ირაკლი კობახიძე: რუსეთთან დიალოგი უნდა გაგრძელდეს
ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ე.წ. „დიფ სთეითის“ მიერ მოსყიდული ევროპელი ბიუროკრატები იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდება ისევ და ისევ ევროპის ინტერესებს, ამ შემთხვევაშიც ვხედავთ იმავე ტენდენციას, ხელწერა არის ზუსტად იგივე – საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება, იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს კარგად გაიაზრებენ რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში და საკითხი ამოიწურება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „დიფ სთეითს“ აქვს ძალიან დიდი გავლენები და შეიძლება მარტივად საშუალო რგოლი ამ შემთხვევაშიც იყოს მოსყიდული, ვინაიდან ხელწერა არის ზუსტად იგივე – საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება.
„ჩვენ მიჩვეულები ვართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან იმას, რომ იქ არის ბიუროკრატია, რომელიც არის გარედან მოსყიდული, ე.წ. „დიფ სთეითის“ მიერ არის მოსყიდული და ასეთ პირობებში ეს ადამიანები, ევროპელი ბიუროკრატები და ზოგჯერ პოლიტიკოსები, იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდება ისევ და ისევ ევროპის ინტერესებს. მხოლოდ და მხოლოდ მოსყიდვის პირობებში შეიძლება ასეთი რამ ხდებოდეს. და კიდევ ერთი რამ, რაც ახასიათებს მათ ასეთ პირობებში, ეს არის სრულიად უარგუმენტოდ საუბარი და ქმედებების ყოველგვარი არგუმენტების გარეშე განხორციელება, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ, ამას მიჩვეულები ვართ ჩვენ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან. და შორს რომ არ წავიდეთ, ამის მაგალითი იყო ასევე საქართველო სააკაშვილის პირობებში – სააკაშვილის დროსაც გვახსოვს რა ხდებოდა, მოსყიდული იყო ჩვენი ე.წ. ხელისუფლება და ამ მოსყიდვის გამო ისინი პირდაპირ დგამდნენ ნაბიჯებს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, არგუმენტები მაშინაც არსად იყო. ამას მიჩვეული ვართ. ამ შემთხვევაში, ვხედავთ იმავე ტენდენციას, სამწუხაროდ, ამ მოლაპარაკებებში. აქაც ძალიან მარტივია, „დიფ სთეითს“ აქვს ძალიან დიდი გავლენები და შეიძლება მარტივად, საშუალო რგოლი აქაც იყოს მოსყიდული, ხელწერა არის ზუსტად იგივე – საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება. ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სია პირდაპირ არის წინააღმდეგობაში რუსეთის ფედერაციის, მათ შორის, სახელმწიფოებრივ ინტერესებთან, აქედან გამომდინარე, სრულიად აუხსნელია და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე გვესაუბრებიან, ფაქტების გარეშე გვესაუბრებიან, რაც აჩვენებს იმას, რომ ხელწერა არის იგივე. მე გვარებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ შუა რგოლის მოსყიდვა აბსოლუტუირად რეალური შეიძლება იყოს. მე იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს კარგად გაიაზრებენ რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში და იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი ამოიწურება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, რუსეთთან დიალოგი უნდა გაგრძელდეს.
„რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა. პოლიტიკა იცვლება, მაგრამ ხალხი რჩება ხალხად.
ანტარქიტიდაც რომ დადნეს, ჩვენ დავრჩებით მეზობლებად. აქედან გამომდინარე, დიალოგი არის მუდმივად საჭირო, დიალოგი უნდა შევინარჩუნოთ. ამაზე საუბრობდა ზუსტად სპეცწარმომადგენელი, თუმცა ეს დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ამ დიალოგში ხაზს განსაზღვრავს არა „დიფ სთეითი“, არამედ განისაზღვრება ხაზი ობიექტური რეალობის შესაბამისად და ობიექტური ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%.
„ეს არის საწყისი წერტილი, რაც მემკვიდრეობით გადმოვიბარეთ ჩვენ, სამწუხაროდ, გვჭირდება თანმიმდევრული მიდგომით, მოთმინებით მუშაობა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ის საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ქართულ მხარეს დიალოგში ექნება მუდმივად პრინციპული პოზიცია. მისივე განცხადებით, ასევე არის ე.წ. პოზიტიური საკითხები და ტექნიკური საკითხები.
