საქართველო

შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და ყაზახეთს შორის.

„ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ყაზახეთი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს და ყაზახეთში დიდ პატივს სცემენ ქართველ ხალხს, ისტორიასა და კულტურას, რაზეც მეტყველებს ყაზახი ტურისტების მზარდი რიცხვი საქართველოში.

ასევე, ყაზახეთის პრეზიდენტმა ქართულ მხარეს მიულოცა ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობა. ხაზი გაესვა ყაზახეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებისთვის. აღინიშნა საპარლამენტო დიპლომატიის როლი ორმხრივ ურთიერთობებში.

შეხვედრაზე მიმოიხილეს თანამშრომლობა ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის სექტორებში. აღინიშნა „შუა დერეფნის“ მზარდი მნიშვნელობა და პოტენციალი.

მხარეებმა აგრეთვე განიხილეს ყაზახეთსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენები და რეფორმები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი; თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი; უზბეკეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი; აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი სოზარ სუბარი.