საქართველო

ეროვნული ბანკი: თებერვალში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 17.5 პროცენტით გაიზარდა

admin 15.03.2021

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 161.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 17.5%-ით მეტია 2020 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.8% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 94.7% მოდიოდა.

სებ-ის ცნობით, გზავნილების მოცულობით იტალია ლიდერობს, საიდანაც საქართველოში 28.55 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. მეორე ადგილზე 25.14 მლნ აშშ დოლარით რუსეთია, მესამეზე საბერძნეთი – 19.71 მლნ აშშ დოლარით, მეოთხეზე აშშ – 19.13 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მეხუთეზე – ისრაელი 13.92 მლნ აშშ დოლარით.

ამასთან, 2021 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.0 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2020 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.4%-ით ნაკლებია.