ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ჯო ბაიდენი: „თავისუფლება ყოველთვის გაიმარჯვებს ტირანიაზე“

ამერიკის შეერთთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესისადმი ერთსაათიან მიმართვაში განაცხადა, რომ „თავისუფლება ყოველთვის გაიმარჯვებს ტირანიაზე“. მის სიტყვას ტაში მოჰყვა როგორც „დემოკრატების“, ისე „რესპუბლიკელების“ მხრიდან. ბაიდენმა აღნიშნა, რომ „პუტინის ომი წინასწარ იყო განზრახული და მან უარი თქვა დიპლომატიის არაერთგზის ძალისხმევაზე“.

„იგი ფიქრობდა, რომ დასავლეთი და ნატო არ გასცემდა პასუხს. და იგი ფიქრობდა, რომ დაგვყოფდა აქ, შინ. პუტინი ცდებოდა. ჩვენ მზად ვიყავით“, -თქვა ბაიდენმა.

მან რუსული თვითმფრინავებისთვის ამერიკის საჰაერო სივრცეში შესვლის აკრძალვის შესახებ გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ასეთი გადაწყვეტილება კანადამ და ევროკავშირმა მიიღო.

ვაშინგტონში გამოსვლისას პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინაზე თავდასხმაში „მხოლოდ ვლადიმერ პუტინი არის დამნაშავე“ და პირობა დადო, რომ რუსეთის ლიდერი „გრძელვადიან პერსპექტივაში გადაიხდის მაღალ ფასს“.

თავის გამოსვლაში ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ შემდგომი ეკონომიკური შურისძიების შესახებაც განაცხადა და გააფრთხილა პუტინი: „მას წარმოდგენა არ აქვს, რა მოელის“.

„პუტინის რეჟიმს მხარს უჭერენ ოლიგარქები და სხვა კორუმპირებული ჩინოვნიკები, რომლებმაც მილიარდობით დოლარი მოიპარეს ამ ძალადობრივი რეჟიმის დროს“, დასძინა მან და დაჰპირდა ევროპელ მოკავშირეებს, რომ იმუშავებს მათთან რუსული იახტების, თვითმფრინავების და ფუფუნების სხვა საგნების ჩამორთმევის მიზნით.

მისი თქმით, ისტორიამ აჩვენა, რომ „როდესაც დიქტატორები არ იხდიან ფასს თავიანთი აგრესიის გამო, ისინი უფრო მეტ ქაოსს იწვევენ“.

კონგრესში გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა და განიხილა თუ რა დახმარება შეიძლება აღმოუჩინოს ქვეყანას რუსეთის თავდასხმის შემდეგ.

ამ დრომდე ამერიკამ უკრაინას შემდეგი სახის დახმარება გაუწია:

გამოყო 350 მილიონი აშშ დოლარი იარაღისთვის და 54 მილიონი დოლარი ჰუმანიტარული დახმარებისთვის;

რამდენიმე მსხვილი რუსული ბანკი მსოფლიო ფინანსური სისტემიდან, Swift-დან ამოიღო;

შეზღუდვები დააწესა რუსეთის ცენტრალურ ბანკზე რუბლის გასამყარებელი მექანიზმის დაბლოკვის მხრივ;

შეუერთდა ტრანს-ატლანტიკურ სამუშაო ჯგუფს ოლიგარქების აქტივების გაყინვისა და ჩამორთმევის მიზნით;

დაკეტა აშშ-ის საჰაერო სივრცე რუსეთის კუთვნილი და მათ მიერ ოპერირებული თვითმფრინავებისთვის;

თეთრმა სახლმა ასევე მიმართა კონგრესს მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში დამატებით 6.4 მილიარდი აშშ დოლარის გადაუდებელი დახმარების გამოყოფის თხოვნით;

მიუხედავად ამისა, ბაიდენმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ აშშ არ გააგზავნის უკრაინაში ჯარებს რუსებთან კონფლიქტში ჩასართავად.

guardian.ge