ირანი აცხადებს, რომ საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში მას „ახალი კარტები“ აქვს
ირანის პარლამენტის სპიკერის, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფის თქმით, თეირანი „ბრძოლის ველზე ახალ კარტებს“ ამზადებს, თუ აშშ-სთან ბრძოლა განახლდება.
როგორც BBC იუწყება, პაკისტანში სამშვიდობო მოლაპარაკებების პოტენციური მეორე რაუნდის სტატუსი გაურკვეველია, რადგან არც ერთი მხარისგან არ დადასტურებულა მათი გაგრძელების თაობაზე ინფორმაცია.
თუმცა, როგორც ამერიკული მედია წერს, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სამშაბათს პაკისტანში გაემგზავრება, მაგრამ თეირანი აცხადებს, რომ ისლამაბადში მოლაპარაკებების „შემდეგი რაუნდის“ გეგმები არ აქვს.
ორ ქვეყანას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ვადა ოთხშაბათს, 22 აპრილს, ეწურება. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი გახანგრძლივება „ძალიან ნაკლებად სავარაუდოა“.
თეირანში არსებობს შეშფოთება, რომ მოლაპარაკებები ირანელებისთვის ისეთი მოთხოვნების წაყენებას გამოიწვევს, რომელზე თანხმობისთვისაც ისინი მზად არ არიან, – წერს BBC-ის მთავარი საერთაშორისო კორესპონდენტი.
ირანსა და აშშ-ს შორის ისლამაბადში დაგეგმილი მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდთან დაკავშირებით დიდი გაურკვევლობის ფონზე ირანელი ოფიციალური პირების უმეტესობა აშშ-ის მიმართ სკეპტიციზმით საუბრობდა, თუმცა ეს სიახლე არ არის.
მიუხედავად იმისა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ 20 აპრილს თავის პაკისტანელ კოლეგას განუცხადა, რომ აშშ-ის ქმედებები, განცხადებები და „გადაჭარბებული მოთხოვნები“ ვაშინგტონის „დიპლომატიისადმი არასერიოზულობის“ მანიშნებელია, დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა თქვა, რომ ირანს „შემდეგი რაუნდისთვის გეგმები არ აქვს“.
მას შემდეგ, რაც ტრამპმა მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი გამოაცხადა, ირანის პარლამენტის სპიკერისგან, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფისგან, რომელიც ისლამაბადში მოლაპარაკებების დროს დელეგაციას ხელმძღვანელობდა, ჯერ კიდევ არ გაკეთებულა კომენტარი მიმდინარეობს თუ არა ახალი მოლაპარაკებებისთვის მზადება.
ამასობაში, ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ დიპლომატია „დაძაბულობის შესამცირებლად უნდა იქნას გამოყენებული“, თუმცა ჩნდება კითხვა, თუ რეალურად რამდენად დიდი ძალაუფლება აქვს მას ირანულ პოლიტიკაში.
ირანის ისტებლიშმენტის შიგნით არიან პირები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან აშშ-სთან მოლაპარაკებებს, მათ შორის მკაცრი ხაზის სასულიერო პირები. თუმცა, ჯერ კიდევ გასარკვევია, შეძლებენ თუ არა ისინი მოლაპარაკებების სრულად შეჩერებას.
ამასობაში, ტრამპი აცხადებს, რომ იგი არ იმყოფება ზეწოლის ქვეშ თეირანთან შეთანხმების დადების კუთხით და დასძენს, რომ ირანთან გარიგება „შედარებით სწრაფად“ იქნება მიღწეული.
ამასთან, ტრამპის მიიჩნევს, რომ ირანიდან გამდიდრებული ურანის გატანა „ხანგრძლივი და რთული“ პროცესი იქნება.
„ოპერაცია „შუაღამის ჩაქუჩი“ ირანში ბირთვული მტვრის ობიექტების სრულად და საბოლოოდ განადგურება იყო. ამიტომ, მისი ამოთხრა ხანგრძლივი და რთული პროცესი იქნება. ყალბი მედია „სიენენი“ და სხვა კორუმპირებული მედიასაშუალებები და პლატფორმები ჩვენს დიდებულ ავიატორებს სათანადო პატივს არ სცემენ“, – დაწერა პრეზიდენტმა Truth Social-ზე.
ოპერაცია „შუაღამის ჩაქუჩი“ აშშ-ის მიერ 2025 წლის ივნისში განხორციელებული ოპერაციის კოდური სახელწოდებაა, რომლის ფარგლებშიც აშშ-ის 125 სამხედრო თვითმფრინავის სამიზნე ირანის სამი ბირთვული ობიექტის გახადა: ფორდო, ნათანზი და ისპაჰანი.
ამასობაში, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში „ნორმალური მოძრაობა“ „უნდა შენარჩუნდეს“.
მან ეს კომენტარები 20 აპრილს, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა.
ტრამპი და სი ძინპინი მაისში ჩინეთში შეხვდებიან ერთმანეთს. ტრამპის პეკინში აპრილში დაგეგმილი ვიზიტი ირანთან აშშ-ისრაელის ომის გამო გადაიდო.

