ტრამპი სი ძინპინთან მოლაპარაკებებს „შესანიშნავს“ უწოდებს, პეკინი კი კვლავ აფრთხილებს აშშ-ს ტაივანის გამო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა თავის შესავალ სიტყვაში აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიო აკვირდება მათ შეხვედრას. „ამჟამად მთელ მსოფლიოში აჩქარებულია ისეთი ტრანსფორმაცია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არ უნახავთ და საერთაშორისო ვითარება ცვალებადი და ტურბულენტურია“, – განაცხადა სი ძინპინმა და განაგრძო:
„მსოფლიო ახალ გზაჯვარედინზეა. შეუძლიათ თუ არა ჩინეთს და აშშ-ს თუკიდიდეს ხაფანგის დაძლევა და ურთიერთობების ახალი პარადიგმის შექმნა? შეგვიძლია თუ არა ერთად გავუმკლავდეთ გლობალურ გამოწვევებს და უზრუნველვყოთ მეტი სტაბილურობა მსოფლიოსთვის? შეგვიძლია თუ არა, ჩვენი სამყაროს, ჩვენი ორი ხალხისა და კაცობრიობის მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე, უკეთესი მომავლის აშენება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის?“
„ეს არის ისტორიისთვის, მსოფლიოსთვის და ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კითხვები. ეს არის ჩვენი დროის კითხვები, რომლებზეც თქვენ და მე, როგორც დიდი ქვეყნების ლიდერებმა, უნდა ვუპასუხოთ.“
BBC-ის ცნობით, სი ძინპინმა ასევე მიულოცა ტრამპს აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავი.
„მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩვენს ორ ქვეყანას უფრო მეტი საერთო ინტერესი აქვს, ვიდრე განსხვავება. ერთისთვის წარმატება მეორისთვის შესაძლებლობაა და სტაბილური ორმხრივი ურთიერთობა კარგია მსოფლიოსთვის“, – განაგრძო მან. „ჩინეთსა და აშშ-ს, ორივეს, შეუძლია მოიგოს თანამშრომლობით და წააგოს კონფრონტაციებით“.
„ჩვენ პარტნიორები უნდა ვიყოთ და არა მეტოქეები, ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ წარმატების მიღწევასა და აყვავებაში და ვიპოვოთ სწორი გზა, რათა მსხვილმა ქვეყნებმა ერთმანეთთან კარგად იცხოვრონ ახალ ეპოქაში.“
სი ძინპინმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის ტრამპთან მოლაპარაკებებს და მასთან ერთად მუშაობას, „რომ დავადგინოთ კურსი და წარვმართოთ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების გიგანტური გემი, რათა 2026 წელი ისტორიული ეტაპი გახდეს, რომელიც ახალ თავს გახსნის“.
ორმხრივი მოლაპარაკებები ორ ლიდერს შორის დასრულდა. ის დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა, რაც თავდაპირველად დაგეგმილზე ორჯერ მეტია.
მოგვიანებით, ტრამპი მის პატივსაცემად გამართულ სახელმწიფო ბანკეტში მიიღებს მონაწილეობას.
ტრამპმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „შესანიშნავად“ წარიმართა, თუმცა ტაივანის შესახებ კითხვას არ უპასუხა.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, პრეზიდენტმა სი ძინპინმა ტაივანის გამო აშშ-სთან „კონფლიქტის“ პოტენციალის შესახებ გააფრთხილა და, როგორც ამბობენ, ლიდერმა ეს „ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად“ მოიხსენია.
„თუ საქმეს კარგად წარმართავენ, ორმხრივი ურთიერთობები, როგორც წესი, სტაბილური დარჩება. თუ საქმეს სათანადოდ არ წარმართავენ, ორი ქვეყანა შეიძლება შეეჯახოს ან კონფლიქტშიც კი მოვიდეს, რაც ჩინეთ-აშშ-ს მთელ ურთიერთობას ძალიან საშიშ სიტუაციაში ჩააგდებს“, – განაცხადა სი ძინპინმა სახელმწიფო მედიის ცნობით.
მან დასძინა, რომ ტაივანის დამოუკიდებლობა „ფუნდამენტურად შეუთავსებელია“ ტაივანის სრუტეში მშვიდობასთან. მისი თქმით, სრუტეში მშვიდობა „ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ყველაზე დიდი საერთო საფუძველია“.
