საქართველო

საქართველოში, 81 000 ოჯახი, რომელთა წლიური შემოსავალი 100 000 ლარს არ აღემატება, ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის

admin ახლახანს

ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, 80 ათასზე მეტ პირს ქონების გადასახადის ვალდებულება აღარ ექნება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის ახალმა უფროსმა, მამუკა ბარათაშვილმა განაცხადა.

„ფინანსთა სამინისტროსა და პარლამენტის ერთობლივი მუშაობის შედეგად, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ქონების გადასახადთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს.

კერძოდ, ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის შეღავათის ზღვარი 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე იზრდება, რაც ნიშნავს, რომ, დაახლოებით, 81 ათასი ოჯახი, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათას ლარს არ აღემატება, ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის.

დღეს მოქმედი წესით ამ ოჯახებს, ჯამურად, დაახლოებით 22 მილიონი ლარის ქონების გადასახადის გადახდა მოუწევდათ. ცვლილების ამოქმედების შემდეგ ეს ვალდებულება მათ აღარ ექნებათ.

კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს, რათა შესაბამისმა პირებმა უკვე მიმდინარე წელს ისარგებლონ აღნიშნული შეღავათით“, – აცხადებს მამუკა ბარათაშვილი.