აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

შეტაკებები პალესტინელებსა და ისრაელის ჯარებს შორის – ისრაელის არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაზე გადავიდა მას შემდეგ, რაც „ჰამასის“ ლიდერმა ახალი ინტიფადას დაწყების მოწოდება გააკეთა

დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ ასეულობით პალესტინელ პროტესტანტსა და ისრაელის ჯარებს შორის შეხლა-შემოხლამ იფეთქა, მაშინ როცა დემონსტრანტებმა ღაზაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პოსტერები და აშშ-ის და ისრაელის დროშები დაწვეს.

Associated Press-ის თანახმად, სამხედრო დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერმა ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გამო ახალი შეიარაღებული ამბოხების მოწოდება გააკეთა.

დასავლეთ სანაპიროზე პროტესტანტებმა საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს და ისრაელის ჯარების მიმართულებით ქვები ისროლეს. ბიბლიურ ქალაქ ბეთლემში, ჯარებმა შეხლა-შემოხლისას, დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. რამალაში, სადაც პალესტინის მთავრობა ზის, პროტესტანტებმა საბურავებს წაუკიდეს ცეცხლი, რის გამოც მთელ ქალაქს შავი კვამლის სქელი ფენა მოედო.

ტრამპმა ოთხშაბათს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებით უზარმაზარი გადატრიალება მოახდინა შეერთებული შტატების ათწლეულობით არსებულ პოლიტიკაში, რითაც პალესტინელებისთვის ხანგრძლივი საერთაშორისო გარანტიები, რომ წმინდა ქალაქის ბედი მოლაპარაკებებით იქნებოდა განსაზღვრული, მთლიანად თავდაყირა დააყენა. პალესტინელებს 1967 წელს ისრაელის მიერ ანექსირებული აღმოსავლეთ იერუსალიმი თავიანთ მომავალ დედაქალაქად წარმოუდგენიათ.

პალესტინელებმა ხუთშაბათს დახურეს თავიანთი სკოლები და მაღაზიები, რათა გამოხატონ „სამდღიანი გააფთრება“ ტრამპის გადაწყვეტილების გამო. მიტინგები დასავლეთ სანაპიროს სხვა ქალაქებშიც გაიმართა და დემონსტრაცია იერუსალიმის ძველი ქალაქის დამასკოს ჭიშკრის გარეთაც ჩატარდა.

ღაზას სექტორში, „ჰამასის“ლიდერმა, ისმაილ ჰანიეჰმა პალესტინელებს მოუწოდა პარასკევს ისრაელის წინააღმდეგ ახალი ინტიფადა (ამბოხება) დაიწყონ.

„ამერიკული გადაწყვეტილება არის აგრესია ჩვენ ხალხზე და და ომი ჩვენ ნავთსაყუდელზე“, თქვა ჰანიეჰმა თავის სიტყვაში და დაჟინებით მოუწოდა მხარდამჭერებს „მზად იყვნენ ნებისმიერი ბრძანებისთვის“.

„ჩვენ გვინდა ამბოხება შენარჩუნდეს და გაგრძელდეს, რომ ვაიძულოთ ტრამპი და ოკუპაცია, რომ ინანოს ეს გადაწყვეტილება“, თქვა მან.

„ჰამასმა“, რომელიც ღაზას სექტორს აკონტროლებს და ისრაელის განადგურებას ცდილობს, 2000-იანი წლების ადრეულ პერიოდში თვითმკვლელი ტერორისტების მიერ ბომბების აფეთქებითა და სხვა თავდასხმებით, ასეულობით ისრაელელის სიცოცხლე იმსხვერპლა, წერს Associated Press-ი და განაგრძობს, რომ ჯგუფის შესაძლებლობა ახლა უფრო შეზღუდულია. ღაზა, ჰამასის ციხე-სიმაგრე, ისრაელის ბლოკადით არის დაკეტილი, მაშინ როცა დასავლეთ სანაპიროზე, მისი ბევრი წევრი დაპატიმრებულ იქნა. მიუხედავად ამისა, ის ფლობს რაკეტების დიდ არსენალს, რომელთაც ისრაელის დიდ ნაწილზე დარტყმების განხორციელების შესაძლებლობა აქვს.

