საქართველო

ეკონომიკის სამინისტრო – საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდა და მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში 8.3% შეადგინა

admin 1 საათის წინ

2025 წელს დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია 2026 წლის დასაწყისში კიდევ უფრო გაძლიერდა, – ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საშუალო მაჩვენებელმა 9.1% შეადგინა, ხოლო ოთხი თვის მაჩვენებლებით ზრდა 8.3%-ის დონეზეა. უშუალოდ აპრილში ქვეყნის ეკონომიკა 6.2%-ით გაიზარდა.

„აღნიშნული მაჩვენებლები ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკებისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს განსაკუთრებულ სტაბილურობასა და განვითარების მყარ ტემპს.

აღსანიშნავია, რომ აპრილში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.3%-ით გაიზარდა. ბიზნესგარემოსადმი მაღალ ნდობაზე მეტყველებს ახლად დარეგისტრირებულ სუბიექტთა რაოდენობაც, რომელმაც, 6.9%-იანი მატებით, 6,195 ერთეულს მიაღწია.

იანვარ-აპრილში მაღალ ეკონომიკურ აქტივობას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა დინამიკამ – აღსანიშნავია ექსპორტის მაჩვენებელი, რომელიც 21.1%-ით გაიზარდა და 2,439.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

განსაკუთრებული მატება აღინიშნა ადგილობრივ ექსპორტში (ექსპორტი რეექსპორტის გამორიცხვით), სადაც ზრდამ 73.5%-ს მიაღწია და 1,551.0 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2026 წლის აპრილის ეკონომიკურ პროგრესში წამყვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, განათლების, ჯანდაცვის, ვაჭრობისა და საფინანსო-სადაზღვევო სექტორებმა.

აღსანიშნავია, რომ მრეწველობის მიმართულებით რეალურ პროგრესს არსებითად შეუწყო ხელი ნავთობპროდუქტების ადგილობრივმა წარმოებამ, რომლის კონტრიბუციამაც მთლიან შიდა პროდუქტში 1.83 პროცენტული პუნქტი შეადგინა“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.