საქართველო

წალკის მუნიციპალიტეტის სომხურენოვან საჯარო სკოლებში ონლაინ სწავლება შეუფერხებლად მიმდინარეობს

წალკის მუნიციპალიტეტის სომხურენოვან საჯარო სკოლებში ონლაინ სწავლება შეუფერხებლად მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ „ბიზნესკონტინენტს“ ჩივთქილისის, ხაჩკოვის, კიზილქილისის, აშკალის და დაშბაშის საჯარო სკოლების დირექტორებმა განუცხადეს.

„მოგეხსენებათ სკოლები დაკეტილია და სახლის პირობებში გვიწევს ინტერნეტის მეშვეობით გაკვეთილების ჩატარება. რა თქმა უნდა, სახლებში ჯდომა არავის მოსწონს, რა თქმა უნდა ონლაინ სწავლება განსხვავდება ცოცხალი, კლასებში მიმდინარე გაკვეთილებისგან, სადაც უშუალო შეხება გაქვს მოსწავლეებთან, თუმცა უკვე მივეჩვიეთ და გარკვეულ კალაპოტში ჩავჯექით. მოსწავლეებმაც და მასწავლებლებმაც საკმაოდ კარგად აუღეს ალღო ამ სიახლეს. ძალიან გვიდგას გვერდში განათლების სამინისტრო და ჩვენი რესურსცენტრი. მთავარია, რომ ინტერნეტზე წვდომა სოფელში თითქმის ყველას აქვს“, უთხრა „ბიზნესკონტინენტს“ სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლის დირექტორმა, ვართუი სარკსიანმა (დაბლა ფოტოზე).

როგორც ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორმა, ლიანა პილტოიანმა „ბიზნესკონტინენტს“ განუცხადა, საქართველოს მთავრობამ, პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, ასევე „ჩვენმა საამაყო მედიკოსებმა“ უაღრესად სწორი და მიზანმიმართული ნაბიჯები გადადგეს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე და წარმატება სახეზეა.

„განათლების სამინისტრომ ონლაინ სწავლებისა და ტელესკოლის დანერგვით ყველანაირი შესაძლებლობა მისცა მომავალი თაობის წარმომადგენლებს, მათ შორის არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებს, რომ სრულფასოვნად განაგრძონ სწავლის პროცესი. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამისათვის ჩვენს მთავრობას, განათლების სამინისტროს, წალკის რესურსცენტრს, ყველას ვინც ჩართულია ამ პროცესში.

„რა თქმა უნდა, ცოცხალი გაკვეთილი სულ სხვა რამეა, მაგრამ ახლა მთავარია, არ იყოს წყვეტა სწავლის პროცესში და საბედნიეროდ, ეს უზრუნველყოფილია. ჩვენი სკოლის, იცით, რომ ორ სკოლას წაროვადგენ – ხაჩკოვის და კაბურის – პედაგოგები გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ გმირები არიან. სომხურ ენაში ასეთი გამონათქვამია, რომ მასწავლებლად უნდა დაიბადოო, სწორედაც რომ ისინი მასწავლებლად არიან დაბადებული. მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და მადლობა ვუთხრა მათ იმისათვის, რასაც აკეთებენ“, განუცხადა ლიანა პილტოიანმა (დაბლა ფოტოზე) „ბიზნესკონტინენტს“.

კიზილქილისის საჯარო სკოლის დირექტორის, აზნივ ვოსკანიანის (დაბლა ფოტოზე) თქმით, სოფელში ონლაინ სწავლებაზე ხელი ყველა მოსწავლეს მიუწვდება და არავითარი შეფერხება არ არსებობს.

„ჩვენ შედგენილი გვაქვს ონლაინ სწავლების გეგმა, ცხრილი და მოსწავლეებს ამის შესაბამისად უტარდებათ გაკვეთილები. ბავშვები ძალიან მოტივირებული არიან. ახლა სომხურ ენაზეც დაემატა სატელევიზიო გაკვეთილები და ესეც ძალიან წაგვადგება. ამჟამად მთავარია ეს პერიოდი, როცა სკოლები დაკეტილია და სახლის პირობებში გვიწევს ონლაინ სწავლების განხორციელება, მაქსიმალურად გამოვიყენოთ იმისათვის, რომ არავითარ ჩამორჩენას არ ჰქონდეს ადგილი სწავლის მხრივ. უნდა ითქვას, რომ ამას საბედნიეროდ ვახერხებთ“, უთხრა აზნივ ვოსკანიანმა „ბიზნესკონტინენტს“.

აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი (დაბლა ფოტოზე) მადლობა უხდის სკოლის პედკოლექტივს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს იმისათვის, რომ ონლაინ სწავლების პროცესი მაქსიმალურად არის უზრუნველყოფილი, თუმცა პრობლემას ის წარმოადგენს, რომ სოფელში დაბალსიჩქარიანი ინტერნეტია, რაც გარკვეულ წყვეტას იწვევს.

„კორონავირუსმა სრულიად შეცვალა მსოფლიო და მათ შორის საქართველო. ამას მომავალში კიდევ უფრო მეტად ვიგრძნობთ თითოეული ჩვენგანი. ბევრი რამ კიდევ მეტად შეიცვლება დღევანდელ მსოფლიოში და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისათვის. საბედნიეროდ, წალკის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი ჯერ არ არის გამოვლენილი, თუმცა დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ მომავალშიც შენარჩუნებული იყოს ეს ტენდენცია. ხალხმა ძალიან კარგად უნდა გაიაზროს ის საფრთხე, რაც  ამ ვირუსის გავრცელებას შეიძლება მოჰყვეს. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე კარგი შედეგი აქვს მთელ მსოფლიოში ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის რეგიონშიც მოწინავე ადგილზეა. მაგალითად, მეზობელ სომხეთში და აზერბაიჯანში გაცილებით რთული მდგომარეობაა. ჩვენი მთავრობა ძალიან ეფექტურად მუშაობს. უდიდესია ჩვენი მედიკოსების ღვაწლი. ჩვენ კი პედაგოგები, ჩვენი მხრივ არ ვიშურებთ ენერგიას, რომ ასეთ არაორდინალურ მდგომარეობაში სწავლის პროცესი ნაყოფიერად გაგრძელდეს“, განუცხადა „ბიზნესკონტინენტს“ ვაჟა ზურნაჩიანმა.

დაშბაშის საჯარო სკოლის დირექტორი ევა კალაჩიანი (დაბლა ფოტოზე) კი, რომელიც მსოფლიოში კორონავირუსის აფეთქებამდე სოფელ დაშბაშის  და მიმდებარე ტერიტორიის დიდ ტურისტულ პოტენციალზე საუბრობდა, ახლა წუხილით ამბობს, რომ ტურიზმის განვითარების პროცესი დიდად იქნება შენელებული და დაშბაშის აღორძინება დროში გადაიწევს.

„ძალიან მალე ყველაფერი მოულოდნელად შეიცვალა. ამდენი ხნის, 50-წლიანი პედაგოგიური მუშაობის სტაჟი მაქვს და ასეთი რამ  არასდროს მახსოვს. დღეს ნამდვილად სხვა ვითარებაა შექმნილი, მთავარია მსოფლიოში პანდემია შეჩერდეს, მთავარია მსოფლიო ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს, მთავარია მომავალ თაობას სწავლა-განათლების მიღების და ნორმალური ცხოვრების საშუალება ჰქონდეს.

„ჩვენი სკოლა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ონლაინ-სწავლებაზე გადავიდა და ჩვენი სკოლის პედაგოგები ბოლომდე არიან ჩართული ამ პროცესში, გაკვეთილები ცხრილების მიხედვით ტარდება, ინტერნეტზე წვდომა ყველა მოსწავლეს აქვს. ტრადიციული სტილით გაკვეთილები რა თქმა უნდა ჯობია, ყოველ შემთხვევაში ჩემი თაობის პედაგოგებისთვის, მაგრამ დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ მალე დავუბრუნდებით ცხოვრების და საგანმანათლებლო საქმიანობის ჩვეულებრივ რიტმს“, განუცხადა „ბიზნესკონტინენტს“ ევა კალაჩიანმა.