„რაც შეეხება ზოგადად ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, მდგომარეობა არის ურთულესი, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%. ეს არის საწყისი წერტილი, რაც მემკვიდრეობით გადმოვიბარეთ ჩვენ, სამწუხაროდ. ეს არ არის ჩვენ მიერ შექმნილი მოცემულობა, ეს მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ ჩვენ მემკვიდრეობით, რაც ძალიან მძიმე მოცემულობაა. რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული, ე.წ. აღიარება აქვს განხორციელებული, შესაბამისად სტატუს-კვო არის უმძიმესი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება, ბუნებრივია, თანმიმდევრული მიდგომით, მოთმინებით მუშაობა.
ამ დიალოგში არის ერთი ეს საკვანძო პრინციპული საკითხი, რაზეც ბუნებრივია, ჩვენ მუდმივად დავაფიქსირებთ პრინციპულ პოზიციას და გვესმის, რომ აქ მოკლევადიან პერსპექტივაში შედეგი ვერ მიიღწევა – ეს ერთი. არის მეორე ე.წ. პოზიტიური საკითხები, რაზეც ჩვენ იმ შემთხვევაში შეიძლება წავიდეთ, თუ დავინახავთ, რომ ამის მიზანი არ არის ოპოზიციისთვის ენერგიის მიცემა, ხელისუფლების დასუსტება – ეს მეორე და მესამე – არის ტექნიკური საკითხები, რაზეც ასევე მნიშვნელოვანია საუბარი და ამაზე გაგრძელდება დიალოგი, ამასთან დაკავშირებით უფრო ადვილია პროგრესის მიღწევა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
კობახიძის აზრით, ნებისმიერი, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება იყოს გასაღები ირიბად საბოლოო ჯამში იმ მიზნის მიღწევამდე, რასაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია.
მთავრობის მეთაურის თქმით, საბოლოო მიზანი არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება.
„არის მთელი რიგი საკითხები, მეტწილად ტექნიკური შინაარსის. ეს ტექნიკური შინაარსის საკითხები არ არის დაკავშირებული სამწუხაროდ დეოკუპაციასთან, თუმცა ბუნებრივია, ნებისმიერი საკითხის, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება იყოს გასაღები ირიბად, საბოლოო ჯამში, იმ მიზნის მიღწევამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია, რაც არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა. კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება არის ჩვენი საბოლოო მიზანი. ეს ვერ მოხდება დეოკუპაციის გარეშე, თუმცა ისიც გვესმის, რომ ეს არ არის ერთდღიანი, არც ერთთვიანი და არც ერთწლიანი ამოცანა. შესაბამისად, ჩვენ მოთმინებით, თანმიმდევრულად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ყველა საკითხთან, მათ შორის ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმას, თუ სად შეიძლება შედგეს ეს შეხვედრები – შეიძლება, რა თქმა უნდა, შედგეს მოსკოვსა და თბილისშიც. თუ ასეთი მიდგომა იქნება, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მონაცვლეობით ჩატარდეს შეხვედრები მოსკოვსა და თბილისში. მოსკოვში გაემგზავრება არა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, არამედ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი. აქ ხომ მთავარი არის პრინციპების დაცვა. ამ პრინციპების დაცვისთვის განმსაზღვრელი არის ის, რომ მოსკოვში გაემგზავრება არა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, არამედ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ფორმატი არ შეიძლება, შეიცავდეს გარკვეულ რისკებს, მაგალითად, აღიარების ან ნებისმიერი სხვა მიმართულებით და მოსკოვსა და თბილისში ამ შეხვედრების გამართვა ამ თვალსაზრისით არავითარ რისკს არ ქმნის.
„მთავარი რა არის – არცერთმა თუნდაც ჟესტმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს არაღიარების პოლიტიკას. ეს არის მთავარი. არც დროშების იქ განთავსება, არც მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების გამართვა არ უპირისპირდება არაღიარების პრინციპს. ეს არის მთავარი. ვიღაცას შეიძლება ზედმეტი შიში ჰქონდა, მაგრამ რეალურად, არც დროშების განთავსება და არც მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების გამართვა არ უპირისპირდება არაღიარების პრინციპს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.