საქართველო

2021 წლის რთველზე საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვეღარ ჩააბარებს

2021 წლის რთველზე საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვეღარ ჩააბარებს. ამის შესახებ ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ.

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება.

ამ ეტაპისთვის პროცესი ხუთ მუნიციპალიტეტში უკვე მიმდინარეობს.

ვენახების კადასტრის პროგრამის ფარგლებში, აეროგადაღებები დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში ხდება, პროცესის დასრულების შემდეგ, ივნისიდან რეგისტრაცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტშიც დაიწყება.

ვენახების კადასტრის პროგრამის დასრულება კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში წელს იგეგმება.

ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. მსგავსი კადასტრი გააჩნია ევროკავშირის წევრ ყველა იმ ქვეყანას, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის ინდუსტრიაა განვითარებული.