშ-ს გამარჯვებას ხელოვნური ინტელექტის რბოლაში.
მის განცხადებებს წინ უძღოდა აშშ-სა და ირანის მაღალი დონის დიპლომატებს შორის მოლაპარაკებები.
თავად ტრამპი ათზე მეტ მსოფლიო ლიდერს ხვდება, რადგან ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში ომები მისი საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის მნიშვნელოვან საფიქრალს წარმოადგენს.
მან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლა ეკონომიკის, იმიგრაციის, საზღვრისა და ძალადობრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მიღწეული წარმატებების ხაზგასმით დაიწყო, რაც, როგორც BBC შენიშნავს, უფრო ნოემბრის აშშ-ის შუალედური არჩევნების ამომრჩევლებისთვის იყო განკუთვნილი, ვიდრე მანჰეტენზე მყოფი დიპლომატებისთვის.
მან თავისი გამოსვლის დიდი ნაწილი ირანთან ომის გამართლებას დაუთმო, რამაც ნავთობის გლობალური ფასები მკვეთრად გაზარდა და ამავდროულად, მისი რეიტინგი შეამცირა მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ისრაელმა თებერვალში სამხედრო მოქმედებები დაიწყეს.
ტრამპის ტონი განსხვავდებოდა გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის, ადრე გაკეთებული განცხადებებისგან, რომელმაც გააფრთხილა მსოფლიო, რომ გლობალური დაყოფა ღრმავდება და ხაზი გაუსვა მსოფლიოს ხალხების „ურთიერთდამოკიდებულებას“.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კონფლიქტმა თეირანს ბირთვული იარაღის მოპოვებაში ხელი შეუშალა.
„დაიდება თუ არა ირანთან შეთანხმება, რომელიც მათ საშუალებას მისცემს აღადგინონ და შექმნან გაცილებით დიდი ქვეყანა, ვიდრე ის ოდესმე იყო? ან გავანადგურო ისლამური რესპუბლიკა და ეს სწრაფად გავაკეთო, ისე, რომ აღარასდროს მივცე მათ შანსი, მოკლან და გაანადგურონ ადამიანები და ქვეყნები? გავუშვა ჯოჯოხეთში ისინი?“, – იკითხა მან.
ტრამპმა განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ ირანთან შეთანხმება, რომელსაც აქამდე ვერ მიაღწია, ნოემბრის არჩევნების შემდეგ დაიდება.
მოგვიანებით ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა გენერალური ასამბლეის კულუარებში ირანის დელეგაციასთან „ძალიან პროდუქტიული“ სამსაათიანი შეხვედრა გამართეს.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ დაადასტურა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი შეხვდა აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფს.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაღაიმ, რომლის სიტყვებსაც სახელმწიფო მაუწყებელი IRNA ციტირებს, მოგვიანებით განაცხადა, რომ მოლაპარაკებები კატარელი შუამავლის მეშვეობით მიმდინარეობდა, რომელმაც თეირანს გააცნო პირობები, მათ შორის ყველა ფრონტზე ომის დასრულება და აშშ-ის „აგრესიის აქტები“.
BBC-მ უიტკოფს გაეროს შენობიდან გასვლისას ჰკითხა, თუ როგორ ჩაიარა შეხვედრებმა, რაზეც მან ცერა თითი აწია. მოგვიანებით, უიტკოფმა გადაცემა X-ში დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები „შუამავლების მეშვეობით გაიმართა“.
„მათ წარმატებით დაასრულეს დისკუსიების რაუნდი, რომელიც, ვიმედოვნებთ, კონსტრუქციული და პერსპექტიული აღმოჩნდება“, – განაცხადა უიტკოფმა. „შუამავლები განაგრძობენ თავიანთ საქმიანობას“.
თავის გამოსვლაში ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკეთა პროგნოზი, რომ მისი დიპლომატია დაასრულებს რუსეთის ომს უკრაინაში, რომლის დასეულების ნიშანი არ ჩანს, რადგან ორივე მხარე ერთმანეთის ტერიტორიების სიღრმეში სარაკეტო და დრონებით დარტყმებს ახორციელებენ.
