ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს შესახებ რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი მიიღო.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 436-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 145-მა.
როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ევროპარლამენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის, დემოკრატიული რეგრესის, მზარდი რეპრესიის, არამართლზომიერი დაკავებების, შეუპოვარი მტრული რიტორიკის, დეზინფორმაციისა და მუქარის პირობებში.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ქართველი ხალხის თითქმის 75% კვლავ ემხრობა ევროკავშირთან შემდგომ ინტეგრაციას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ევროკავშირის კარი ფართოდ ღია რჩება ქართველი ხალხისთვის, რათა დაუბრუნდნენ ევროპულ გზას;
ღრმა იმედგაცრუებით აღვნიშნავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ, ფაქტობრივად, გააუქმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი. ვწუხვართ იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირობების ცხრავე პრიორიტეტის განხორციელებაში უკუსვლა შეინიშნება. ხაზგასმით აღვნიშნავთ არათანმიმდევრულობას „ქართული ოცნების“ განცხადებებში, რომლის თანახმად, ევროკავშირთან ინტეგრაცია მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, მაშინ, როდესაც, ამავდროულად, მისი მაღალჩინოსნები და მთავრობასთან დაკავშირებული მედია ახორციელებენ ორგანიზებულ და სისტემურ კამპანიას, რომელიც ავრცელებს რუსული სტილის მანიპულაციურ ნარატივებს, დეზინფორმაციასა და კონსპირაციულ თეორიებს ევროკავშირის, მისი მაღალჩინოსნებისა და დიპლომატების წინააღმდეგ;
ვწუხვართ იმ ფაქტის გამო, რომ 2024 წლის ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო გაამძაფრა სრული ავტორიტარიზმისკენ სვლა. შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების სწრაფი რღვევის გამო, მისი დემოკრატიული ინსტიტუტების, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და დემოკრატიული პლურალიზმის წინააღმდეგ მიზანმიმართული თავდასხმების გზით, რაც სრულად ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელი დემოკრატიული განვითარების მოთხოვნებს; ვიზიარებთ ევროკომისიის შეფასებას, რომ ძირეული ინსტიტუტები, როგორებიცაა ცენტრალური საარჩევნო კომისია, კომუნიკაციების კომისია, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საკონსტიტუციო სასამართლო, პროკურატურა, ეროვნული ბანკი, ასევე, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურები, არ ხასიათდებიან მიუკერძოებლობით, დამოუკიდებლობითა და დემოკრატიული ზედამხედველობით; ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველო ვერ შეძლებს რაიმე წინსვლას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, ვიდრე არ დაუბრუნდება დემოკრატიული რეფორმების გზას და, სხვა საკითხებთან ერთად, არ უზრუნველყოფს თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებს, არ დაიცავს ოფიციალური ინსტიტუტების დამოუკიდებლობას, ეფექტურად არ გადაჭრის ოლიგარქიული კონტროლის საკითხს და არ გააუმჯობესებს ადამიანის უფლებებისა და მედია თავისუფლების დაცვას“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
ამასთან, რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი „ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ძირითადი ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორების და სხვა თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიული უკუქცევის, არჩევნების გაყალბების, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების, საქართველოში პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე, ასევე, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული კომპანიებისა და მედიასაშუალებების თანამფლობელების მიმართ დაწესებული მიზანმიმართული პერსონალური სანქციები, დაუსჯელობის წინააღმდეგ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს“.
„მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის დონეზე ერთსულოვნების არარსებობის პირობებში, წევრი სახელმწიფოების მზარდი რაოდენობა აწესებს ინდივიდუალურ სავიზო შეზღუდვებს და სხვა სანქციებს საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ;
მოვუწოდებთ სხვა წევრ სახელმწიფოებსაც, მიჰყვნენ ამ მაგალითს. კიდევ ერთხელ მტკიცედ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, დაუყოვნებლივ შემოიღონ მიზნობრივი პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ, მოვუწოდებთ ევროკავშირს, გაყინოს მისი აქტივები და ითანამშრომლოს ამ საკითხზე სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებთან“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
ამასთან, როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ევროპარლამენტი „გმობს თანამდებობის პირებისა და ინსტიტუტების სისტემურ დაუსჯელობას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პოლიტიკურ რეპრესიაზე, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებადამცველთა შევიწროებაზე და ოპოზიციური ფიგურების დევნაზე; ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროკავშირის რეაგირება დღემდე არაადეკვატური და დაგვიანებულია საქართველოში მზარდი ავტორიტარული კონსოლიდაციის გათვალისწინებით; მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, დაუყოვნებლივ მიიღონ კოორდინირებული, ევროკავშირის მასშტაბით მოქმედი შემაკავებელი ღონისძიებები ყველა პასუხისმგებელი პოლიტიკოსის, თანამდებობის პირისა და ხელშემწყობის წინააღმდეგ, მათ შორის, სანქციების სიის გაფართოება, აქტივების ყოვლისმომცველი გაყინვა და სავიზო შეზღუდვები სახელმწიფოს ხელში ჩაგდების, რეპრესიისა და რეჟიმის მიერ დაფინანსებული პროპაგანდის პასუხისმგებელ პირთა მიმართ“.
რეზოლუციაში ევროპარლამენტი „მოუწოდებს უნგრეთის ახალ მთავრობას, მოხსნას მისი წინამორბედის მიერ დაკისრებული ბლოკადა ევროკავშირის მასშტაბით მოქმედ მიზნობრივ სანქციებზე ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის წინააღმდეგ; მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს, განიხილოს კოლექტიური მექანიზმები იმ შემთხვევებში, როდესაც ერთსულოვნება შეუძლებელია, ეფექტური და ერთიანი ევროკავშირის რეაგირების უზრუნველსაყოფად“.
რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი „წუხს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ გადაუდგამს არანაირი ნაბიჯი მისი ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული კურსის შესაცვლელად; მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა მკაცრად უნდა იყოს განპირობებული მათ მიერ კონკრეტული და გადამოწმებადი ნაბიჯების მიღებაზე, რათა შეიცვალოს ამჟამინდელ დემოკრატიული რეგრესის, რეპრესიის, შეზღუდვებისა და ანტიევროკავშირული დეზინფორმაციის სასტიკი რუსული სტილის კამპანიის კურსი; ამასთან, ინარჩუნებს თავის წინა პოზიციებს პარლამენტისა და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარებასთან დაკავშირებით“.
„ვწუხვართ იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს პარლამენტი, ფაქტობრივად, ერთპარტიული პარლამენტია, რომელიც გაუაზრებლად ამტკიცებს საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელთა მიზანია პლურალისტური საპარლამენტო დემოკრატიის საფუძვლების მოშლა; შეშფოთებით აღვნიშნავთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს დე ფაქტო პარლამენტმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეიდან დროებით გასვლის შესახებ განაცხადა; კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებსა და პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრებისგან, ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტის ჩათვლით, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს დემოკრატიულ რეგრესსა და რეპრესიას; მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, გაამყარონ ერთიანი და კოორდინირებული მიდგომა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტების შეზღუდვასთან დაკავშირებით, მხოლოდ უკიდურესად აუცილებელ საკითხებამდე, ამავდროულად, შეინარჩუნონ და გააძლიერონ ჩართულობა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან, დამოუკიდებელ მედიასთან და აკადემიურ ინსტიტუტებთან; ვგმობთ ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების დიპლომატების, პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკების მიმართ მუდმივ აგრესიულ რიტორიკას; ხაზგასმით აღვნიშნავთ ევროპული ნორმების, დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული გზის პოპულარიზაციის გაგრძელების მნიშვნელობას საქართველოს მოსახლეობასა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულ პოლიტიკურ ძალებში. შეშფოთებით აღვნისნავთ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და სხვა მოკავშირეების მიმართ აგრესიულ რიტორიკას“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი „მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აღადგინოს დამსახურებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის გარანტიები, აღადგინოს ეფექტური სამართლებრივი დაცვა პოლიტიკურად მოტივირებული დათხოვნისგან და უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების ეფექტური განხორციელება; აღნიშნავს, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ბოიკოტი გამოუცხადა, რაც ასახავს საზოგადოების უმრავლესობის მიერ საარჩევნო პროცესის დამოუკიდებლობისადმი არსებულ ღრმა უნდობლობას; წუხს, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსში 2024 წლის დეკემბერში და 2025 წლის მარტსა და აპრილში შეტანილმა ცვლილებებმა კიდევ უფრო გაამყარა მმართველი პარტიის დომინირება და დააწესა ახალი შეზღუდვები ადგილობრივი დამკვირვებლების, მედიისა და საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციაზე“.
