საქართველო

შალვა პაპუაშვილი: რიგგარეშე სესია ვერ ჩატარდება, რადგან მის გახსნას პლენარული სხდომის ჩატარება სჭირდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ რიგგარეშე სესია ვერ ჩატარდება, რადგან რიგგარეშე სესიის გახსნას პლენარული სხდომის ჩატარება სჭირდება.

„განსახილველ საკითხებში არაფერია შეტანილი და ამას აქვს შემდეგი მიზეზი. როგორც იცით, საქართველოს პარლამენტის წევრების ნაწილმა პრეზიდენტს მიმართა რიგგარეშე სესიის მოწვევის წერილით, რომელშიც განსაზღვრა ოთხი კანონპროექტი, როგორც რიგგარეშე სესიისთვის განსახილველი საკითხები. ამ წერილზე პასუხად პრეზიდენტმა, თუ არ ვცდები, 15 ივლისის განკარგულებით დანიშნა სესია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტებს ჯერ არ აქვთ გავლილი საკომიტეტო მოსმენები, არც ერთ მათგანზე არ არის წამყვანი კომიტეტების დასკვნები წარმოდგენილი, ის პლენარული სხდომის დღის წესრიგში ვერ მოხვდება. შესაბამისად, პლენარული სხდომისთვის განსაზღვრული საკითხები არ არის ამ კუთხით წარმოდგენილი და არ გვაქვს.

რიგგარეშე სესია იხსნება პლენარული სხდომით. რიგგარეშე სესია რომ გაიხსნას, საჭიროა, ჩატარდეს პლენარული სხდომა, სადაც იხსნება რიგგარეშე სესია. მაგრამ, ამავე დროს, არ გვაქვს განსახილველი დღის წესრიგის საკითხები. თქვენ მიერ დასახელებულ ოთხ საკითხს ბიურო ვერ შეიტანს დღის წესრიგში, ვინაიდან არ არსებობს საკომიტეტო განხილვები და შესაბამისად, წამყვანი კომიტეტების დასკვნები ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.