მსოფლიოს ახალი ამბები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი: „ახლა ნამდვილი იმედი არსებობს იმისა, რომ ვაქცინები დაგვეხმარება დავასრულოთ „კოვიდ-19“-ის პანდემია“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსი კორონავირუსის პანდემიის დასასრულის იმედს გამოთქვამს.

„ვაქცინის გამოცდებთან დაკავშირებით უკანასკნელი დადებითი ცნობებიდან გამომდინარე, ამ გრძელი, ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება. ახლა ნამდვილი იმედი არსებობს იმისა, რომ ვაქცინები – სხვა ნაცად და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებთან ერთად – დაგვეხმარება დავასრულოთ „კოვიდ-19“-ის პანდემია“, აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსი „თვითერის“ გვერდზე.

უფრო ადრე ღებრეისუსმა ბრიფინგზე თქვა, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მთელ მსოფლიოში დასარიგებლად დაუყოვნებლივ საჭიროა 4,3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია.

მისი თქმით, მსოფლიო ისტორიაში ჯერ არც ერთი ვაქცინა არ შეუქმნიათ ისე სწრაფად, როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, თუმცა, ახლა მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშეა, რაც ვაქცინის პლანეტის მოსახლეობისათვის თანაბრად განაწილებას უკავშირდება.

„ახლა საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაამკვიდროს ახალი სტანდარტი და უზრუნველყოს ვაქცინასთან წვდომა. ყველა მთავრობას სურს ყველაფრის გაკეთება, რათა საკუთარი ხალხი დაიცვას, თუმცა, ჩნდება საფრთხე, რომ ყველაზე ღარიბ და დაუცველ ადამიანებს ვაქცინის რიგში გაჭყლეტენ“, განაცხადა ღებრეისუსმა და დასძინა, რომ ვაქცინისა და სხვა საშუალებების მთელ მსოფლიოში დაუყოვნებლივ დასარიგებლად სოლიდური დაფინანსებაა საჭირო.

„4,3 მილიარდი დოლარი არის საჭირო, რათა მხარდაჭერილი იყოს ვაქცინების, ტესტებისა და მედიკამენტების განაწილება. მომავალ წელს კი იქნება საჭირო 23,8 მილიარდი დოლარი. ეს ქველმოქმედება არ არის. ეს არის ყველაზე სწრაფი და ჭკვიანური გზა პანდემიის დასასრულებლად და ეკონომიკის აღდგენის ხელშესაწყობად“, განაცხადა ღებრეიესუსმა.

როგორც 23 ნოემბერს გახდა ცნობილი, დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ტესტირებაში მონაწილეთა 70% კორონავირუსისგან დაიცვა.

BBC-ის ცნობით, დამტკიცების შემთხვევაში, ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინა შედარებით იაფი ეღირება და მარტივად ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. შესაბამისად, მისი როლი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მაინც მნიშვნელოვანი იქნება.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები ვაქცინაზე დაახლოებით 10 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ წინასწარ 100 მილიონი ვაქცინის დოზა 50 მილიონი ადამიანისთვის უკვე შეუკვეთა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ახალი ვაქცინის შექმნის შესახებ გაკეთებულ განცხადებამდე ცნობილი გახდა, რომ გერმანული მწარმოებლის, BioNTech-ისა და ამერიკული Pfizer-ის მიერ შექმნილი ვაქცინის წინასწარი ანალიზებით, ვაქცინით ადამიანების 90%-ით დაცვა იქნება შესაძლებელი.

ამერიკული კომპანია „Moderna“-ს განცხადებით კი, წინასწარი კვლევების შედეგად, ახალი ვაქცინა 95%-ით ეფექტურია.