მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

75 მილიონი აშშ დოლარის ოფშორულ ანგარიშებზე გადატანას ედავებიან ტრამპის საარჩევნო კამპანიის თავმჯდომარეს და მის ბიზნეს-პარტნიორს

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი და მისი ყოფილი ბიზნეს-პარტნიორი რიკ გეიტსი შეერთებული შტატების წინააღმდეგ კონსპირაციის, ფულის გათეთრების და კიდევ რამდენიმე სხვა ფინანსური ბრალდებით წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. ორივე მათგანს ათეულობით მილიონი დოლარის უცხოური კომპანიების და საბანკო ანგარიშების მეშვეობით გადატანაში ედება ბრალი.

The Associated Press -ის ინფორმაციით, მანაფორტი და გეიტსი ფედერალურ საგამოძიებო ორგანოებს უკვე ჩაბარდნენ და მოელიან, რომ ისინი ორშაბათს, მოგვიანებით სასამართლოს წინაშე იქნებიან წარდგენილი, რათა პასუხები გასცენ რობერტ მიულერის საგამოძიებო გუნდის ბრალდებებს.

საბრალდებო ოქმი ამტკიცებს, რომ მათ ფული დამალული საბანკო ანგარიშებით კვიპროსზე, სეინტ ვინცენტში, გრენლანდიასა და სეიშელებზე გადაჰქონდათ – ჯამში, 75 მილიონ აშშ დოლარზე მეტი იქნა გადაქაჩული ოფშორულ ანგარიშებზე.  საბრალდებო ოქმის თანახმად, მანაფორტს 18 მილიონ აშშ დოლარზე მეტი თანხის გათეთრებაში ედება ბრალი.

68 წლის მანაფორტი ტრამპის საარჩევნო კამპანიის თავმჯდომარის პოსტიდან 2016 წლის აგვისტოში, მას შემდეგ გადააყენეს რაც ცნობილი გახდა, რომ იგი უკრაინაში პრო-რუსული ინტერესების საიდუმლო ლობირების ოპერაციას ხელმძღვანელობდა. The Associated Press-ის ცნობით, მანაფორტი ათწლეულის წინათ ასევე წარმოადგენდა  რუს მილიარდერს იმ მიზნით, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინტერესები განევითარებინათ.

თეთრმა სახლმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. მანაფორტის წარმომადგენელს ჯერჯერობით არც სატელეფონო ზარებზე და არც ტექსტურ შეტყობინებებზე უპასუხია.

GUARDIAN.GE