„არტემის II“-ის ეკიპაჟი მთვარეზე ისტორიული მისიის დასრულების შემდეგ დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდა
ოთხი ასტრონავტი, რომლებმაც NASA-ს „არტემის II“-ის მისიით მთვარის გარშემო იფრინეს, უზადო დაბრუნების შემდეგ წყნარ ოკეანეში უსაფრთხოდ დაეშვა.
ეკიპაჟის წევრები, როლებმაც ისტორიაში ნებისმიერ ადამიანზე უფრო შორს იმოგზაურეს დედამიწიდან, ახლა, ცხრადღიანი მოგზაურობის შემდეგ, ძალების აღდგენას ცდილობენ.
მათი კოსმოსური ხომალდი „ორიონი“ 38,600 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობდა, როდესაც დედამიწის ზედა ატმოსფეროს შეეჯახა და მის სითბოს დამცავ ფარზე მზის ზედაპირზე არსებული ტემპერატურის ნახევარი დაფიქსირდა.
მათი უსაფრთხო დაბრუნება გზას უხსნის „არტემისის“ პროგრამის შემდეგ ეტაპს, რომლის მიზანია ადამიანების მთვარის ზედაპირზე დაშვება და საბოლოოდ მთვარეზე მუდმივი ბაზის აშენება.
უკიდურესი სიცხის გამო, კაფსულამ, რომელსაც ასტრონავტებმა Integrity უწოდეს, დაშვების დროს ექვსი წუთით დაკარგა კავშირი ჰიუსტონში მისიის კონტროლთან.
მეთაურ რიდ უაისმენის ხმის გაგონებამ -„ჰიუსტონ, Integrity აქაა. ჩვენ თქვენი მშვენივრად გვესმის“ – ოვაციები გამოიწვია.
მისიის მაქსიმალური საფრთხის შემცველი მომენტი უკან მოტოვებული დარჩა, კოსმოსური ხომალდის წითელ-თეთრი პარაშუტები გაიხსნა, კაფსულა დიდებულად აიჭრა ცაში და არაერთხელ გაისმა აღფრთოვანებული კომენტარები NASA-ს ცენტრიდან, ვიდრე კაფსულა ოკეანის ზედაპირზე იდეალურად არ დაეშვა.

ასტრონავტები – უაისმენი, პილოტი ვიქტორ გლოვერი, მისიის სპეციალისტი კრისტინა კოხი და კანადელი ასტრონავტი ჯერემი ჰანსენი – ფრთხილად ამოიყვანეს კაფსულიდან და ვერტმფრენით გადაიყვანეს USS John P Murtha-ზე, სადაც მათ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ.
NASA-მ განაცხადა, რომ ისინი შაბათს ჰიუსტონში გაფრინდებიან, რათა ოჯახის წერვებს შეხვდნენ.
გემის მოლოდინში ისინი იღიმებოდნენ, საუბრობდნენ და ფოტოების გადაღებისას პოზირებდნენ.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მათ მოგზაურობას „სანახაობრივი“ უწოდა და ასტრონავტები თეთრ სახლში მიიწვია.
NASA-ს ჯერ არ განუცხადებია, თუ როდის გამოჩნდებიან ასტრონავტები პირველად საჯაროდ.
პრესკონფერენციაზე ფრენის დირექტორმა რიკ ჰენფლინგმა განაცხადა, რომ „ორიონის“ ეკიპაჟის შინ დაბრუნებას დიდი შფოთვა, მაგრამ ასევე დიდი თავდაჯერებულობა ახლდა.
„ყველამ შვებით ამოვისუნთქეთ, როგორც კი (კაფსულის) გვერდითი ლუქი გაიღო“, – თქვა მან.
„ბორტის ეკიპაჟი ბედნიერი და ჯანმრთელია და მზადაა ჰიუსტონში სახლში დასაბრუნებლად.“
ლორი გლეიზმა, NASA-ს მოქმედმა ასოცირებულმა ადმინისტრატორმა, ასტრონავტებს ქება მიუძღვნა და თქვა, რომ ოთხივე ინდივიდუალურად შთამბეჭდავი იყო, თუმცა მათი „გუნდური მუშაობა“ და „ამხანაგობა“ სიამაყის გრძნობის გამომწვევი იყო.
