ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

17 ქვეყანა – აშშ, კანადა, უკრაინა და ევროკავშირის 14 სახელმწიფო რუს დიპლომატებს აძევებს

4 მარტს, ინგლისის ქალაქ სოლსბერიში რუსული „ГРУ“-ს ყოფილი თანამშრომლის, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის გამო, დიდი ბრიტანეთის შემდეგ, ორშაბათს, რუსი დიპლომატები 17-მა ქვეყანამ – შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, უკრაინამ და ევროკავშირის 14-მა სახელმწიფომ გააძევა.

რუსი დიპლომატების ყველაზე დიდი რაოდენობა – 60 დიპლომატი – ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ვაშინგტონიდან და ნიუ იორკიდან იქნება გაძევებული. ვაშინგტონის ეს ნაბიჯი ინგლისის ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი 33 წლის ქალიშვილის ქიმიური, ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლას უკავშირდება.

ტრამპის ადმინისტრაციამ 60 რუსი დიპლომატის გაძევების გარდა, სიეტლში რუსეთის საკონსულოს დახურვის განკარგულებაც გამოსცა.

ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ გაძევებულთაგან ყველანი რუსი ჯაშუშები არიან, რომლებიც შეერთებულ შტატებში დიპლომატიური საქმიანობის საფარქვეშ მოქმედებდნენ, მათ შორის არიან გაეროში რუსული მისიის წარმომადგენლებიც.

„ჩვენ ვაძევებთ დიპლომატიური მისიის 48 თანამშრომელს და გაეროში მისიის კიდევ 12 თანამშრომელს – მთლიანად 60 დიპლომატს“, განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ ასევე განცხადებები გააკეთეს საფრანგეთმა, პოლონეთმა, უკრაინამ და ლატვიამ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია: „4 მარტს, რუსეთმა გამოიყენა ნერვის აგენტი ბრიტანეთის მოქალაქის და მისი ქალიშვილის მკვლელობის მცდელობის მოტივით.

„ამ თავდასხმამ ჩვენს მოკავშირეზე, დიდ ბრიტანეთზე, ურიცხვი უდანაშაულო მოქალაქის სიცოცხლე მოაქცია რისკის ქვეშ და სამი ადამიანის, მათ შორის პოლიციის ოფიცრის სერიოზული დაზიანება გამოიწვია.

სახელმწიფო დეპარტამენტმა თავდასხმას „ქიმიური იარაღის კონვენციის და საერთაშორისო კანონმდებლობის აღმაშფოთებელი დარღვევა უწოდა“.

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ 13 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების შესახებ გაკეთებული განცხადებისას თქვა: „ეს ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი ბრიტანელი პარტნიორების და ტრანსატლანტიკური მოკავშირეების სოლიდარობის ნიშნად, ევროკავშირის ქვეყნებთან კოორდინაციით“.

უფრო ადრე, ორშაბათს, ლატვიამ, ლიტვამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსი ელჩები თავიანთი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებში გამოიძახეს.