მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობა დაიხურა

მას შემდეგ რაც სენატმა თანხმობა არ განაცხადა ახალი ბიუჯეტის მიღებაზე, შეერთებული შტატების მთავრობამ ფედერალურ დონეზე მუშაობა შეაჩერა.

კენჭისყრის გამართვამდე რამდენიმე წუთით ადრე სენატში „რესპუბლიკელებსა“ და დემოკრატებს“ შორის გამართული შეხვედრის მიუხედავად, მათ შორის მთავარ საკითხებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა და კანონპროექტმა, რომლის მიღებაც აუცილებელი იყო მთავრობის 16 თებერვლამდე დასაფინანსებლად, ხმების საჭირო რაოდენობა – 60 ხმა – ვერ მიიღო.

ეს კი მას ნიშნავს, რომ მთავრობის უამრავი სამსახური დაიხურება მანამ, სანამ ბიუჯეტი არ იქნება მიღებული და ამ დროის განმავლობაში, როგორც ამას „როიტერსი“ იტყობინება, ასეულობით ათასი „არაარსებითი“ ფედერალური თანამშრომელი, ტრამპის ინაუგურაციის წლისთავზე, უხელფასო შვებულებაში იქნება გაშვებული.

როგორც BBC იუწყება, ეს მთავრობის პირველი დახურვაა აშშ-ის ისტორიაში ისეთ პირობებში, როცა ერთი და იგივე პარტია აკონტროლებს კონგრესის ორივე პალატას და თეთრ სახლს.

ბოლოს აშშ-ის მთავრობამ მუშაობა 2013 წელს შეაჩერა და ის 16 დღე გაგრძელდა, რომლის დროსაც ფედერალური დონის თანამშრომლები იძულებით შვებულებაში გაუშვეს.

კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა ხუთმა „რესპუბლიკელმა“ მისცა, მაშინ როცა ხუთმა „დემოკრატმა“ მხარი დაუჭირა მას, კანონპროექტის მისაღებად კი საჭირო სულ მცირე 10 „დემოკრატი“ სენატორის მხარდაჭერა იყო.

ახალი ამბების სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, „რესპუბლიკელების“ მიერ კონტროლირებადმა წარმომამადგენლობითმა პალატამ მონაცვლე დაფინანსების ზომები ხუთშაბათს მიიღო, მაგრამ „რესპუბლიკელებს“ ამის შემდეგ სულ მცირე 10 „დემოკრატის“ მხარდაჭერა სჭირდებოდათ იმისათვის, რომ კანონპროექტი 100 წევრისაგან შემდგარ სენატში დამტკიცებულიყო.

„დემოკრატების“ ლიდერები მოითხოვდნენ დაცვითი ზომების მიღებას იმ ასეულობით ათასი დოკუმენტების არმქონე ახალგაზრდა იმიგრანტისა, რომლებიც ცნობილი არიან, როგორც „მეოცნებეები“ და რომლებიც შეერთებულ შტატებში თავიანთ მშობლებთან ერთად როგორც ბავშვები ჩავიდნენ, მაგრამ „რესპუბლიკელებმა“ ამაზე უარი განაცხადეს.

„როიტერსი“ წერს, რომ მთავრობის დახურვის პირობებში, „არსებითი“ თანამშრმლები, რომლებიც საზოგადოებრივი წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე არიან პასუხისმგებელნი, მუშაობას განაგრძობენ. ეს მოიცავს 1.3 მილიონ სამხედრო პირს, რომლებიც ვალდებულნი იქნებიან იმუშაონ, მაგრამ ბიუჯეტის მიღებამდე მათ ხელფასს არ გადაუხდიან.

მიუხედავად ამისა, როგორც BBC წერს, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა განაცხადა, რომ მისი დეპარტამენტის 50%-ზე მეტი სამუშაოზე არ გავა, და ზოგიერთი სარემონტო, საწვრთნელი და სადაზვერვო ოპერაცია შეწყდება.