წალკის სოფელ ნარდევანის საჯარო სკოლის დირექტორი აგასი ნურბეკიანი ითხოვს, რომ კონტრაქტორმა კომპანიამ დროულად და ხარისხიანად შეასრულოს სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარდევანის საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რის გამოც 180 მოსწავლე უკვე მეორე წელია ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობაში, ორ ცვლაში განაგრძობს სწავლას.
როგორც „ბიზნესკონტინენტს“ სკოლის დირექტორმა, ბატონმა აგასი ნურბეკიანმა განუცხადა, სოფელ აიაზმაში ნარდევანის საჯარო სკოლის, მეორე სრულიად ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, ნარდევანის სკოლის რეაბილიტაცია კი 2027 წლის დეკემბრის ბოლოსთვის არის დაგეგმილი და ამის გამო მოსწავლეებს ორ ცვლაში ყოფილ სკოლა-ინტერნატში უწევთ სწავლა.
აგასი ნურბეკიანი, რომელიც ყოველდღიურად ადევნებს თვალ-ყურს ნარდევანის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესს, არ არის დარწმუნებული, რომ მათი სკოლის სარემონტო სამუშაოები ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში დასრულდება, რადგან, როგორც თავად ამბობს, სკოლაში ამჟამად მხოლოდ 4 ადამიანი მუშაობს, რაც მისი აზრით, ამხელა სკოლისთვის არასაკმარისია.

დირექტორი თხოვნით მიმართავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე სამუშაოების დამკვეთს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, რათა ყველაფერი იღონონ იმისათვის, რომ კონტრაქტორმა კომპანიამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში, დროულად და ხარისხიანად დაასრულოს სარემონტო სამუშაოები.
როგორც „ბიზნესკონტინენტს“ მუნიციპალური განვითარების ფონდის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა, სამუშაოების დაყოვნება პროექტში შეტანილმა ცვლილებებმა განაპირობა, თუმცა სამუშაოების წარმოებაზე ზედამხედველი პირი ირწმუნება, რომ ნარდევანის საჯარო სკოლის კაპიტალური რეაბილიტაცია დროულად, 2027 წლის დეკემბრის ბოლოსთვის დასრულდება.

„როდესაც კაპიტალური რემონტი დაიწყო, შეგვპირდნენ, რომ სხვა სკოლაში, მეორე ცვლაში გადაგვიყვანდნენ, მაგრამ ჩვენმა პედაგოგებმა აქ დარჩენა ისურვეს. ეს ძველი ინტერნატის შენობაა, საბჭოთა პერიოდში ნარდევანის საშუალო სკოლაში 500-600 ბავშვი მაინც სწავლობდა, რადგან მაშინ ამდენი საშუალო სკოლა არ იყო და მეზობელი სოფლებიდანაც აქ დადიოდნენ ბავშვები და ინტერნატში რჩებოდნენ. აქ ჩვენი ძალებით გავაკეთეთ მცირე რემონტი, რამდენადაც შეიძლებოდა, მოვაწესრიგეთ საკლასო ოთახები, მაგრამ საკმაოდ პატარა მოცულობის შენობაა, მასწავლებლები სამასწავლებლოში ვერ ეტევიან, საკლასო ოთახებიც მცირე ზომისაა, არადა ზოგიერთ კლასში 22 და 27 მოსწავლეა.
„თავადაც ხედავთ, თუ რა არასახარბიელო მდგომარეობაა აქ, სადაც ახლა ვიმყოფებით, მაგრამ სხვა სოფელში გადასვლას მაინც ადგილზე ვარჩიეთ დარჩენა, აქვე, ჩვენი სკოლის გვერდითვეა ეს შენობა და მიუხედავად იმისა, რომ არასათანადო პირობებია, ერთი წუთით არ შეფერხებულა სასწავლო პროცესი. ორ ცვლაში მიმდინარეობს სწავლა, 140 მოსწავლე ნარდევანიდანაა, 40 კი მეზობელი სოფლიდან, აიაზმადან, საიდანაც ბავშვები სახელმწიფოს მიერ სპეციალურად დანიშნული ავტობუსით დადიან.

„დირექცია, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები, ყველანი მოუთმენლად ველოდებით ნარდევანის საჯარო სკოლის კაპიტალური რეაბილიტაციის დასრულებას, რაც, როგორც გვითხრეს, 2027 წლის დეკემბრის ბოლოსთვისაა დაგეგმილი და თუ ვადები არ დაირღვა, წესით, 2028 წლის იანვრიდან უნდა შევძლოთ სასწავლო პროცესის ახლად რეაბილიტირებულ სკოლაში გაგრძელება. მაგრამ, გულწრფელად რომ გითხრათ, მაღელვებს ის ფაქტი, რომ ერთ წელზე მეტი ხნის წინ დაწყებული სამუშაოები არც ისე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ამჟამად მხოლოდ 4 ადამიანი მუშაობს, არადა სკოლა ძალიან დიდია. უკვე 1 წელზე მეტი გავიდა, მეორე წელიც მალე გავა და ეჭვი მაქვს, რომ დათქმულ ვადებში მოესწროს სარემონტო სამუშაოების დასრულება. ამიტომ, დაჟინებით ვთხოვთ ხელისუფლებას, განათლების სამინისტროს, რომ სათანადო ყურადღება მიაქციოს რეაბილიტაციის პროცესს, რათა დროზე, თავის ვადებში დასრულდეს სარემონტო სამუშაოები“, – განაცხადა აგასი ნურბეკიანმა.
დირექტორის ინფორმაციით, ნარდევანის სკოლას დიდი ისტორია აქვს და ის ერთ დროს თითით საჩვენებელი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო წალკის რაიონში. როგორც ბატონი აგასი ნურბეკიანი აცხადებს, სკოლა დღესაც ღირსეულად განაგრძობს თავის ტრადიციას. დირექტორის თქმით, ბოლო 15-20 განმავლობაში, განსაკუთრებით არის გაძლიერებული ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლება და სკოლის კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი უმაღლესი განათლების მისაღებად თბილისში მიემგზავრება.

„ერთ დროს, ნარდევანის საშუალო სკოლა წალკის რაიონში თითით საჩვენებელი იყო როგორც შენობის, ისე მოსწავლეთა წარმატების მხრივ. ახლა კი ყველაზე ცუდ პირობებში ვართ, მაგრამ ეს დროებითია და კაპიტალური რემონტის დასრულების შემდეგ, ისევ ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა იქნება მთელ მუნიციპალიტეტში. თავად სკოლა 1968 წელს აშენდა, კომუნისტურ წლებში და ის საკმაოდ მყარი და თავის დროზე ყველაზე მოხდენილი შენობა იყო. ამ კედლებს არაერთი ღირსეული თაობა აღუზრდია და ტრადიცია დღემდე არ დარღვეულა. ვამაყობ იმით, რომ ჩვენი 45 პედაგოგისაგან შემდგარი გუნდის უდიდესი ნაწილი ან ჩვენი ყოფილი მოსწავლეები, ან მეზობელი სოფლების სკოლების კურსდამთავრებულნი არიან. არაერთმა მათგანმა განათლება თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში მიიღო. საერთოდ, ბოლო ათწლეულები ისეთი ტენდენციაა, რომ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულთა უმრავლესობა თბილისის უნივერსიტეტებში განაგრძობენ სწავლას.
„ჩემი ბავშვობის პერიოდში, სამწუხაროდ, მხოლოდ 1 საათი ეთმობოდა ქართულ ენას და ზოგჯერ ისიც არ გვიტარდებოდა, მასწავლებელიც არ გვყავდა-ხოლმე. აქედან გამომდინარე, ჩემმა და შემდგომმა თაობებმა არ ვიცით საქართველოს სახელმწიფო ენა, რაზეც ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ასაკში უკვე რთულია ახალი ენის სწავლა. მოგეხსენებათ, საბჭოთა წყობილების დროს რუსული ენა იყო ფართოდ გავრცელებული და მისი სწავლა აუცილებლობას წარმოადგენდა. ჩვენს რაიონში კი, სადაც ძირითადად სომხები და ბერძნები ცხოვრობდნენ, ერთმანეთთან საურთიერთობო ენას რუსული წარმოადგენდა. ახლა უკვე კარგა ხანია მდგომარეობა შეიცვალა და საქართველოს სახელმწიფო ენის ცოდნის გარეშე აქ ცხოვრება და დასაქმება საკმაოდ რთულია. ეს ასეც უნდა იყოს, ნეტა ადრიდანვე ასე ყოფილიყო, მეც და უფროსი თაობის ბევრ სხვა წარმომადგენელსაც ეცოდინებოდა ქართული ენა. მაგრამ, ამ ასაკში, 80 წელს ახლახან გადავაბიჯე, უკვე ამაზე ფიქრი ზედმეტია. მახარებს ის, რომ ჩვენი ეთნიკური სომხებით დასახლებული სოფლების ახალგაზრდები უმაღლეს სასწავლებლებში თბილისში აბარებენ და სახელმწიფოს მხრიდან მათ ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი, როგორც აქ, ადგილზე, ისე დედაქალაქის უნივერსიტეტებში, სადაც „1+4 პროგრამის“ ფარგლებში სტუდენტებს დამატებით 1 წელი აქვთ იმისათვის, რომ სკოლაში ნასწავლი ქართული ენა კიდევ უფრო მეტად დახვეწონ და შემდეგ უკვე ქართულ ენაზე დაეუფლონ პროფესიას. მაგალითად, გასულ წელს 16 კურსდამთავრებულიდან ცხრამ ჩააბარა თბილისში, 2024 წელს ხუთმა, რამდენიმე ერევანშიც წავიდა“, – აღნიშნა აგასი ნურბეკიანმა.

ღვაწლმოსილი პედაგოგი და დირექტორი მიიჩნევს, რომ არაქართულენოვან საჯარო სკოლებში საქართველოს სახელმწიფო ენის შესწავლის მხრივ, ქართული ენის გაკვეთილების ინტენსიურად ჩატარების პარალელურად განსაკუთრებით ეფექტურია ბილინგვური სწავლება, რომელიც ნარდევანის სომხურენოვან საჯარო სკოლაში უკვე 10 წელია რაც დაინერგა და ერთი სპეციალისტის მიერ დაწყებულ საქმეს სადღეისოდ უკვე 5 მასწავლებელი განაგრძობს.
„გარდა იმისა, რომ არაქართულენოვან სკოლებში კვირაში 5 საათი ეთმობა ქართულ ენას, ჩვენს სკოლაში უკვე 10 წელია, რაც ბილინგვური სწავლებაა დანერგილი, თავდაპირველად მხოლოდ 1 სპეციალისტი გვყავდა, არმინე აგაჯანიანი, ახლა კი 5 სპეციალისტია ამ მიმართულებით დასაქმებული და მოსწავლეები სხვადასხვა საგანს ორ ენაზე, ქართულ და სომხურ ენებზე სწავლობენ. თავდაპირველად, წალკის მუნიციპალიტეტში მხოლოდ ჩვენი სკოლა იყო ბილინგვურ სწავლებაში ჩართული, ახლა კი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა არაქართულენოვან საჯარო სკოლაშია დანერგილი ის. ბოლო 15-20 წელია, ინტენსიურად მიმდინარეობს ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლება და რა თქმა უნდა, ასეც უნდა იყოს, ამის გარეშე როგორ შეიძლება. მეც ძალიან მიყვარს ქართული, მაგრამ მოხდა ისე, რომ არ ვიცი და ამას თავისი მიზეზები აქვს. ნეტა მეც ვიცოდე ქართული ენა, ამას რა აჯობებდა“, – უთხრა „ბიზნესკონტინენტს“ აგასი ნურბეკიანმა რუსულ ენაზე.
ბატონი აგასი ნურბეკიანს 2026 წლის 30 აგვისტოს 80 წელი შეუსრულდა, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, სოლიდური ასაკის მიუხედავად, იუბილე არ აღუნიშნავს.

„მე იუბილე არ მიყვარს, და არც რაიმე განსაკუთრებულად გადამიხდია დაბადების დღე. თავადაც არ ვიცი, როგორ გავიდა ასე მალე ეს წლები. ასაკის მიუხედავად ისევ ენერგიულად ვმუშაობ. კიდევ შემიძლია მუშაობა. მთელი ცხოვრება ფიზიკას ვასწავლიდი, 2 წლის წინ დავანებე თავი და ახლა მხოლოდ დირექტორის ფუნქციებს ვასრულებ. წინა წლებში ფიზიკის გამოცდაზე გასვლისაგან თავი შევიკავე, ვფიქრობდი, რომ ამ ასაკში უკვე აღარ მექნებოდა მუშაობის სურვილი, მაგრამ ახლა ასე არ ვფიქრობ, რადგან ისევ მაქვს ის შემართება, რაც მასწავლებლისა და სკოლის ხელმძღვანელისთვისაა საჭირო. მთელი ცხოვრება სპორტით, ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიყავი დაკავებული. ასევე, ალბათ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრებამ და ნატურალური საკვების მიღებამაც განაპირობა ჩემი ჯანმრთელობა.
„გულწრფელად გეუბნებით, დიდი სიამოვნებაა ამ სახელმწიფოსთვის მუშაობა. შემეძლო სომხეთშიც მეცხოვრა და რუსეთშიც, მაგრამ აქ, საქართველოში ვარჩიე დარჩენა და მთელი ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში კეთილსინდისიერად ვემსახურები ჩვენს ქვეყანას, ჩემს სამშობლოს, რამეთუ საქართველო მიმაჩნია სამშობლოდ. სხვაგან არ შემიძლია ცხოვრება და არც მუშაობა მსურდა სხვა სფეროში. ავირჩიე სკოლა, დღემდე აქ ვარ და ამით ბედნიერად მივიჩნევ თავს. რა მნიშვნელობა აქვს ქართველი ხარ თუ სომეხი, ჩვენ როგორც ძმები, ისე ვცხოვრობდით მუდამ და ასე ვიცხოვრებთ მომავალშიც. არასდროს არ წარმოშობილა ჩვენ შორის რაიმე პრობლემა. დიდი მადლობა ჩვენს სახელმწიფოს
„რამდენადაც შეგვიძლია ვშრომობთ, რომ დავეხმაროთ ჩვენს სკოლას, რაიონს, სახელმწიფოს. დღემდე, თითქმის ყოველდღიურად რაღაც ახალს ვსწავლობ, ბავშვებიც უამრავ რამეს გასწავლიან, მათ სხვა ენერგია შემოაქვთ სკოლაში.
„საოცრად კარგი შეგრძნებაა, როცა შენი ნამოწაფარი დღეს უკვე შენი კოლეგაა. მე მათ პატივს ვცემ, ისინი ასევე პატივისცემით არიან ჩემდამი გამსჭვალული. ასეთ კოლექტივთან მუშაობა ძალზე საინტერესოა, რადგან ყველა მათგანს პირველივე კლასიდან ვიცნობ – 30 ნარდევანის სკოლაშია მასწავლებელი და 15 აიაზმაში. ეს შერწყმული სკოლაა, ერთი კოლექტივი ვართ, ერთად ვმუშაობთ, ჩვენი ურთიერთობები ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული და ჩვენ შორის არასდროს არ წარმოშობილა რაიმე პრობლემა.

