სირიის ყოფილ პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს დაუსწრებლად სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს
სირიის სასამართლომ სამშაბათს, 11 აგვისტოს, სირიის 14-წლიანი კონფლიქტის დროს, რომელმაც დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და ომის დანაშაულებისთვის გადაყენებული სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს და მის უმცროს ძმას, მაჰერს სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად შეუფარდა.
დამასკოს მეოთხე სისხლის სამართლის სასამართლოში გამოტანილი განაჩენი ასადის ან მისი ახლო გარემოცვის წევრების წინააღმდეგ პირველია მას შემდეგ, რაც ასადის ოჯახის ხელისუფლებაში 50-წლიანი ყოფნა 20 თვის წინ დასრულდა.
„ბაშარ ალ-ასადმა სახელმწიფო უწყებები გამოიყენა ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ჩასადენად“, – განაცხადა მოსამართლე ფახარედინ ალ-არიანმა სასამართლო სხდომის დროს, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
გაურკვეველი რჩება, შეძლებს თუ არა სირიის ახალი ხელისუფლება მოსკოვისგან ასადის ექსტრადიციის უზრუნველყოფას.
ეს სირიის ახალი ხელმძღვანელობის მიერ ასადის წინააღმდეგ გადადგმული პირველი ნაბიჯი არ არის.
მის წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერი გასული წლის დეკემბერში გაიცა მკვლელობისა და წამების ბრალდებით.
ის რუსეთში გაემგზავრა მას შემდეგ, რაც აჰმედ ალ-შარაას – ამჟამინდელი სირიის პრეზიდენტის – ძალები ხელისუფლებაში მოვიდნენ სწრაფი, 11-დღიანი კამპანიით, რომელმაც ასადის დინასტია დაამხო.
მას შემდეგ ახალმა მთავრობამ მრავალი ყოფილი თანამდებობის პირი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი დააკავა, თუმცა ძველი რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირების უმეტესობა, მათ შორის თავად ასადი, რუსეთში იმყოფება და მართლმსაჯულებისთვის მიუწვდომელია.
იმავე საქმეზე სიკვდილით დასჯა მიესაჯა ასადის დედის მხრიდან ბიძაშვილს, ატეფ ნაჯიბს, რომელიც დამნაშავედ ცნეს სამხრეთ პროვინცია დარააში საპროტესტო აქციის დაშლის ზედამხედველობისთვის, რამაც აჯანყება და მოგვიანებით სამოქალაქო ომი გამოიწვია.
მკაცრი უსაფრთხოების პირობებში, მოსამართლის მიერ განაჩენის წაკითხვისას, ნაჯიბი გალიაში, პატიმრის ფორმაში გამოწყობილი იდგა. განაჩენის მოსასმენად დამასკოს ცენტრში, სასამართლოს შენობის წინ ხალხი შეიკრიბა.

ასადი და მისი ძმა მაჰერი 2024 წლის დეკემბერში მთავრობის დამხობის შემდეგ რუსეთში გაიქცნენ და პოლიტიკური თავშესაფარი მიიღეს. სირიის ახალმა მმართველებმა რუსეთს ასადების გადაცემა სთხოვეს.
ნაჯიბი, რომელსაც აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 2011 წლის აპრილში სანქციები დაუწესა.
ნაჯიბი სირიის არმიის ბრიგადის ყოფილი გენერალია, რომელიც 2011 წელს ასადის დროს სამხრეთ სირიის დარაას პროვინციაში პოლიტიკური უსაფრთხოების ფილიალის ხელმძღვანელი იყო.
მისი მოღვაწეობის პერიოდში დარააში სკოლის კედელზე მთავრობის საწინააღმდეგო წარწერების გამო ათზე მეტი მოზარდი დააკავეს და აწამეს. ეს საქმე ასადის უსაფრთხოების ძალების რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ მასობრივი პროტესტის კატალიზატორი გახდა.
პროტესტს მთავრობის მხრიდან სასტიკი რეპრესიები მოჰყვა და 14-წლიან სამოქალაქო ომში გადაიზარდა, რომელიც ამბოხებულების ელვისებური შეტევის შედეგად ასადის გადაყენებით დასრულდა.
მაჰერ ასადი სირიის არმიის მე-4 ჯავშანტექნიკის დივიზიის ყოფილი მეთაური იყო, რომელსაც სირიელი ოპოზიციის აქტივისტები მკვლელობებში, წამებაში, გამოძალვასა და ნარკოტიკებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ.