საქართველო

მარნეულის სოფელ ალავარის საჯარო სკოლის დირექტორი მულქადარ ისმაილოვი: ბოლო ათწლეულზე მეტია, რაც ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობაში მასობრივად შეიცვალა ქართული ენისადმი დამოკიდებულება

admin 8 საათის წინ

სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავარის საჯარო სკოლის დირექტორი მულქადარ ისმაილოვი აცხადებს, რომ არაქართულენოვან საჯარო სკოლებში ბილინგვური სწავლების დანერგვა განსაკუთრებით უწყობს ხელს სახელმწიფო ენის სწავლების დონის ამაღლებას.

„ჩვენს სკოლაში ბილინგვური სწავლება 2025-2026 სასწავლო წელს დაიწყო და პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები 5 საგანს სწავლობენ აზერბაიჯანულად და ქართულად. სულ ბილინგვურის 5 მასწავლებელი გვყავს. „მათემატიკა“, „ბუნებისმეტყველება“, „ჩვენი საქართველო“, „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება“ და „მე და საზოგადოება“ – ესაა იმ საგნების ჩამონათვალი, რომელიც ბილინგვური სწავლების პროგრამაშია შეტანილი. ამ მცირე პერიოდის მიუხედავად, უკვე გვაქვს გარკვეული პროგრესი და ვფიქრობ, მომავალში უფრო თვალშისაცემი იქნება შედეგები. ბუნებრივია, ამას ემატება ქართული ენის გაკვეთილები, კვირაში 5 საათი, რაც საუკეთესო პირობას ქმნის იმისათვის, რომ ბავშვებმა კარგად შეისწავლონ საქართველოს სახელმწიფო ენა. ამასთან, მომავალ სასწავლო წელს, თუკი პირველ კლასში 5 მოსწავლე გვეყოლება, მაშინ ქართულ სექტორსაც გავხსნით, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი სკოლისთვის“, – განაცხადა მულქადარ ისმაილოვმა.

დირექტორის თქმით, ბოლო ათწლეულზე მეტია, რაც ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობაში მასობრივად შეიცვალა ქართული ენისადმი დამოკიდებულება და უკვე მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აზერბაიჯანელების დიდ ნაწილს კარგად აქვს გაცნობიერებული სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობა.

„ადრე, საბჭოთა პერიოდში, მოგეხსენებათ, პრიორიტეტი რუსულ ენას ენიჭებოდა, არა მხოლოდ აზერბაიჯანელები, არამედ ქართველების ნაწილიც თავიანთ შვილებს რუსულ სკოლებში ასწავლიდნენ და შემდეგ მოსკოვში, მაშინდელ ლენინგრადში ან რუსეთის სხვა დიდ ქალაქებში აგზავნიდნენ სასწავლებლად. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დამოკიდებულება შეიცვალა. თუკი 15-20 წლის წინ აზერბაიჯანში მიდიოდნენ სწავლის გასაგრძელებლად ჩვენი არაქართულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები, ახლა მათი დიდი ნაწილი, შეიძლება ითქვას უმრავლესობა, საქართველოში, ძირითადად თბილისში განაგრძობს სწავლას.

„არაერთი წარმატებული მოსწავლე აღზარდა ჩვენმა პატარა სკოლამაც. მიუხედავად იმისა, რომ მცირეკონტინგენტიანი საბაზო სკოლაა – წელს 25 ბავშვი ირიცხება – მაინც გვყავს ისეთი მოსწავლეები, რომლებიც ჩვენგან ქალაქ მარნეულის №1 საჯარო სკოლაში გადასვლისა და იქ სწავლის დასრულების შემდეგ, წარმატებით აბარებენ თბილისის უნივერსიტეტებში და წარმატებითვე ასრულებენ სწავლას.

„მაგალითად, გასულ წელს ჩვენმა სამმა მოსწავლემ დაამთავრა მარნეულის №1 საჯარო სკოლა და სამივემ თბილისში ჩააბარა. წელს ერთი ამთავრებს და ისიც აპირებს ჩაბარებას. გვახარებს ის ფაქტი, რომ მარნეულის №1 საჯარო სკოლის დირექტორმაც აღნიშნა, რომ ჩვენგან გადასული მოსწავლეები არა მარტო ქართულს, არამედ სხვა საგნებსაც ძალიან კარგად სწავლობენ და წარმატებით აბარებენ თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში“, – თქვა მულქადარ ისმაილოვმა.

სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავარის საჯარო სკოლის დირექტორი მულქადარ ისმაილოვი

დირექტორის თქმით, ალავარის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ქართული ენის შესწავლის თვალსაზრისით ხელისშემყობი ფაქტორია ისიც, რომ მათ ქართული სოფლები – დიოკნისი და თამარისი ესაზღვრება და აზერბაიჯანული და ქართული ოჯახების ერთმანეთთან უფრო მეტი კონტაქტის ფონზე მოზარდების ურთიერთობაც უფრო მჭიდრო ხდება.

„მოგეხსენებათ, ენის შესწავლისას, განსაკუთრებით საუბრის ნაწილში, დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს. მიუხედავად იმისა, რომ ქართულის, როგორც მეორე ენის მაღალკვალიფიციური მასწავლებლები გვყავს და ისინი ზედმიწევნით კარგად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, ენის შესწავლისას მაინც ერთ-ერთი გადამწყვეტი ის გარემოა, სადაც მოზარდს უწევს ცხოვრება და კონტაქტი. ვერ ვიტყვი, რომ განებივრებულები არიან ჩვენი ბავშვები ქართულ გარემოში ყოფნით, მაგრამ მაინც აქვთ ურთიერთობა მეზობელი სოფლების ქართველ ბავშვებთან და ამით უფრო იმდიდრებენ თავიანთ ლექსიკას. მაგრამ მთვარი გარდატეხა მაინც თბილისში წასვლის შემდეგ ხდება, იქ უკვე ქართულ გარემოში მოხვედრილი სტუდენტები, დროთა განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ ქართველებივით ეუფლებიან ქართულ ენას.

„უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სახელმწიფოს მხრიდან საოცრად დიდი ხელშეწყობაა როგორც სკოლებში, ისე უნივერსიტეტებში. მოგეხსენებათ, უმაღლეს სასწავლებლებში დანერგილი „4+1“ პროგრამა ჩვენგან წასულ ახალგაზრდებს 1 წლის განმავლობაში სახელმწიფო ენის უფრო სრულყოფილად დაუფლების საშუალებას აძლევს. უკვე გითხარით, რომ საჯარო სკოლებში მაქსიმალური პირობებია შექმნილი. ვინც ამ შესაძლებლობებს იყენებს, მიზანსაც აღწევს, ვინც არა, უკვე თავის თავს უნდა დააბრალოს. ჩვენ არ ვაკლებთ მცდელობას, თუმცა მთავარი სათქმელი მაინც ბავშვებმა უნდა თქვან“, – განაცხადა მულქადარ ისმაილოვმა.

guardiange