საქართველო

„National Geographic“-ის ვიცე-პრეზიდენტი: ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს სანახავად კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა

„მოხარულები ვართ, საქართველოსთან ტურისტული მიმართულებით თანამშრომლობით. უკვე ბევრი წელია, „National Geographic“ აქვეყნებს საქართველოსა და თბილისის შესახებ სტატიებს. თუმცა ჩვენს მკითხველს კიდევ უფრო მეტის გაგება უნდა თქვენი ქვეყნის ტურისტული მიმართულებების შესახებ და ასეთი ტიპის თანამშრომლობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი მოვუთხროთ ჩვენს აუდიტორიას თქვენს შესახებ“, განაცხადა „National Geographic”- ის ვიცე-პრეზიდენტმა ანაბელ კანველმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ. შეხვედრაზე განხილული იყო საერთაშორისო პორტალზე „National Geographic”-ზე საქართველოს მიერ მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის დაწყების საკითხი და მოსალოდნელი შედეგები.

აღნიშნული ინტერნეტ კამპანია 14 მაისიდან 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება. კამპანიის ჯამური ღირებულება 250 000 ევროს შეადგენს. მარკეტინგული კამპანიის მიზანია საქართველოს ზაფხულისა და შემოდგომის ტურისტული სეზონის პოპულარიზაცია და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.

„National Geographic”- ის ვიცე-პრეზიდენტის ანაბელ კანველის განცხადებით, მარკეტინგული კამპანია, რომელსაც საერთაშორისო პორტალი „National Geographic”-ი განახორციელებს, საქართველოს საშუალებას მისცემს, უფრო მეტი საერთაშორისო ტურისტი მიიზიდოს. „ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობის შემდეგ, საქართველოს სანახავად კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა,“ – განაცხადა ანაბელ კანველმა.

ინტერნეტ კამპანია ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს მოიცავს და სავარაუდო შთაბეჭდილებების რაოდენობა (Impressions) 4 541 183 იქნება. კამპანიის ფარგლებში National Geographic-ის მთავარ ვებ-გვერდზე 5 პოსტი განთავსდება. საქართველოს შესახებ მომზადდება 5 ბლოგი, ფოტო და ვიდეო მასალით, რომელიც სპეციალური გზამკვლევის Georgia Travel Guide საშუალებით გავრცელდება.

ასევე ითქვა, რომ კამპანიის ფარგლებში სპეციალური ონლაინ ბანერები Nationalgeographic.com-ის History-ის, Adventure-ის და Travel-ის სექციებში განთავსება, ხოლო პოსტები National Geographic-ის Facebook გვერდზე, ვიდეოს გაშვების წინ კი საქართველოს რეკლამა pre roll-ის სახით განთავსდება.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ სამოგზაურო პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორი ნიტუ კამბოჯი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.