აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

22 არაბული სახელმწიფო, მათ შორის აშშ-ის მოკავშირეები, ტრამპს ბრალს სდებს, რომ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებით, ის ახლო აღმოსავლეთს „ძალადობასა და ქაოსში“ სძირავს

არაბული სახელმწიფოების მაღალი რანგის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება ახლო აღმოსავლეთის „ძალადობასა და ქაოსში“ ჩაძირვის რისკებს შეიცავს.

BBC-ის ცნობით, არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრები ამბობენ, რომ აშშ-ის მიერ რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე საკითხზე ნეიტრალიტეტის დასრულება ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ვერ იქნება დასაყრდნობი შუამავალი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში.

22 ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის ახლო მოკავშირეთა, ერთობლივი განცხადება დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში სამდღიანი ძალადობისა და პროტესტის შემდეგ გაკეთდა.

ისრაელი იერუსალიმს ყოველთვის მის დედაქალაქად მიიჩნევდა, მაშინ როცა პალესტინელები აღმოსავლეთ იერუსალიმს, რომლის ოკუპაციაც ისრაელმა 1967 წლის ომის დროს მოახდინა, თავიანთი მომავალი პალესტინური სახელმწიფოს დედაქალაქად მოიაზრებენ.

ტრამპისთვის ამგვარი გადაწყვეტილება, მისი საარჩევნო კამპანიის დროს გაცემული დაპირების შესრულებაა და როგორც მან თქვა, ეს არის „არც მეტი, არც ნაკლები, რეალობის აღიარება“, მაგრამ მისი ეს ნაბიჯი სასტიკი კრიტიკის საგანი გახდა.

არაბული ლიგის რეზოლუცია ქაიროში, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნდა (ადგილობრივი დროით 03:00). მას მხარდაჭერა აშშ-ის რამდენიმე მოკავშირემ, მათ შორის არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა, საუდის არაბეთმა და იორდანიამ გამოუცხადა.

რეზოლუციაში წერია:

შეერთებულმა შტატებმა თავისი გადაწყვეტილებით „გამოთიშა თავისი თავი, როგორც სპონსორმა და შუამავალმა“ ისრაელ-პალესტინის ნებისმიერი შესაძლო სამშვიდობო პროცესიდან;

ტრამპის ნაბიჯი „აღრმავებს დაძაბულობას, აქეზებს რისხვას და საფრთხეს უქმნის რეგიონს ჩაეფლოს უფრო მეტ ძალადობასა და ქაოსში“;

გაკეთდება მოთხოვნა გაეროსადმი, რომ მისმა უშიშროების საბჭომ დაგმოს ეს გადაწყვეტილება.

პარასკევს, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, შეერთებულმა შტატებმა თავისი თავი იზოლირებულ მდგომარეობაში აღმოაჩინა, რადგან საბჭოს სხვა 14-ივე წევრმა დაგმო ტრამპის გადაწყვეტილება, რამაც გაეროში აშშ-ის ელჩის, ნიკი ჰეილის საერთაშორისო ორგანიზაციისადმი კრიტიკა გამოიწვია, ბრალი დასდო რა მას მიკერძოებულობასა და „ისრაელის მიმართ მტრობაში“.

შაბათს, ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მან მოისმინა „ტრამპის ისტორიული განცხადების მგმობელი გამოსვლები“, მაგრამ „არ მოუსმენია რაიმე დაგმობა იმ რაკეტების ისრაელის წინააღმდეგ გაშვების გამო, რაც საშინელი წაქეზება გახდა ჩვენ წინააღმდეგ“.

პარასკევს ღაზადან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა იქნა გაშვებული, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო საჰაერო დარტყმები მოჰყვა.

GUARDIAN.GE