„ვისურვებდი, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა ღირსეულად შეგვცვალონ, სწორი ფასეულობებით იცხოვრონ, გამოადგნენ თავიანთ სოფელს, რაიონს, თავიანთ სახელმწიფოს, საქართველოს.
„მადლობა ჩვენს სახელმწიფოს, არავითარი განსხვავება არაა ქართულ, სომხურ თუ აზერბაიჯანულ სკოლებს შორის, ეთნიკურ ჯგუფებს შორის. ყველაფერი ნორმალურადაა და კიდევ უფრო უკეთესად იქნება.
„თავად წალკის მუნიციპალიტეტი ინტერნაციონალური რაიონი იყო, აქ ქართველები, ბერძნები, სომხები ერთად ვცხოვრობდით. გასული საუკუნის 90-იან წლებში ბერძნების დიდმა ნაწილმა დატოვა აქაურობა, მაგრამ ახლა ზოგიერთი მათგანი უკან დაბრუნებაზე ფიქრობს, რადგან აქ ცხოვრება ნორმალურია, ჩვენი სახელმწიფო არანიარად არ ასხვავებს ერთმანეთისაგან ადამიანებს თავიანთი ეროვნების მიხედვით. აქ ხალხი კარგად ცხოვრობს, კლიმატიც კარგია, წყალი, ჰაერი უკეთესია, ვიდრე საბერძნეთში. ბოლო პერიოდში, არაერთი ბერძენი დაბრუნდა ან ვიცი, რომ დაბრუნებას აპირებს. ასევე, რუსეთიდან ბრუნდებიან უკან ჩვენი თანასოფლელები. ბოლო თვეში ჩვენს სკოლაში რუსეთიდან ჩამოსული ოჯახებიდან 4 მოსწავლე მივიღეთ. მოგეხსენებათ, თუ რა მდგომარეობაა ამჟამად რუსეთში და ამ ფონზე აქ არჩევენ ცხოვრებას, წალკაში, საქართველოში“, – განუცხადა „ბიზნესკონტინენტს“ აგასი ნურბეკიანმა.
აგასი ნურბეკიანის ბიოგრაფია

დაიბადა 1946 წლის 30 აგვისტოს სოფელ ნარდევანში, 1963 წელს დაამთავრა ნარდევანის საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა ერევნის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკის, ელექტროტექნიკისა და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე, რომელიც 1968 წელს დაასრულა, ერთი წელი სომხეთში, ქალაქ ალავერდში იმუშავა, შემდეგ კი მშობლიურ სოფელში დაბრუნდა და თითქმის სამოცი წელია, რაც ნარდევანის ჯერ საშუალო, შემდეგ კი საჯარო სკოლაში საქმიანობს, ფიზიკის მასწავლებლის, შემდეგ სასწავლო ნაწილის, 2004 წლიდან დღემდე კი დირექტორის თანამდებობაზე.
დაბლა იხილეთ მედიაპლატფორმა „ბიზნესკონტინენტის“ ფოტომასალა:















