„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან და ამას აუცილებლად მივაღწევთ“, – თქვა მან. „ვფიქრობ, ეს უფრო სწრაფად მოხდება, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 23 სექტემბერს ნიუ იორკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
ტრამპმა ასევე უარყო ხელოვნური ინტელექტის შესახებ შიშები და პირობა დადო, რომ აშშ ჩინეთს ტექნოლოგიის კონტროლის „გლობალისტურ სქემაში“ ლიდერობას არ დაუთმობს.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ხელოვნური ინტელექტი „სუპერ ინტელექტის“ სახელით უნდა იყოს ცნობილი.
„სიტყვა „ხელოვნური“-ს გამოყენება მას ყალბის ჟღერადობას სძენს“, – თქვა მან. „ეს ყალბი არ არის, სინამდვილეში საოცარია. მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ“.
22 სექტემბერს, გენერალური ასამბლეის მსვლელობისას, ტრამპმა დანიისა და გრენლანდიის ლიდერებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას ჩრდილო ატლანტიკურ კუნძულზე აშშ-ის სამხედრო ყოფნის გაძლიერების შესახებ.

შეთანხმება კიდევ ერთხელ ადასტურებს გრენლანდიის, დანიის ავტონომიური ტერიტორიის, სუვერენიტეტს, თუმცა აშშ-ს კუნძულის საჰაერო სივრცესა და ტერიტორიაზე ფართო წვდომას ანიჭებს.
ტრამპი ასევე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემს, სამხრეთ კორეის პრეზიდენტ ლი ჯე მიონგს და საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, ქუვეითის, ბაჰრეინის და ომანის ლიდერებს.
ამ უკანასკნელ შეხვედრაზე, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ სხვა არაბული და ისლამური ქვეყნების ლიდერები, „განიხილეს რეგიონული მოვლენები და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, ასევე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების გზები“, – ნათქვამია არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

მანამდე, გუტიერეშმა გაერო-ს გენერალური მდივნის რანგში გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვა და მოუწოდა უსახელო ზესახელმწიფოებს, აღიარონ, „რომ მათი ძალა არც ისე დიდია“.
„ჩვენს სამყაროში არსებული ნაპრალი ფართოვდება“, – განაცხადა გუტიერეშმა და ამის მიზეზად გეოპოლიტიკური მეტოქეობა, ომები, კლიმატის ცვლილება და ხელოვნური ინტელექტი დაასახელა.
ამის საპირისპიროდ, ტრამპმა გააკრიტიკა საერთაშორისო ინსტიტუტები და გაერო დაადანაშაულა „იმგლობალისტი ბიუროკრატების უკიდურესად მემარცხენე დღის წესრიგის გატარაებაში, რომლებიც არასდროს არავის აურჩევია“.
აშშ-ის პრეზიდენტმა, სამაგიეროდ, ხაზი გაუსვა ეროვნულ სუვერენიტეტსა და „შეუდარებელ“ ამერიკულ სამხედრო ძალას.
„გლობალური მთავრობა არ არსებობს“, – თქვა მან.
მან ასევე თქვა, რომ აშშ არ დაუშვებს საფრთხეების გაჭაჭანებას დასავლეთ ნახევარსფეროს ნებისმიერ წერტილში.
„საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს შეუდარებელ სამხედრო ძალას შეერთებული შტატების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად“, – თქვა მან.
ტრამპმა კუბის კომუნისტური მთავრობა აშშ-ში მემარცხენე ჯგუფებთან, მათ შორის აშშ-ის კომუნისტურ პარტიასთან, ანტიფასთან და ამერიკის დემოკრატ სოციალისტებთან კავშირების განვითარებაში დაადანაშაულა.
კუბის დელეგაცია ასამბლეის დარბაზიდან გავიდა, როდესაც ტრამპმა მზერა მათკენ მიაპყრო და კუნძული „წარუმატებელ სახელმწიფოდ“ მოიხსენია.