„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უგულებელყო ვენეციის კომისიის მოწოდებები 2024 წელს შეტანილი ცვლილებების გაუქმების შესახებ. ხაზს ვუსვამთ, რომ დაგვიანებული მოწვევის გამო ეუთო/ოდირის-ის სადამკვირვებლო მისიების არყოფნამ და შეზღუდვების გამო ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიების არარსებობამ სერიოზულად იმოქმედა საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასა და მისი შედეგების სანდოობაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ გაუმჯობესებული საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებისკენ, რომელიც უზრუნველყოფილია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციით, რათა მომავალი არჩევნები საერთაშორისო და ეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციების (NGO) ჯეროვანი მონიტორინგის ქვეშ ჩატარდეს. ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ 2025 წლის დეკემბრის საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილების გამო, რომელიც კრძალავს საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთიდან ხმის მიცემას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა ყველა მოქალაქის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ უფლებას წარმოადგენს და ხელმისაწვდომი უნდა იყოს, განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა. ვგმობთ უპრეცედენტო და სულ უფრო შემზღუდველი კანონმდებლობის მიღებას, რომლის მიზანია, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახადოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საერთაშორისო მხარდაჭერაზე წვდომა, ფინანსური საშუალებების ჩათვლით, და მოაკლოს ისინი ნებისმიერ დამოუკიდებელ დაფინანსებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ 2026 წლის 5 მარტს ძალაში შესული გრანტების შესახებ კანონში ბოლოდროინდელ ცვლილებებს, რომელიც მნიშვნელოვნად აფართოებს ცნებას, რა მიიჩნევა „გრანტად“ და სისხლისსამართლებრივ დანაშაულად აქცევს საზღვარგარეთიდან გრანტების ან დაფინანსების მიღებას, მთავრობის წინასწარი ავტორიზაციის გარეშე, რომელიც ისჯება ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ეს წარმოადგენს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების პირდაპირ დარღვევას; მოვუწოდებთ პოლიტიკური ფონდების, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და განვითარების სააგენტოების დაცვისკენ; შევახსენებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ორგანიზაციების ნებისმიერი შევიწროება პირდაპირ შედეგებს გამოიწვევს; ეს ცვლილებები მოჰყვა 2025 წლის აპრილში მიღებულ ცვლილებებს გრანტების შესახებ კანონში, რომელმაც უკვე მნიშვნელოვნად შეამცირა საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობები და შემოიღო მოთხოვნა საერთაშორისო დონორებისთვის, წინასწარ მიეღოთ სახელმწიფო ორგანოების დასტური გრანტებზე, ასევე, დააწესა შემზღუდავი კონტროლი და სადამსჯელო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მიმღებთათვის, რაც მიზნად ისახავს ორგანიზაციების მიერ საერთაშორისო დახმარების, მათ შორის ევროკავშირისგან დაფინანსების მიღების შეფერხებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ „გრანტის“ ფართო განსაზღვრებამ შესაძლოა, მოიცვას ფართო სპექტრის ტრანზაქციები, რომელიც წინასწარ დამტკიცებას ექვემდებარება და ნებისმიერი მოქალაქე შესაძლოა, გახადოს მთავრობის მიერ დევნის პოტენციური სამიზნე. შეშფოთებით აღვნიშნავთ რვაწლიან აკრძალვას პარტიაში გაწევრიანებაზე ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც ოდესმე უმუშავია ორგანიზაციაში, რომელიც უცხოურ დაფინანსებაზე იყო დამოკიდებული, რის გამოც სოციალურად აქტიური პირების დიდ ოდენობას ეკრძალება პარტიულ პოლიტიკაში მონაწილეობა; მტკიცედ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ღონისძიებები საქართველოში დარჩენილი დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დასაცავად და შესანარჩუნებლად“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი „გმობს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მუდმივ მცდელობებს, პოლიტიკური ოპონენტების დევნის, არამართლზომიერი დაკავებისა და დაპატიმრების, მუქარისა და ფიზიკურ თავდასხმების ჩათვლით. გმობს პოლიტიკურ ოპონენტთა დაპატიმრებას საქართველოს დე ფაქტო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარის გამო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა, როგორც პოლიტიკური საჩვენებელი პროცესის ფორმა, რომლის მიზანი იყო, გზა გაეხსნა პოლიტიკურ ოპონენტთა შემდგომი დევნისა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვისთვის; ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიტიკური პატიმრების არსებობა შეუთავსებელია საქართველოს ვალდებულებებთან ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში“.
„მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ნიადაგზე დაპატიმრებული პირის, ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და ყოფილი მაღალჩინოსნების ჩათვლით, დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლებისკენ. აღვნიშნავთ, რომ დე ფაქტო პრეზიდენტმა ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შეიწყალა მუნიციპალური არჩევნების წინ, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო კონკურენტული არჩევნების ფასადის შექმნა. მტკიცედ ვიმეორებთ მოთხოვნას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებელ გათავისუფლების შესახებ, ჰუმანიტარული მოსაზრებიდან გამომდინარე, რათა მან საჭირო სამედიცინო მკურნალობის საზღვარგარეთ მიღება შეძლოს. ამასთან, მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ევროპარლამენტის წევრებისთვის შეუზღუდავი წვდომა მიხეილ სააკაშვილთან და სხვა პოლიტიკურ პატიმრებთან.
ბრალის აღიარებისა და კორუფციის სანდო საჯარო მტკიცებულების არსებობის მიუხედავად, ექსპრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, აკმაყოფილებდა თუ არა პროცესი სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს. ეს საქმე ასახავს უფრო ფართო შეშფოთებას პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, არაფორმალური ძალაუფლების სტრუქტურებთან და მმართველ „ქართულ ოცნებაში“ შინაგან დანაწევრებასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის როლის ჩათვლით“, -ნათქვამია რეზოლუციაში.
რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია: „მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დანერგოს დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების მექანიზმები, უზრუნველყოს სასამართლოს მიუკერძოებლობა და პასუხისგებაში მისცეს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის ჩამდენი პირები, საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისად; ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმისკენ, მათ შორის სასამართლო თანამდებობის პირებისთვის ფიქსირებული, არაგანახლებადი ვადების, გამჭვირვალე დანიშვნის პროცედურებისა და კეთილსინდისიერების შემოწმებების შემოღების ჩათვლით, საერთაშორისო ექსპერტთა მონაწილეობით, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის გასაძლიერებლად.
იმედგაცრუებით აღვნიშნავთ 2022 წელს დაარსებული ანტიკორუფციული ბიუროს დაშლას, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასწოროს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურა, კვალიფიციური საპარლამენტო უმრავლესობის მოთხოვნით და პროკურატურის შესახებ კანონი ევროპული სტანდარტებს შეუსაბამოს;
მოვუწოდებთ საქართველოს სახალხო დამცველს, გააძლიეროს მისი მანდატის შესრულება და გამოიყენოს ყველა ხელმისაწვდომი მექანიზმი ადამიანის უფლებების დასაცავად. ამავდროულად, ჩაერთოს ადამიანის უფლებათა დამცველებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსტრუქციულ დიალოგსა და თანამშრომლობაში. ხაზგასმით აღვნიშნავთ მისი მანდატის ნებისმიერი შერჩევითი გამოყენების თავიდან აცილების აუცილებლობას, როგორც ეს მითითებულია საქართველოს შესახებ კომისიის 2025 წლის ანგარიშში; ხაზგასმით აღვნიშნავთ სახალხო დამცველის გამორჩეულ უფლებამოსილებას, მოითხოვოს ეუთოს/ოდირისგან საკანონმდებლო დასკვნები ავტორიტარული ან არადემოკრატიული კანონმდებლობის შესახებ“.
რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი „წუხს, დეოლიგარქიზაციის კუთხით მიღწეული პროგრესის ნაკლებობაზე და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს სისტემური მიდგომა ვენეციის კომისიის შესაბამისი რეკომენდაციების მიხედვით, მათ შორის გამჭვირვალობის მოთხოვნების გაძლიერების, ინტერესთა კონფლიქტის ეფექტური წესების და პოლიტიკურ და ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე არასათანადო გავლენისგან დაცვის ზომების მეშვეობით“.
„მკაცრად ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების მცდელობებს, აკრძალოს ოპოზიციური პარტიები. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ეს მცდელობები და უკან გაიწვიოს დე ფაქტო პარლამენტის 88 წევრის მიერ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც მოითხოვს სამი მთავარი ოპოზიციური პარტიის — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ და „ლელო- ძლიერი საქართველოს“ – საქმიანობის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას და მათი რეგისტრაციის გაუქმებას; ხაზგასმით აღვნიშნავთ იმ ფაქტს, რომ ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნიან ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებსა და პოლიტიკურ პლურალიზმს; ხაზს ვუსვამთ, რომ ჯანსაღ დემოკრატიას სჭირდება სამართლიანი და თავისუფალი კონკურენცია სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის;
გამოვხატავთ მტკიცე უკმაყოფილებას სისხლის სამართლის კოდექსში ახალი მუხლის ბოლოდროინდელ შემოღებასთან დაკავშირებით, რომელიც კრძალავს ხელისუფლების „საჯარო და სისტემურ“ კრიტიკას ან მისი ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენებას, ასევე „იმავე პირის მიერ ჩადენილ ნებისმიერ სხვა საჯარო და სისტემურ ქმედებას“, რომელიც ფართოდ ღია რჩება ინტერპრეტაციისთვის, მაგრამ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით; ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს საშუალებას იძლევა გამოხატვის თავისუფლების ფაქტობრივი კრიმინალიზაციისა და მოვუწოდებთ მთავრობას, გააუქმოს ეს კანონი“, – ნათქვამია მიღებულ რეზოლუციაში.
ამავდროულად, როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ევროპარლამენტი „უკიდურესად შეშფოთებულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მიიღო რიგი საკანონმდებლო აქტები, რომელთა მიზანია სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ჩახშობა, პლურალიზმის შემცირება, როგორებიცაა — „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონი, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შემზღუდველი ცვლილებები, საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი და სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსში გამკაცრებული დებულებები“.
„ვგმობთ საკანონმდებლო ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული კოდექსებით გათვალისწინებული ჯარიმების ზრდას იწვევს, რაც სულ უფრო ხშირად იწვევს იმ მომიტინგეების დაპატიმრებას, რომლებსაც ამ ჯარიმების გადახდა არ შეუძლიათ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირი“, – წერია რეზოლუციაში.
ევროპარლამენტი „აფრთხილებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მცდელობები, გადააქციოს საქართველოს დინამიური სამოქალაქო საზოგადოება მთავრობის მოკავშირე ორგანიზებიების მკაცრად კონტროლირებად გარემოდ, წარმოადგენს კიდევ ერთ ნაბიჯს ავტორიტარული რეჟიმისკენ“.
„შევახსენებთ, რომ ამ კანონების უმეტესობა ძირეულად იმეორებს პუტინის ტოტალიტარული რეჟიმის ადრეულ განვითარებებს რუსეთში. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ეს საკანონმდებლო აქტები, როგორც ქმედითი ნაბიჯი მისი ევროკავშირისკენ მიმავალი გზის უკან დასაბრუნებლად; ვგმობთ ელენე ხოშტარიას მიმართ მისი დაკავების დროს, ცნობების თანახმად, ჩადენილ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას. ვითხოვთ მის დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების დაუყოვნებელ გაუქმებას.
ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ, რომ გრძელდება მომიტინგეებისა და აქტივისტების წინააღმდეგ ადმინისტრაციული დაკავების ბოროტად გამოყენება. აღვნიშნავთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეში „მექვაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, რომელმაც დაადგინა, რომ მხოლოდ პოლიციის ჩვენებაზე დაყრდნობამ, დამოუკიდებელი მტკიცებულების გარეშე, ხელყო სამართლიანი სასამართლოს გარანტიები და ხელი შეუწყო არაპროპორციული სანქციების დაკისრებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პროცედურების რეფორმისკენ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად; ვგმობთ სანდო ცნობებს ძალის გადაჭარბებული გამოყენების, წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ მომიტინგეებისა და დაკავებულების წინააღმდეგ, მათ შორის წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ბოლოდროინდელ დასკვნებს, რომლებიც ადასტურებს პოლიციის მხრიდან ძალადობის, დაცვისა და ანგარიშვალდებულების სისტემატური ხარვეზების შესახებ ბრალდებებს;
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს დაუყოვნებელი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება, პასუხისგებაში მისცეს პასუხისმგებელი პირები და სრულად განახორციელოს CPT-ის რეკომენდაციები; ვგმობთ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოთა მხრიდან ვერბალური და ფიზიკური ძალადობის, გაუპატიურების მუქარისა და გენდერული ნიშნით სხვა ძალადობის, არამართლზომიერი ჩხრეკის გაზრდილ ტენდენციას მომიტინგეების, განსაკუთრებით, ქალი მომიტინგეების, წინააღმდეგ, რაც წარმოადგენს დისიდენტთა დაშინებისა და ქართველების გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების ფუნდამენტური უფლებების ჩახშობის კამპანიის ნაწილს;
ვგმობთ მიღებულ კანონმდებლობას, რომელიც ითვალისწინებს ავტომატურ დაკავებას და შემდგომ სისხლისსამართლებრივ სანქციებს, ერთწლამდე თავისუფლების აღკვეთის ჩათვლით, იმ ინდივიდთათვის, რომლებიც მშვიდობიანად მონაწილეობენ მიტინგებში ტროტუარებსა და ფეხით მოსიარულეთა ბილიკებზე; ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ასეთი ღონისძიებები წარმოადგენს რეპრესიულ ინსტრუმენტებს, რომელთა მიზანია პოლიტიკური მიზნებით განსხვავებული აზრის ჩახშობა; ვგმობთ პირების ხშირ დაკავებას სოციალურ მედიაში საკუთარი მოსაზრებების გაზიარების გამო. გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას ბრალდებების გამო, რომელთა თანახმად, საქართველოში პროტესტების ფონზე ინდივიდთა წინააღმდეგ შესაძლოა, გამოყენებული ყოფილიყო აკრძალული ქიმიური ნივთიერება. ხაზს ვუსვამთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ნებისმიერი ქიმიური ნივთიერების გამოყენება თუ დადასტურდება, წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმებისა და საერთაშორისო სამართლის, მათ შორის ქიმიური იარაღის აკრძალვის არსებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას. საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარებული არასაკმარისი გამოძიების გამო, მოვუწოდებთ ამ ბრალდებებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიებისკენ; მოვუწოდებთ ქიმიური იარაღის აკრძალვის გაერო-ს ორგანიზაციას გამოძიების ჩატარებისკენ და მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, გადასცენ ეს საქმე შემდგომი გამოძიებისთვის“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
ამასთან, რეზულუციის თანახმად, ევროპარლამენტი „ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევისა და მოწყვლადი ჯგუფების, LGBTIQ+ პირთა ჩათვლით, დისკრიმინაციის გამო“.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს დარღვევები შეუთავსებელია საქართველოს ვალდებულებებთან ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სტანდარტების ფარგლებში. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას გამოხატვის თავისუფლების, შეკრების, გაერთიანებისა და პოლიტიკური მონაწილეობის უფლებები, უზრუნველყოს ყველა ადამიანის უფლებათა დამცველისა და აქტივისტის უსაფრთხოება, დაცვა და ეფექტური სამართლებრივი საშუალებები. მკაცრად მოვუწოდებთ ევროკავშირს და წევრ სახელმწიფოებს, აკონტროლონ ეს დარღვევები, უზრუნველყონ მხარდაჭერა და დაცვა რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის და დააკავშირონ ევროკავშირის დახმარების, თანამშრომლობისა და გაწევრიანების სფეროში მიღწეული პროგრესი ადამიანის უფლებების დაცვის ხელშესახებ გაუმჯობესებასთან“, – წერია რეზოლუციაში.
ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გააუქმოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი, რომლის დებულებები უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს, მათ შორის თანასწორობის, დისკრიმინაციისგან დაცვის, განათლების, ჯანმრთელობის, გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების, აგრეთვე პირადი ცხოვრების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებებს“.
„ევროპარლამენტი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს LGBTIQ+ თემს და ღრმა აღშფოთებით უყურებს კანონში არსებულ მცდარ გათანაბრებას ნებაყოფლობით ერთსქესიან ურთიერთობებსა და ინცესტს შორის; რეზოლუცია იხსენებს, რომ რუსეთში პუტინის რეჟიმის დროს მსგავსმა კანონებმა გზა გახსნა უმცირესობების ფართო რეპრესიებისა და, საბოლოოდ, დაშინებისა და დისკრიმინაციის ატმოსფეროსთვის რუსეთში. სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს ჭიათურის რეგიონში ევროკავშირის ბაზრისთვის მარგანეცის მოპოვების შედეგად შექმნილი მდგომარეობის გამო და მოუწოდებს განხორციელდეს კორპორატიული მდგრადობის კუთხით სათანადო გულმოდგინების დირექტივა, რადგან ევროკავშირი პასუხისმგებელია ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობისა და გარემოს დაცვაზე , რომელიც ნადგურდება მოპოვებით გამოწვეული დაზიანებების შედეგად. რეზოლუცია კვლავ გამოხატავს წინააღმდეგობას საქართველოს შრომის კანონმდებლობაში რეგრესის მიმართ, როგორც ეს ჩანს სახელმწიფო სამსახურის შესახებ კანონში 2024 წელს შეტანილ ცვლილებებში; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაიცვას შრომითი სამართლის სტანდარტები და თავი შეიკავოს შრომითი უფლებების შეზღუდვისგან; იხსენებს, რომ ევროკავშირის სამართლებრივი სივრცე მოიცავს შესაბამისობას საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის კონვენციებთან, ევროპულ სოციალურ ქარტიასთან და სამუშაო პირობებზე ევროკავშირის კანონმდებლობასთან“, – ნათქვამია რეზოლუციაში, როგორც ამას საქართველოს პირველი არხი იტყობინება.
ამასთან, რეზოლუციაში ნათქვამია: „ვგმობთ „ქართული ოცნების“ მომხრე მედიასაშუალებების, მათ შორის „ტვ იმედის“ , PosTV-ისა და „რუსთავი 2“ -ის როლს სისტემატური დეზინფორმაციის, შავი პიარის კამპანიებისა და მტრული პროპაგანდის გავრცელებაში ევროკავშირის, მისი ინსტიტუტებისა და წარმომადგენლების, განსაკუთრებით კი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიპლომატების წინააღმდეგ;
აღვნიშნავთ გაერთიანებული სამეფოს მიერ „ტვ იმედისა“ და PosTV-ის წინაააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას. მოვუწოდებთ ევროკავშირის ინსტიტუტებს, გადახედონ ასეთი მედიასაშუალებების აკრედიტაციას ევროკავშირის ინსტიტუტებში და მოვუწოდებთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, მიბაძონ გაერთიანებული სამეფოს მაგალითს, მიიღონ შესაბამისი და პროპორციული შემზღუდველი ღონისძიებები იმ პირებისა და სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ დეზინფორმაციის კამპანიების ორგანიზებასა და დაფინანსებაზე, მათ შორის ევროკავშირის გლობალური ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმის ფარგლებში. მოვუწოდებთ, ევროკავშირის სანქციების სიაში შეიტანონ საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიისა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის წევრები“.