საქართველო

წალკის სომხური საჯარო სკოლების დირექტორები და სომხური ენის პედაგოგები საგანში გამოცდის დანიშვნას მოითხოვენ, რათა მათაც მიეცეთ უფროსი თუ წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობა

წალკის მუნიციპალიტეტის სომხურენოვანი საჯარო სკოლების დირექტორები, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობის პარალელურად სომხურ ენას და ლიტერატურას ასწვლიან და ასევე, არაქართულენოვანი სკოლების სომხური ენისა და ლიტერატურის პედაგოგები მათთვის საგანში გამოცდის დანიშვნას მოითხოვენ, რათა თავიანთი კოლეგების მსგავსად მათაც მიეცეთ უფროსი თუ წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობა და შესაბამისად, ასეთის სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის განსაზღვრული სახელფასო დანამატების მიღება, რომელიც მათთვის საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენს.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზნის საჯარო სკოლის დირექტორი რუბენ ანესიანი (დაბლა ფოტოზე) განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, რომელიც სომხურენოვან სკოლებში განსაკუთრებით აძლიერებს ქართულის როგორც მეორე ენის სწავლების ხარისხს და დონეს, მიესალმება და აცხადებს, რომ „ახლა ქართულენოვან და სომხურენოვან საჯარო სკოლებს შორის განსხვავება მინიმუმამდეა დაყვანილი“, მაგრამ წუხს, რომ სომხურ ენას მშობლიური ენის სტატუსი ჩამოერთვა და მას უკვე ეთნიკური უმცირესობის ენად მოიხსენიებენ, ხოლო სომხური ენის მასწავლებლებისთვის საგნობრივი გამოცდა არ ტარდება, რაც აღნიშნული საგნის პედაგოგებს წელს ყოველთვიურად 150-ლარიანი დანამატის, მომავალი სასწავლო წლიდან კი დამატებით ასევე 150-ლარიანი დანამატის – ჯამში 300 ლარის – მიღების შესაძლებლობას უკარგავს.

„როცა რეფორმაზე ვსაუბრობთ, მე მომწონს ის, რომ ახლა ქართულენოვან და სომხურენოვან საჯარო სკოლებს შორის განსხვავება მინიმუმამდეა დაყვანილი. მე მომწონს, რომ სახელმწიფო ენა უმაღლეს დონეზეა აყვანილი არა მხოლოდ ჩვენს, არამედ წალკის სხვა სოფლების სომხურ სკოლებშიც. მაგრამ, რაც არ მომწონს, არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, ისაა, რომ მშობლიურ ენაში – სომხურში – გამოცდა არ ჩატარებულა, ასევე რატომ უნდა გადარქმეოდა მას სახელი – მშობლიური და რატომ უნდა დარქმეოდა ეთნიკური უმცირესობების ენა? შეგიძლიათ ასე გამოაქვეყნოთ. დღეს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ბავშვები ქართველებისგან არ განსხვავდებიან ქართული ენის ცოდნის დონით, ისინი მაინც მშობლიურ ენაზე ფიქრობენ.

„ჩვენ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მხოლოდ მივესალმებით იმას, რომ სომეხი ბავშვები ასე კარგად ფლობენ ქართულ ენას და საქართველოში ყველა ვალდებულია იცოდეს სახელმწიფო ენა, მაგრამ არ მომწონს, რომ შეცვალეს მშობლიური ენა და ახლა მას ეთნიკური უმცირესობის ენას უწოდებენ. მომწონს ქართული, როგორც მეორე ენა. ყველამ უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა, მაგრამ ვიმეორებ, კატეგორიულად არ მომწონს მშობლიური ენის ნაცვლად ეთნიკური უმცირესობების ენები რომ წერია. სწორედ მშობლიური ენა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ შევისწავლოთ ქართულიც, ინგლისურიც, რუსულიც და სხვა დანარჩენი ენებიც.

„ზოგადად, მე ძალიან მადლიერი ვარ სახელმწიფოსი, მიყვარს ქართული სახელმწიფო და პატივს ვცემ და ძალიან ვაფასებ მათ ყურადღებას ეროვნული უმცირესობების სკოლებისადმი. ასეთი რამ მსოფლიოში სხვაგან არსად არაა. მე ამას ყველგან ვამბობ. ვენაცვალე ჩვენს ძმებს, ქართველებს, რომ მოგვცეს შესაძლებლობა, ქართულ სახელმწიფოში ჩვენს მშობლიურ ენაზე გვქონდეს სკოლები, მაგრამ იმასაც დაუფარავად აღვნიშნავ, რაც არ მომწონს.

„როგორც გითხარით, სომხური ენის 4 მასწავლებელია სკოლაში. ისინი ბოლომდე იხარჯებიან და ეხმარებიან სკოლას იმაშიც, რომ სახელმწიფო ენა ყველამ იცოდეს, მაგრამ არ მესმის, ამ კატეგორიის პედაგოგებისთვის რატომ არ არის საგნობრივი გამოცდა და რატომ უნდა იღებდნენ ისინი ნაკლებ ხელფასს, რატომ არ უნდა ჰქონდეთ მათ იმის შანსი, რომ გახდნენ უფროსი მასწავლებლები და მიიღონ შესაბამისი დანამატი – 150 ლარი წლევანდელი წლის ოქტომბრიდან და დამატებით, კიდევ 150 ლარი მომავალი წლის სასწავლო წლის დაწყებიდან. მე თავადაც სომხურ ენას ვასწავლი. ჩვენთვის, როგორც გითხარით, საგნის გამოცდა არ არის დაწესებული და აქედან გამომდინარე, დიდხანს, დიდხანს მოგვიწევს კიდევ ლოდინი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად.

„ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით სახელმწიფოს, რომ როგორც მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის მქონენი, დამატებით 35%-იან სახელფასო დანამატს ვიღებთ უკვე წლებია – მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლების სათავეში. მაგრამ ის, რაც სომხური ენის მასწავლებლებზე გითხარით, სამწუხარო რეალობაა, რომელიც უნდა გამოსწორდეს“, უთხრა GUARDIAN.GE-ის რუბენ ანესიანმა.

ანალოგიურ წუხილს გამოხატავს წალკის მუნიციპალიტეტის ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა პილტოიანი (დაბლა ფოტოზე), რომელიც ამავე დროს 2010 წლიდან კაბურის საბაზო სკოლის ხელმძღვანელიცაა, მანამდე კი, 1986 წლიდან 2009 წლამდე ხაჩკოვის სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე იყო და ჯამში პედაგოგიური მოღვაწეობის 44-წლიანი სტაჟი აქვს.

„ჩემი და ჩვენი სკოლის – ხაჩკოვის და კაბურის – სომხური ენისა და ლიტერატურის პედაგოგების, ასევე დაწყებითი კლასების მასწავლებლების, (ჯამში 8 მასწავლებელი) მთავარი საწუხარი სწორედ ისაა, რომ არ გვაქვს შესაძლებლობა სხვების მსგავსად ჩავაბაროთ გამოცდები ჩვენს საგანში და უფროსი ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოვიპოვოთ. არადა ჩვენთვის ეს ყველაზე დიდი მოტივაცია იქნებოდა. მე მგონი არ არის სამართლიანი, რომ ჩვენ ამ სტატუსის მოპოვების შანსის მიღმა ვართ დარჩენილი. იმედი გვაქვს, სახელმწიფო ამ საკითხს დროულად გადაწყვეტს, რადგან თითოეული პედაგოგისთვის ძალზე მნიშვნელოვანია იმ დამატებითი ფინანსური რესურსის მიღება ხელფასის სახით, რომელიც ამ გამოცდის ჩაბარების შედეგად არის მიღწევადი“, უთხრა GUARDIAN.GE-ის ლიანა პილტოიანმა.

GUARDIAN.GE აღნიშნულ საკითხზე კომენტარისთვის წალკის მუნიციპალიტეტის კიზილქილისის საჯარო სკოლის დირექტორს, აზნივ ვოსკანიანსაც (დაბლა ფოტოზე) დაუკავშირდა.

„ეს საკითხი ჩვენც, სხვების მსგავსად, ძალიან გვაღელვებს. მე თავად სომხეთში გავიზარდე, იქ დავამთავრე საჯარო სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, თუმცა აქ დაბრუნების შემდეგ გავიარე ქართული ენის კურსები და ახლა დირექტორობის გამოცდისთვის ვემზადები, რომლის ჩაბარებაც ქართულ ენაზე მომიწევს და ეს, ბუნებრივია, არ იქნება მარტივი. უკვე დავრეგისტრირდი. ჩვენგან მარტო მე ვარ დარეგისტრირებული, რადგან სხვას ამის სურვილი არ გამოუხატავს იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან და დაბალი ხელფასიდან გამომდინარე, რაც დირექტორს აქვს.

„მესმის, რომ ქართული ენა სახელმწიფო ენაა და ჩემი მოსაზრება ასეთია: საქართველოში მცხოვრებმა ყველა ეროვნების ადამიანმა პატივი უნდა სცეს ქვეყნის სახელმწიფო ენას და ისწავლოს ის. ჩვენ სკოლაში ამ მხრივ ძალიან კარგი მდგომარეობა გვაქვს, თუმცა აქ საკითხი ეხება არათანაბარ პირობებს. სკოლაში სულ 8 პედაგოგი ვართ, რომლებიც სომხურ ენას ვასწავლით, აქ დაწყებითი კლასების პედაგოგებსაც ვგულისხმობ და მათაც, ვინც სომხურთან ერთად ქართულს როგორც მეორე ენასაც ასწავლის, თუმცა ასეთები უკვე გახდნენ უფროსი მასწავლებლები. იმედს ვიტოვებთ, რომ განათლების სამინისტრო ამ კუთხით ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს და ჩვენც მოგვეცემა სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა“, განუცხადა GUARDIAN.GE-ის აზნივ ვოსკანიანმა.

GUARDIAN.GE