საქართველო

პრემიერ მინისტრის თქმით, კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა, რომელთა ინფიცირების წყარო უცნობია, ფაქტობრივად, 4 ახალი კლასტერია

admin 11.06.2020

უკიდურესად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ 6 ახალი შემთხვევიდან 4-ის წარმომავლობა დღეის მდგომარეობით არ არის ცნობილი და ამ 4 ინფიცირების შემთხვევიდან სამი გახლავთ თბილისში, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერმა მოსახლეობას და უწყებას მაქსიმალური სიფრთხილისკენ და ყველა რეკომენდაციის მკაცრი შესრულებისკენ მოუწოდა.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავხსენით ეკონომიკა, მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომლებიც აძლევს ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობას ნაკლები შეზღუდვებით ვიცხოვროთ ყოველდღიურად, გავაგრძელოთ ჩვენი ყოველდღიური ეკონომიკური ჩვეული საქმიანობა, არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ვირუსი დამარცხებულია. ეს ძალიან კარგი მაგალითია იმის, თუ რა შეიძლება მოხდეს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ 4 ახალი შემთხვევა, რომელთა ინფიცირების წყარო დღეის მდგომარეობით დაუდგენელია არის დიდი რისკის შემცველი. ეს ფაქტობრივად არის 4 ახალი კლასტერი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.