საქართველო

ფინანსთა მინისტრი: საქართველოში ეკონომიკის აღდგენის პროცესის ტემპი იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მოლოდინი იყო

საქართველოში ეკონომიკის აღდგენის პროცესის ტემპი იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მოლოდინი იყო, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მარტში ეკონომიკის 4%-იანი ზრდის შეფასებისას.

„რეალურად პირველი შემთხვევაა პანდემიის დაწყების შემდგომ, როცა დადებითი დინამიკა ფიქსირდება ეკონომიკურ ზრდაში. ზრდა, ასევე, გამოიხატა დღგ-ის გადამხდელთა ბრუნვების ზრდაში, რომელმაც 20 პროცენტს გადააჭარბა მიმდინარე თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. მნიშვნელოვანია, რომ დადებითი დინამიკა გრძელდება ექსპორტისა და იმპორტის მიმართულებით, რაც, საბოლოო ჯამში, საშულებას გვაძლევს, ვთქვათ, რომ ეკონომიკის აღდგენის პროცესი დაწყებულია. ვფიქრობ, ეს არის უკვე არაერთჯერადი, შეუქცევადი პროცესი“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.