საქართველო

ფინანსთა მინისტრი: პანდემიამდე, ჩვენ ვიზრდებოდით მაღალი ტემპით მაშინ, როცა სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში იყო საკმაოდ დაბალი ეკონომიკური ზრდა

„პანდემიამდე ქვეყანას ჰქონდა საკმაოდ კარგი ეკონომიკური დინამიკა სწრაფი ეკონომიკური ზრდით“, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა პანდემიამდე, ძირითადად, შიდა ფაქტორებით იყო განპირობებული.

„ჩვენ ვიზრდებოდით მაღალი ტემპით მაშინ, როცა სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში იყო საკმაოდ დაბალი ეკონომიკური ზრდა. 2019 წელს, ჩვენ ორჯერ მეტი ტემპით ვიზრდებოდით, ვიდრე ჩვენი სავაჭრო პარტნიორები. ზრდა შეინიშნებოდა არამარტო რაოდენობრივ, არამედ ხარისხობრივ მაჩვენებლებში“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

პანდემიამდე არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მოხდა სიღარიბისა და უმუშევრობის მნიშვნელოვანი კლება ისტორიულ მინიმუმამდე, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2004-2016 წლების საშუალო 12 პროცენტიდან შემცირდა 5.5 პროცენტამდე, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი – 2.1 პროცენტამდე.

როგორც მან აღნიშნა, დადებითი ტენდენცია შეიცვალა გლობალური პანდემიის გამო. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის იანვარში დაფიქსირდა 5.1%-იანი ეკონომიკური ზრდა, პანდემიიდან გამოწვეული კრიზისის შედეგად, რეალური ეკონომიკა 6.2 პროცენტით შემცირდა.
„გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვნად გაიზარდა საბიუჯეტო დეფიციტი 9,3 პროცენტამდე. ტურიზმის სექტორის პრაქტიკულად სრული დაკარგვის ფონზე, გაიზარდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. თუმცა, გაუმჯობესება განაგრძო ქვეყანაში უთანაბრობის მაჩვენებელმა. ე.წ. ჯინის კოეფიციენტმა და ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. ეს შემცირება განსაკუთრებით ნიშანდობლივია პანდემიის დროს და ვფიქრობ, ადასტურებს, რომ ჩვენ საკმაოდ წარმატებით შევძელით ყველაზე მოწყვლადი კატეგორიის დაცვა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, საერთაშორისო დახმარების სახით, ჯამში, საქართველომ 2,1 მილიარდი აშშ დოლარი მოიზიდა.

„მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ პანდემიას საკმაოდ მაღალი ბუფერებით შევხვდით, რამაც მნიშვნელოვნად გაგვიადვილა რეაგირება. ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ქვეყანას ჰქონდა მოპოვებული მაღალი ნდობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში და გვქონდა საკმაოდ მსხვილი რეფორმების პაკეტი. ეს ყველაფერი იყო მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები დონორებთან ჩვენი წარმატების. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებული მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა სრულად დაგვეფინანსებინა პანდემიის საპასუხო ღონისძიებები და შეგვენარჩუნებინა მაკროეკონომიკური სტაბილურობა“ – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.