აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ჩინეთმა რუსეთს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების საკითხებზე

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ დაუდასტურა პეკინის მოსკოვისადმი მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების საკითხებზე. მან პუტინს ოთხშაბათს განუცხადა, რომ „ყველა მხარემ პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედოს უკრაინის კრიზისის სწორად მოგვარებისთვის“, იტყობინება ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „სინჰუა“.

კრემლმა თავის მხრივ განაცხადა, რომ პუტინმა სი ძინპინთან საუბრისას „თავისი ფუნდამენტური შეფასებები გამოხატა უკრაინაში ვითარების შესახებ“.

სიმ „აღნიშნა რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებების ლეგიტიმურობა ფუნდამენტური ეროვნული ინტერესების დასაცავად გარე ძალების მიერ შექმნილი მისი უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე“, ნათქვამია მოსკოვის ოფიციალურ განცხადებაში.

კრემლმა ასევე განაცხადა, რომ ოთხშაბათს სატელეფონო საუბრისას ლიდერები შეთანხმდნენ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე დასავლეთის „არაკანონიერი“ სანქციების ფონზე.

„მიღწეულია შეთანხმება ენერგეტიკის, ფინანსური, სამრეწველო, სატრანსპორტო და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაze, გლობალურ ეკონომიკაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, რომელიც უფრო გართულებულია დასავლეთის უკანონო სანქციების პოლიტიკის გამო“, – აცხადებენ კრემლში.

ჩინეთს არ გაუკრიტიკებია რუსეთის შეჭრა უკრაინაში და არც კი გამოუყენებია სიტყვა „შეჭრა“, მაშინ, როცა ნატო-სა და დასავლეთს მოსკოვის თავდასხმის პროვოცირებაში ადანაშაულებს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეშფოთება გამოხატა ჩინეთის რუსეთთან ალიანსის გამო და გააფრთხილა ის ქვეყნები, რომლებიც პუტინის მხარეს დგანან უკრაინაში მისი შეჭრის დროს და აღნიშნა, რომ ისინი „ისტორიის არასწორ მხარეს“ იქნებიან.

„ჩინეთი აცხადებს, რომ ნეიტრალურია, მაგრამ მისი ქცევა ცხადყოფს, რომ ის კვლავ ახორციელებს ინვესტიციებს რუსეთთან მჭიდრო კავშირში“, – თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

24 თებერვალს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, პუტინი და სი ძინპინი პეკინში შეხვდნენ და ზედამხედველობდნენ შეთანხმების ხელმოწერას, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მხარეებს შორის ურთიერთობას „საზღვრები/შეზღუდვები არ ექნება“. გაურკვეველი რჩება, იცოდა თუ არა სიმ იმ დროს რუსეთის უკრაინაში შეჭრის გეგმის შესახებ.

ამ შეხვედრაზე, რომელიც პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გაიმართა, ორმა ლიდერმა შეერთებული შტატების გასაგონად გამოაცხადა რუსეთისა და ჩინეთის პოზიცია ნატოს ნებისმიერი გაფართოების წინააღმდეგ და დაადასტურა, რომ კუნძული ტაივანი ჩინეთის ნაწილია.

guardian.ge