საქართველო

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, 10-მილიონიან ბაზარზე, საქართველოდან ექსპორტისას ტარიფის გარეშე შევა ქართული პროდუქციის 97.5%, მათ შორის საქონლისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება (CEPA) ოფიციალურად გაფორმდა.

დოკუმენტს, ქალაქ დუბაიში, ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა − თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა.

დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიალს დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდნენ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები.

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ საქართველოდან ემირატებში ექსპორტისას ტარიფის გარეშე შევა ქართული პროდუქციის 97.5%. საქართველოსთვის გაიხსნება 10-მილიონიანი სამომხმარებლო, მაღალ მსყიდველობისუნარიანი ბაზარი. აღსანიშნავია, რომ შეთანხმება მოიცავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობას და ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებს.

“ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელი დოკუმენტია, საქართველო კი არაბული ბიზნესისთვის საინტერესო მიმართულება. ჩვენს ქვეყანას აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორ ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ბლოკთან, ევროკავშირის ქვეყნებთან და ჩინეთთან. ეს განსაკუთრებულ შესაძლებლობებს აძლევს საქართველოში მოქმედ ინვესტორ კომპანიებს, ისარგებლონ ამ ორი მსხვილი ბაზრის შედეგებით. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ახალი ეტაპის დასაწყისია“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

შეთანხმების ამოქმედების შემდგომ მყისიერად მოიხსნება საიმპორტო ტარიფი საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, როგორიცაა საქონლისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილის ნაწარმი, და ა.შ.

5-წლიანი გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდგომ, კიდევ უფრო მეტი ქართული წარმოშობის პროდუქტი ისარგებლებს სატარიფო შეღავათით. შეთანხმება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაღრმავებას, სავაჭრო ბრუნვის ზრდას და არსებული სავაჭრო პოტენციალის სრულად გამოყენებას.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.