ეროვნული ბანკი: ინფლაციური მოლოდინები წინა თვესთან შედარებით შემცირებულია
საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის 2026 წლის ოქტომბრის გამოკითხვის შედეგებიდან ირკვევა.
კვლევის მიხედვით, ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ფასების ზრდას 6%-8%-ის ფარგლებში ან 8%-ზე მეტად ელოდებიან.
ამასთან, გაიზარდა იმ გამოკითხულთა წილი, რომლებიც მომდევნო ერთწლიან პერიოდში ფასების ზრდას შედარებით დაბალ, 0%-2%-ის, 2%-4%-ისა და 4%-6%-ის ინტერვალებში ვარაუდობენ.
შესაბამისად, გამოკითხვის შედეგები მიუთითებს, რომ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა შორის მომდევნო 1 წლის განმავლობაში ფასების ზრდასთან დაკავშირებული მოლოდინები წინა თვესთან შედარებით შემცირებულია.
ეროვნული ბანკის ცნობით, ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია სამწლიან პერიოდზეც. კვლევის თანახმად, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში ფასების ზრდას 4%-6%-ის, 6%-8%-ის ფარგლებში ან 8%-ზე მეტად ელოდებიან. ამავდროულად, გაიზარდა იმ გამოკითხულთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამწლიან პერიოდში ფასების ცვლილებას შედარებით დაბალ, 0%-2%-ისა და 2%-4%-ის ინტერვალებში ვარაუდობენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის გამოკითხვა ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა შეფასებებსა და მოლოდინებს ასახავს.