აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ჩინეთმა გააფრთხილა ტაივანი, რომ მისი მცდელობები პეკინისგან დამოუკიდებლობა მოიპოვოს, „ნიშნავს ომს“

ჩინეთმა მკაცრად გააფრთხილა ტაივანი, რომ მისი მცდელობები პეკინისგან დამოუკიდებლობა მოიპოვოს, „ნიშნავს ომს“. როგორც BBC იუწყება, აღნიშნულ გამაფრთხილებელ განცხადებას წინ უძღოდა პეკინის სამხედრო აქტივობები და კუნძულის სიახლოვეს სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნა. ამასთან, პეკინისთვის გამაღიზიანებელია ის  ფაქტი, რომ ტაივანი ბაიდენის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ამერიკის შეერთებულ შტატებთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას ცდილობს.

28 იანვარს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშინგტონის მზადყოფნა მხარი დაუჭიროს ტაივანის სამხედრო აღჭურვილობის განმტკიცებას.

ჩინეთი ტაივანს თავისი ტერიტორიის სეპარატისტულ წარმონაქმნად მიიჩნევს, ხოლო ეს უკანასკნელი კი თავს სუვერენულ სახელმწიფოდ აცხადებს.

„ჩვენ სერიოზულად ვეუბნებით ტაივანის დამოუკიდებელ ძალებს: ისინი, ვინც ცეცხლს ეთამაშებიან, საკუთარ თავს ამოიბუგავენ ამ ცეცხლში, და ტაივანის დამოუკიდებლობა ნიშნავს ომს“, განაცხადა ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ვუ ქიანმა 28 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ასევე დაიცვა ჩინეთის ამჟამინდელი სამხედრო აქტივობები და აღნიშნა, რომ ეს „საჭირო ქმედებებია, რომელიც ტაივანის სრუტეში ახლანდელი უსაფრთხოების სიტუაციისკენ არის მიმართული და ემსახურება ეროვნული სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვას“.

ჩინეთის განცხადების საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა 28 იანვარს, მოგვიანებით, განცხადება გააკეთა. „მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კომენტარები სამწუხაროა და უდავოა, რომ ის არაპროპორციულია ჩვენს განზრახვებთან მიმართებაში, რომელიც „ტაივანთან ურთიერთობების აქტის“ ქვეშ ჩვენს ვალდებულებებს შეესაბამება“, თქვა პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ და დაამატა, რომ პენტაგონი „ვერ ხედავს მიზეზს, თუ რატომ უნდა იქცეს ტაივანის გარშემო არსებული დაძაბულობა კონფრონტაციის მიზეზად“.

1949 წელს, სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, ჩინეთსა და ტაივანს თავიანთი, ცალ-ცალკე მთავრობები ჰყავს, თუმცა პეკინი ტაივანს თავისი ტერიტორიის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.

მოელიან, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია შეინარჩუნებს ზეწოლას ჩინეთზე მთელი რიგი საკითხების გარშემო, მათ შორის ადამიანის უფლებების, სავაჭრო უთანხმოებების, ჰონგ-კონგისა და ტაივანის მიმართულებით.  

GUARDIAN.GE