მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა

შეერთებული შტატების 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის წინ საპრეზიდენტო ფიცი დადო და 78 წლის ასაკში აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.

საზეიმო ცერემონიაზე ბაიდენმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ჯონ რობერტსისა და საზოგადოების წინაშე დაიფიცა იმ ბიბლიაზე ხელის დადებით, რომელიც მის ოჯახში 1893 წლიდან ინახებოდა და მასზე მას ვიცე-პრეზიდენტის რანგში ორჯერ უკვე ჰქონდა ფიცი დადებული.

20-წუთიანი მიმართვისას მან მადლობა გადაუხადა თავის წინამორბედებს ორივე პარტიიდან და თქვა, რომ „ყველას პრეზიდენტი იქნება“.

„ეს ამერიკის დღეა. ეს დემოკრატიის დღეა, ისტორიისა და იმედის დღე, განახლების დღე. ამერიკა გამოწვევებს უძლებს. დღეს ჩვენ ვზეიმობთ არა კანდიდატის ტრიუმფს, არამედ დემოკრატიის არსს. ხალხის ნება აღსრულდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ დემოკრატია არის ფაქიზი და დღეს დემოკრატიამ გაიმარჯვა“, განაცხადა ბაიდენმა.

ინაუგურაციას არ დასწრებია დონალდ ტრამპი, თუმცა ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ცერემონიაზე იმყოფებოდა. 

ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრნენ ასევე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები, ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში უმცროსი და ბარაქ ობამა.