საქართველო

ირაკლი კობახიძემ საკადრო ცვლილებების შესახებ გამოაცხადა

admin 2 დღის წინ

საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს მამუკა მდინარაძე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მამუკა მდინარაძეს ასევე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა.

„გვინდა, საზოგადოებას გავუზიაროთ ინფორმაცია აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილების შესახებ. პირველ რიგში, გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ბატონი მამუკა მდინარაძე, რომელსაც ასევე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშვნის შემდეგ ბატონ მამუკა მდინარაძეს მოუწია ჩამოშორებოდა პოლიტიკურ საქმიანობას, ახალი პოზიციიდან ის დაუბრუნდება პოლიტიკურ საქმიანობას, რაც გააძლიერებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებას. შესაბამის კანონპროექტს საქართველოს მთავრობა ხვალამდე წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. გვინდა ვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, კანონპროექტი მიიღოს მომავალ სასესიო კვირაში, დაჩქარებული წესით. მინდა, ბატონ მამუკა მდინარაძეს გადავუხადო მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე ძალიან წარმატებული საქმიანობისთვის. მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები, მისი ხელმძღვანელობით სამსახურში განხორციელდა სისტემური რეფორმები, ჩატარდა არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი სპეციალური ოპერაცია, დანაშაულთან ბრძოლის კუთხით იყო ძალიან წარმატებული ამ თვეების განმავლობაში სამსახურის საქმიანობა. განსაკუთრებით წარმატებული იყო სამსახურის საქმიანობა კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით და ამ ყველაფრისთვის, მინდა ბატონ მამუკას გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა“, – განაცხადა პრემიერმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძეს გელა გელაძე შეცვლის.

მთავრობის მეთაურმა გელა გელაძის მინისტრობის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ სისტემურ რეფორმებსა და ცვლილებებს გაუსვა ხაზი და მას ახალ პოზიციაზე წარმატება უსურვა.

„გვინდა, ვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, მომავალ სასესიო კვირაში აირჩიოს ბატონი გელა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. მინდა, ხაზი გავუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ მიღწევებს ამ თვეების განმავლობაში. განსაკუთრებით ეს შეეხება ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას, ნარკოტიკული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას, ბევრ სხვა მიმართულებას და აქაც ხაზი მინდა გავუსვა იმ სისტემურ რეფორმებსა და ცვლილებებს, რომელიც განხორციელდა შსს-ში. ამისთვის მინდა, გელა გელაძეს გადავუხადო მადლობა და ვუსურვო წარმატება ახალ პოზიციაზე,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

შინაგან საქმეთა მნისტრის პოსტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაიკავებს.

პრემიერის თქმით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდება უახლოეს დღეებში, საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე.

„საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას სულხან თამაზაშვილი დაიკავებს. მას მინდა მადლობა გადავუხადო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე წარმატებული საქმიანობისთვის. ბევრი კუთხით მოწესრიგდა მმართველობის საკითხები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ბევრი ცვლილება განხორციელდა, ბევრ ახალ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. ეს ყველაფერი განხორციელდა სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობით და მადლობა მას ყველაფრისთვის. მას ძალიან კარგად იცნობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. არის სტაჟიანი წარმომადგენელი ამ სისტემის. მინდა მას ვუსურვო წარმატებები შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდება უახლოეს დღეებში, საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა და აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, მთავრობის შემადგენლობაში სამი ვიცე-პრემიერი იქნება.