აშშ-ირანის ცეცხლის „მყიფე“ შეწყვეტის შესახებ შეშფოთების ფონზე ნავთობის ფასები იზრდება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ირანთან ცეცხლის ორი კვირით შეწყვეტისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ნავთობზე ფასების 15%-ით დაწევიდან მალევე, ნავთობის გლობალური ფასები ისევ გაიზარდა, რადგან იზრდება შეშფოთება იმის თაობაზე, შენარჩუნებული იქნება თუ არა აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანზე ისრაელის მიერ თავდასხმების ტალღის დაწყებიდან გამომდინარე.
ლიბანზე ისრაელის თავდასხმების შემდეგ თეირანმა განაცხადა, რომ თუ ეს გაგრძელდება, მას „სინანულის გამომწვევი პასუხი“ მოჰყვება, მაშინ როცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის ძალები რეგიონში დარჩებიან მანამ, სანამ ირანი „რეალურ“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ შეასრულებს.
აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმების გამოცხადებისა და ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, რაც მოიცავდა ჰორმუზის სრუტის საკვანძო მარშრუტის ხელახლა გახსნას ნავთობის ფასები ოთხშაბათს, 8 აპრილს, საგრძნობლად დაეცა.
როგორც BBC იტყობინება, ბრენტის ნავთობის ფასი 8 აპრილს თითქმის 15%-ით ჩამოვიდა დაბლა და ბარელზე 94 დოლარს მიაღწია.
ეს მნიშვნელოვანი ვარდნა იყო თითქმის 120-დოლარიან ნიშნულთან შედარებით, რაც ომის დაწყების შემდეგ დაფიქსირდა.
თუმცა, ირანის მიერ ისრაელის დარტყმების გამო გადაზიდვების კრიტიკული მარშრუტის დაკეტვის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ ენერგომომარაგების ხანგრძლივი შეფერხების შიში განაახლა.
გლობალური ნიშნულის Brent-ის ნავთობის ფასი 2%-ით გაიზარდა და ბარელზე 96.53 აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო აშშ-ში West Texas Intermediate-ის ტიპის სავაჭრო ნავთობის ფასი 2.8%-ით გაიზარდა და 97.02 აშშ დოლარს მიაღწია, რადგან აშშ-ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა „მყიფე ზავი“ უწოდა.
საფონდო ბირჟებზე 9 აპრილს მიღწეული მნიშვნელოვანი ზრდაც შეიცვალა. იაპონიის Nikkei 225 ინდექსი 0.5%-ით, ხოლო სამხრეთ კორეის Kospi 1.8%-ით დაეცა.
„ვფიქრობ, გლობალურ ბაზრებზე გარკვეული ნერვიულობაა“, – განუცხადა BBC-ის Interactive Investor-ის საინვესტიციო განყოფილების ხელმძღვანელმა, ვიქტორია შოლარმა.
„ბაზრები გარკვეულ ზრდას განიცდიან… და ვფიქრობ, ეს ასახავს დიდ გაურკვევლობას იმის შესახებ, რეალურად გახსნილია თუ არა ჰორმუზის სრუტე“.
სინგაპურის ბანკის, OCBC-ის წარმომადგენელმა, სიმ მოჰ სიონგმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ყურადღების ცენტრში სრუტის გავლით ენერგომატარებლების გადაზიდვები იქნება, მაშინ როდესაც გაურკვევლობა რჩება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გეგმავს თეირანი გემების გადაადგილების კონტროლს.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთ-ერთი პირობა იყო ის, რომ გემებს ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოდ გამოყენება შეეძლოთ.
თუმცა, როგორც BBC Verify-ს საზღვაო საბროკერო ფირმა SSY-მ დაუდასტურა, ყურეში მყოფმა გემებმა ირანის საზღვაო ძალებისგან გაფრთხილება მიიღეს, რომ ნებისმიერი გემი, რომელიც ნებართვის გარეშე შეეცდება ჰორმუზის სრუტის გადაკვეთას, „მიზანში ამოღებული და განადგურებული“ იქნება.
BBC-ის ცნობით, აშშ-ირანის შეთანხმების გამოცხადების შემდეგ მხოლოდ რამდენიმე გემმა გადაკვეთა საზღვაო გზა, მაშინ როცა ომის დაწყებამდე, 28 თებერვლამდე, ყოველდღიურად დაახლოებით 130 გემის ტრანზიტი ფიქსირდებოდა.
საზღვაო თვალთვალის კომპანია „Pole Star Global“-ის ცნობით, გემების დღეს არსებული დაგროვილი რაოდენობის გატარებას მინიმუმ 10 დღე დასჭირდება, მაშინაც კი, თუ სრუტე გადაზიდვების ჩვეულ მოცულობას აღადგენს.
ბოლო კვირების განმავლობაში, ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის მალაიზიამ, ინდოეთმა და ფილიპინებმა, თავიანთი გემების უსაფრთხო გადასასვლელად მოლაპარაკება გამართეს.