საქართველო

ჯიმ რიში, ჯინ შაჰინი, ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები 23 თებერვალს, საქართველოში ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ ხელისუფლებას „ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის, ბატონი მელიასა და გიორგი რურუას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ“.

განცხადებას ხელს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი „რესპუბლიკელი“ სენატორი, ჯიმ რიში, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, „დემოკრატი“ სენატორი ჯინ შაჰინი, წარმომადგენელთა პალატიდან კი, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები – „რესპუბლიკელი“ ადამ კინზინგერი და „დემოკრატი“ ჯერი კონოლი აწერენ.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, შეჭრილიყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისში პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას და სხვა ათობით აქტივისტის დასაკავებლად, ფუნდამენტურად შემაშფოთებელია. საქართველოს სამართალდამცავი ძალებისა და სასამართლოს კორუმპირებული გამოყენება პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების აღსასრულებლად, საფრთხეს უქმნის იმას, რაც საქართველოს დარჩა დემოკრატიისგან და ევროატლანტიკური გზისგან. ჩვენ მოვუწოდებთ, ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის, ბატონი მელიასა და გიორგი რურუას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოში პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს და მოილაპარაკოს კრიზისის მშვიდობიანი გადაწვეტა“ – ნათქვამია განცხადებაში.