აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ხმების 84%-ის დათვლის შედეგად, ისრაელის არჩევნებში ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიდერობს

ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სამშაბათს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს, იტყობინება მედია. ამჟამად ხმების 84% დათვლილია და ნეთანიაჰუს ბლოკს 120 ადგილიდან 65 აქვს მოპოვებული. „ჩვენ ახლოს ვართ დიდ გამარჯვებასთან“, – უთხრა მან თავის მხარდამჭერებს იერუსალიმში. ამგვარი შედეგი 73 წლის ნეთანიაჰუსთვის, რომელიც გასულ წელს, ქვეყნის სათავეში 12-წლიანი უწყვეტი ყოფნის შემდეგ ჩამოცილდა პრემიერ-მინისტრის პოსტს, დრამატული დაბრუნების საწინდარი იქნება უმაღლეს თანამდებობაზე.

მიუხედავად ამისა, იგი დამოკიდებული იქნება ულტრა-ნაციონალისტური რელიგიური სიონისტური პარტიის მხარდაჭერაზე, რომლის ლიდერებმაც, იტამარ ბენ-გვირიმ და ბეზალელ სმოტრიჩმა ცნობადობა ანტიარაბული რიტორიკის გამოყენებითა და „არალოიალური“ არაბი პოლიტიკოსების თუ მშვიდობიანი მოსახლეობის დეპორტაციის მომხრეობით მოიპოვეს.

ბენ-გვირი აწ განსვენებული, აშკარად რასისტი, ულტრა ნაციონალისტის, მეირ კაჰანეს მიმდევარი იყო, რომლის ორგანიზაცია შეერთებულმა შტატებმა ტერორისტულ ჯგუფად შეაფასა. თავად ბენ-გვირი რასიზმის წაქეზებისა და ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერისთვის გაასამართლეს.