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ პარასკევის მოსალოდნელი ამბოხების წინ რამდენიმე ბატალიონს განალაგებს დასავლეთ სანაპიროზე, მაშინ როცა საჯარისო ნაწილების სხვა შემადგენლობა ყაზარმულ მდგომარეობაზე იქნება გადაყვანილი და სრულ მზადყოფნაში იქნება მოვლენების „შესაძლო განვითარებისთვის“ პასუხის გასაცემად.

რატომ არის იერუსალიმი ასე მნიშვნელოვანი? 

ორივე, ისრაელი და პალესტინა ამტკიცებს, რომ იერუსალიმი მათი დედაქალაქია.

ყველა პრეზიდენტი, მათ შორის ტრამპი, ყოველ ექვს თვეში ხელს აწერდა შეერთებული შტატების ისრაელის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის გადადების დოკუმენტს მას შემდეგ, რაც 1995 წელს კონგრესმა მიიღო აქტი საელჩოს ადგილმდებარეობის შეცვლის თაობაზე.

იერუსალიმის სტატუსი ისრაელის პალესტინელებთან კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე უმთავრესი საკითხია. პალესტინელებს მხარდაჭერას მთელი არაბული და ისლამური სამყარო უცხადებს.

ქალაქში, განსაკუთრებით კი მის აღმოსავლეთ ნაწილში, მთავარი რელიგიური მიმდინარეობების – იუდაიზმის, ისლამის და ქრისტიანობის უწმინდესი ადგილებია.

ისრაელმა ტერიტორიის ოკუპაცია 1967 წლის ახლო აღმოსავლეთის ომის დროს მოახდინა და მთელ ქალაქს მის განუყოფელ დედაქალაქად მიიჩნევს.

პალესტინელები აღმოსავლეთ იერუსალიმს თავიანთი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად მოიაზრებენ და 1993 წლის ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო შეთანხმების თანახმად, მისი საბოლოო სტატუსი სამშვიდობო მოლაპარაკებების ბოლო სტადიაზე უნდა იქნეს განხილული.

აქამდე ისრაელის სუვერენიტეტი იერუსალიმზე, არასდროს ყოფილა აღიარებული საერთაშორისო დონეზე, და ყველა ქვეყანა, ტრამპის გუშინდელ გადაწყვეტილებამდე ისრაელის ყველაზე ახლო სტრატეგიული მოკავშირე შეერთებული შტატებიც, თავიანთ საელჩოებს თელ-ავივში ინარჩუნებდა.

 

ტრამპის გადაწყვეტილება და რეაქციები

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოთხშაბათს, 6 დეკემბერს აღიარა.

„გადავწყვიტე, რომ დადგა დრო, ოფიციალურად იქნეს აღიარებული იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად“, განაცხადა თეთრ სახლში დონალდ ტრამპმა, რომლის უკან ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი იდგა.

ტრამპმა მის გადაწყვეტილებას ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის წინ წასაწევად „დიდი ხნის დაგვიანებული ნაბიჯი“ უწოდა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა მხარი უნდა დაუჭიროს ორი-სახელმწიფოს გადაწყვეტას, თუკი ეს მოწონებული იქნება ორივე მხარის, ისრაელის და პალესტინელების მიერ.

გადაწყვეტილების მიღებამდე პალესტინელების პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის წარმომადგენელმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ამას „სახიფათო შედეგები ექნება“ რეგიონისთვის.

საუდის არაბეთმა დაგმო შეერთებული შტატების გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე. სამეფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება „გაუმართლებელი და უპასუხისმგებლოა“, მაგრამ ისრაელის პრემიერ მინისტრმა აღნიშნულს „ისტორიული დღე“ უწოდა.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი 15 წევრიდან რვამ შეერთებული შტატების გადაწყვეტილების გამო მოუწოდა ორგანიზაციას სასწრაფო სხდომის კვირის ბოლომდე მოწვევისაკენ.

GUARDIAN.GE