საქართველო

„ქართული ოცნება“ და ოპოზიცია 120/30-ის მოდელზე, 1%-იან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40%-იან ბარიერზე შეთანხმდნენ

საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელზე შეთანხმება მიღწეულია, მემორნადუმი გაფორმებულია და ის ყველა მონაწილის მიერ ხელმოწერილია. ამის შესახებ დიპლომატების მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებებიდან გამოსულმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის პოლიტიკური მოლაპარაკებები ფართო კონსესუსით დასრულდა და მხარეები შეთანხმდნენ ყველა ძირითად მნიშვნელოვან საკითხზე, რაც 2020 წლის არჩევნებს უკავშირდება.

შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, შეთანხმება მიღწეულია 120/30-ზე მოდელზე, 1%-იან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიას, რომელიც არჩევნებში 40 პროცენტზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მოგების შემთხვევაშიც, არ ექნება შესაძლებლობა, მთავრობა სრულად დააკომპლექტოს.