მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

1 736 ადამიანი გარდაიცვალა 1 დღეში აშშ-ში კორონავირუსისგან და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 12 722 შეადგინა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსისგან 1 დღეში რეკორდულად მაღალი რაოდენობის – 1,736 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რიცხვმა 12,722 შეადგინა, ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევები 398,000-ზე მეტს აღწევს, რაც მსოფლიოში, სადაც შემთხვვების რაოდენობამ 1.4 მილიონს გადააჭარბა, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მსხვერპლის ყველაზე მეტი რაოდენობა, 731 ადამიანი, ნიუ იორკის შტატზე მოდის, რომელიც აფეთქების ეპიცენტრადაა მიჩნეული. შტატის გუბერნატორმა დაჟინებით მოუწოდა მოქალაქეებს სახლში დარჩენისა და სოცილაური დისტანცირების დაცვისაკენ.

სამშაბათს გამოცხადებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი სავარაუდოდ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რადგან ზოგიერთ შტატს ჯე რკიდევ არ გამოუქვეყნებია ბოლო მონაცემები.

პრესკონფერენციაზე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავს დაესხა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, განაცხადა რა, რომ მან ცუდი რჩევები გამოაქვეყნა და მეტისმეტად იყო ფოკუსირებული ჩინეთზე.

ტრამპმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ „ნამდვილად ააფეთქა“ მდგომარეობა, და ორგანიზაციამ, რომელიც „დიდწილად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ არის დაფინანსებული, გარკვეული მიზეზით ჩინეთი მიიჩნია ცენტრალურად“. მან თქვა, რომ შეერთებული შტატები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას შეუჩერებს ფულის ჩარიცხვას.

შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე კი, დონალდ ტრამპმა გააფრთხილა ამერიკელები, რომ მოემზადონ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ჯერჯერობით „ყველაზე მძიმე კვირისთვის“, განაცხადა რა, რომ მომდევნო დღეებში სიკვდილიანობის მაჩვენებლის მკვეთრ ზრდას ექნება ადგილი.

მაშინ, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრამპის მიერ წინა პრესკონფერნციაზე გამოთქმული იმედი, „გვირაბის ბოლოს სინათლის გამოჩენის“ შესახებ არ ჩანს და სიკვდილიანობის მაჩვენებელი კატასტროფულად მატულობს, ჩინეთის ქალაქ უხანში, საიდანაც ახალი კორონავირუსი მთელ მსოფლიოს მოედო, 11-კვირიანი საყოველთაო კარნატინი დასრულდა და ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმს უბრუნდება.

როგორც BBC იუწყება, წინასწარი გათვლებით და შეფასებებით კორონავირუსმა შესაძლოა 250 000 ამერიკელის სიცოცხლე იმსხვერპლოს მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში.

„ეს იქნება ძალიან მტკივნეული – ძალიან, ძალიან მტკივნეული ორი კვირა“, განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში 31 მარტს, აღწერა რა პანდემია, როგორც „ჭირი“.

„მინდა ყველა ამერიკელი მზად იყოს მძიმე დღეებისთვის, რომელიც წინ გველოდება“, განცხადა ტრამპმა.

თეთრმა სახლმა 31 მარტს განაცხადა, რომ წინასწარი გათვლებით „კოვიდ-19“-ისგან შესაძლოა 100 000-დან 240 000-მდე ამერიკელი მოკვდეს.

აშშ-ის კორონავირუსის კოორდინატორმა დებორა ბირქსმა განაცხადა, რომ წინასწარი გათვლები დაფუძნებულია იმაზე, რომ ზოგიერთი ადამიანი არ აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რაც მათ შეუძლიათ გააკეთონ კორონავირუსის შესაჩერებლად.

„ჩვენ ნამდვილად გვჯერა და იმედი გვაქვს ყოველდღიურად, რომ შეგვიძლია უკეთესი შედეგით გამოვიდეთ, ვიდრე ეს გათვლებია“, აღნიშნა მან, თუმცა დებორა ბირქსმა ჟურნალისტებს ისიც უთხრა, რომ უარესი შემთხვევების სცენარიც არსებობს  – 1,5 მილიონიდან 2.2 მილიონამდე ამერიკელის სიკვდილი.

აშშ-ის ალერგიულ და ინფექციურ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელმა, ექიმმა ანტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ამერიკელები მზად უნდა იყვნენ, რომ ქვეყანაში სულ მცირე 100 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირება ვირუსს, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ეს რიცხვი ამდენს არ მიაღწევს და გაცილებით ნაკლები შეიძლება იყოს, ვიდრე 100 000. „მაგრამ ვიყოთ რეალისტები. ჩვენ უნდა მოვამზადოთ ჩვენი თავები… ეს რთული იქნება – არავინ დავობს, რომ ჩვენ ახლა, ამ წუთებში ძალიან მძიმე დროების მომსწრე ვართ“, თქვა ფაუჩიმ.

GUARDIAN.GE