- კონტექსტისთვის: ტაივანი თვითმმართველი კუნძულია, რომელსაც პეკინი თავის ტერიტორიად აცხადებს და არ გამორიცხავს მის ძალის გამოყენებით აღებას. ბოლო წლებში პეკინმა გააძლიერა სამხედრო წვრთნები, მათ შორის ბლოკადის სიმულაციები, კუნძულის გარშემო, რამაც შეაშფოთა როგორც ტაივანის ხელისუფლება, ასევე კუნძულის მოკავშირეები. გასულ წელს ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა ტაივანისთვის 11 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვა, რაც პეკინმა მაშინვე დაგმო და დღევანდელი შეხვედრის წინ გააფრთხილა აშშ.
რა არის თუკიდიდეს ხაფანგი?
ტრამპისადმი მიძღვნილ შესავალ სიტყვაში სი ძინპინმა თუკიდიდეს ხაფანგი ახსენა – მაგრამ რა არის ეს?
ეს არის პოლიტიკური ტერმინი, რომელიც ამერიკელმა მეცნიერმა გრეჰემ ალისონმა გაავრცელა და აშშ-ჩინეთის ურთიერთობების აღსაწერად გამოიყენება.
ძველი ბერძენი ისტორიკოსის, თუკიდიდეს, მოხსენიებით, რომელმაც დაწერა ათენსა და სპარტას შორის ომის შესახებ, ტერმინი აღწერს სიტუაციას, როდესაც დამკვიდრებული ძალის მქონე დიდი სახელმწიფო შეშფოთებულია განვითარებადი ძალის აღზევებით, რაც იწვევს მეტოქეობას და საბოლოოდ კონფლიქტს.
ასე რომ, როდესაც სი ძინპინმა დღეს ტრამპს უთხრა, „დაძლიოს თუკიდიდეს ხაფანგი“, ის არსებითად მოუწოდებდა აშშ-ის ლიდერს, არ შეეშინდეს ჩინეთის აღზევების და, როგორც მოგვიანებით თქვა, გახდნენ „პარტნიორები და არა მეტოქეები“.
სი ძინპინი აშშ–ის წამყვან ხელმძღვანელებს შეხვდა
ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის ორსაათიანი ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ, სი ძინპინი აშშ-ის ბიზნეს ლიდერებს შეხვდა.
იგი აცხადებს, რომ ჩინეთის კარი ამერიკული ბიზნესისთვის უფრო ფართოდ გაიღება და დასძენს, რომ ამერიკულ ფირმებს ქვეყანაში უფრო ფართო პერსპექტივები ექნებათ.
მისი თქმით, ამერიკული კომპანიები ღრმად არიან ჩართულნი ჩინეთის ზრდაში, რამაც ორივე მხარემ ისარგებლა. ჩინეთის სახელმწიფო მედიასაშუალების, „სინხუას“ ცნობით, პეკინი მიესალმება აშშ-ს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას.
დონალდ ტრამპმა პეკინში 30 მსხვილი ტექნოლოგიური ბიზნესის აღმასრულებელი დირექტორი ჩაიყვანა იმ იმედით, რომ ჩინეთი კარებს მეტ ამერიკულ ფირმას გაუღებს. ამერიკულ დელეგაციაში იმყოფებიან Nvidia-ს ხელმძღვანელი ჯენსენ ჰუანგი და Apple-ის ხელმძღვანელი ტიმ კუკი, რაც ახალი გარიგებების იმედებს ზრდის.
აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთს ამერიკული საქონლის მეტი შესყიდვისკენ მოუწოდებს.
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ტრამპმა მასპინძლისადმი ქება-დიდება არ დაიშურა, როდესაც ის მე-15 საუკუნის ზეცის ტაძარს ათვალიერებდა, სადაც ჩინელი იმპერატორები ოდესღაც დიდი მოსავლისთვის ლოცულობდნენ.
ტრამპმა სი ძინპინს დიდი ლიდერი უწოდა, მოლაპარაკებებს „შესანიშნავი“ და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჩინეთი ულამაზესია.
რუსეთმა პუტინის ჩინეთში ვიზიტი გამოაცხადა
რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მაუწყებელი RT-ის ცნობით, კრემლმა ახლახან გამოაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ძალიან მალე ჩინეთს ეწვევა.

ვიზიტის თარიღი ჯერ არ დასახელებულა, თუმცა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ყველა მოსამზადებელი სამუშაო დასრულებულია.
პუტინი ჩინეთში ბოლოს 2025 წლის სექტემბერში იმყოფებოდა, როდესაც ის პეკინში გამართულ გრანდიოზულ სამხედრო აღლუმს და სამიტს დაესწრო. რუსული მედია ადრე იუწყებოდა, რომ ვიზიტი შესაძლოა მომავალ კვირას შედგეს.
მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ
