ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

8 500 ამერიკელი ჯარისკაცი სრულ მზადყოფნაშია განლაგდეს ბრძანების შესაბამისად

პენტაგონის განცხადებით, 8 500 ამერიკელი ჯარისკაცი სრულ მზადყოფნაშია განლაგდეს ბრძანების შესაბამისად, თუმცა ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება თუ სად განლაგდება ჯარები. როგორც პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ნატოს სამხედრო ალიანსი გადაწყვეტს გააქტიუროს სწრაფი რეაგირების ძალები „ან თუკი სხვა სიტუაციები განვითარდება“ რუსული სამხედრო ძალების მობილიზების გარშემო. მან დაამატა, რომ ჯარების უკრაინაში განლაგების გეგმები არ აქვთ.

ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყანა, მათ შორის დანია, ესპანეთი, საფრანგეთი და ნიდერლანდები, უკვე გეგმავს ან განიხილავს გამანადგურებელი თვითმფრინავების და საბრძოლო ხომალდების გაგზავნას აღმოსავლეთ ევროპაში, რათა გააძლიერონ თავდაცვისუნარიანობა რეგიონში.

ამასობაში, პრეზიდენტმა ბაიდენმა თავის ევროპელ მოკავშირეებთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან, პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდასთან, ასევე ნატოს ხელმძღვანელ იენს სტოლტენბერგთან, ევროკავშირის ლდერებთან, ურსულა ვან დერ ლეინთან და შარლ მიშელთან ვიდეომოლაპარაკებები გამართა და უკრაინაზე მოსალოდნელი რუსული აგრესიის თაობაზე დასავლეთის სახელმწიფოების საერთო სტრატეგია განიხილა. „ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა – სრული ერთსულოვნება ყველა ევროპელ ლიდერთან“, – თქვა ბაიდენმა ვიდეო შეხვედრების შემდეგ.

დაუნინგ სთრითის წარმომადგენელმა კი აღნიშნა, რომ ლიდერები „შეთანხმდნენ საერთაშორისო ერთიანობის მნიშვნელობაზე რუსეთის მზარდი მტრობის პირობებში“.

თუ რუსეთის შემდგომი შეჭრა მოხდება უკრაინაში, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ „მოკავშირეებმა უნდა მიიღონ სწრაფი საპასუხო გადაწყვეტილებები, სანქციების უპრეცედენტო პაკეტის ჩათვლით“.

უფრო ადრე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გააფრთხილა რუსეთი, რომ უკრაინაში შეჭრა მისთვის „დამღუპველი ნაბიჯი იქნება“.

guardian.ge