„ვფიქრობ, მათ ნამდვილად საოცარი წარმოდგენა შეგვიქმნეს იმის შესახებ, თუ რის მიღწევას ვცდილობდით“, – დასძინა მან და დაამატა: „ეს მთელი კაცობრიობის მისია იყო.“
„არტემის II“-ის მისიამ საბოლოო დაშვება აღმოსავლეთის დროით 19:33 საათზე (23:33 GMT) დაიწყო, როდესაც ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ აშენებული მომსახურების მოდული – ძრავებისა და მზის პანელების ცილინდრი, რომელიც „ორიონს“ მთვარის მოგზაურობის განმავლობაში კვებავდა – გამოეყო.
პირდაპირ ეთერში გადაღებულ სურათებზე ჩანდა, როგორ მოხდენილად მოცილდა კაფსულა და შინისკენ გამოემართა.
შემდეგ დადგა ყველაზე სარისკო მომენტი, რომელიც დედამიწის ატმოსფეროში ხელახლა შესვლასა და წყალში დაშვებას შორის პერიოდს მოიცავდა.
NASA-ს ტელევიზიით გაშუქების თანახმად, კაფსულა კალიფორნიის სანაპიროსკენ მიმავალ გზაზე ჰავაის სამხრეთ-აღმოსავლეთით ცის ვიწრო სამიზნეში მოხვდა.
შეშფოთებას გამოხატავდნენ კოსმოსური ხომალდის სითბურ ფართან დაკავშირებით, რომელიც კაფსულას იცავს უკიდურესი გადახურებისგან, როდესაც ის ატმოსფეროს ყველაზე სქელ ნაწილს ეჯახება.
2022 წელს „არტემისის“ სისტემის წინა, უპილოტო სატესტო ფრენის დროს, „ორიონის“ კაფსულის ფარი მოულოდნელი დაზიანდა, რამაც კითხვები გააჩინა იმის შესახებ, თუ რამდენად შეიძლება გაცხელებულიყო შიდა სივრცე პილოტირებული მისიის დროს, მიუხედავად იმისა, რომ „არტემის I“-ზე ტემპერატურა უსაფრთხო ზღვრებში დარჩა.
ინჟინრებმა ამას კოსმოსური ხომალდის ატმოსფეროში ხელახლა შესვლის გზის შეცვლით უპასუხეს, რაც, სიმულაციების მიხედვით, ფარზე თერმულ დატვირთვას შეამცირებდა. ეს მისია იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ფრენის დროს ახალი დაბრუნების გზა სცადეს.
სრულ მონაცემებს უნდა დაველოდოთ, რათა ვნახოთ, რამდენად შემცირდა გათბობა, თუმცა ინჟინრების გადაწყვეტილებამ ცალსახად შეასრულა თავისი საქმე და ეკიპაჟი უსაფრთხოდ დააბრუნა სახლში.
„არტემისის“ პროგრამის მიზანია მთვარის კვლევის გააქტიურება, 1972 წლის შემდეგ პირველად მთვარეზე ადამიანების დაშვება, მთვარის მუდმივი ბაზის შექმნა და მარსზე ეკიპაჟიანი მისიის გაგზავნა.
NASA-ს შემდეგი ფრენა, „არტემის III“, 2027 წლის შუა პერიოდისთვის არის დაგეგმილი, მთვარეზე პირველი რეალური დაშვება კი – Artemis IV – 2028 წლისთვისაა ნავარაუდევი.
დედამიწაზე დღევანდელი დაბრუნება ადასტურებს, რომ აპარატურა მუშაობს, ტრაექტორია შენარჩუნებულია და ადამიანებს მისი ატანა შეუძლიათ. საფუძველი ჩაყრილია, თუმცა ყველაზე რთული პერიოდი ჯერ კიდევ წინ არის.
მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ BBC-ის მიხედვით
